Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ივანოვის “ჩამოქვეითება” და ძველი გვარდიისგან პუტინისეული წმენდა 


ვლადიმირ პუტინი, სერგეი ივანოვი
ვლადიმირ პუტინი, სერგეი ივანოვი

რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა სერგეი ივანოვი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან დაითხოვა. პუტინის უახლოესი მოკავშირის „დაქვეითება“, ბევრად უფრო უმნიშვნელო პოსტზე გადაყვანა შეკითხვებს აჩენს.

კრემლი აცხადებს, რომ ივანოვმა თვითონ ისურვა სხვა სამსახურში გადასვლა. კრემლის ადმინისტრაციამ მუშაობა უნდა გააგრძელოს მაღალპროფესიულ დონეზე, არ უნდა დაუშვას ცარიელი ბიუროკრატია და ეფექტიანად ითანამშრომლოს რუსეთის მთავრობასთან - ასეთი მიზანი დაუსახა რუსეთის პრეზიდენტმა კრემლის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს, ანტონ ედუარდის ძე ვაინოს.

რუსეთის საინფორმაციო საშუალებების თანახმად, ივანოვი საკუთარი სურვილით გადადგა. თავიდან გამოცხადდა, რომ მას დაატოვებინეს უშიშროების საბჭოც, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყოფილ იქნა. ვაინო პროფესიონალი დიპლომატია, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის კურსდამთავრებული. უმუშავია იაპონიაში, რუსეთის საელჩოში. შემდგომ - საგარეო საქმეთა სამინისტროში და უკვე 2012 წლიდან პრეზიდენტის გვერდითაა სხვადასხვა პოსტზე. პრეზიდენტის გვერდზე არის და მის მჭიდრო, ალბათ, უახლოეს მოკავშირედ და თანამოაზრედ ითვლება სერგეი ივანოვი, რომელიც გადადგა.

ლენინგრადელმა ივანოვმა საბჭოთა საიდუმლო სამსახურის, „კა-გე-ბეს“, უმაღლესი კურსები დაამთავრა, საგარეო დაზვერვაში მუშაობდა დიდხანს, იყო რუსეთის თავდაცვის მინისტრი, მთავრობის თავმჯდომარე და, ბოლოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახური დაუკავშირდა პეტერბურგელ პოლიტიკურ ანალიტიკოსს, ვლადიმირ გელმანს, რომელიც გაგვახსენებს, რომ ივანოვი პრეზიდენტის ადმინსტრაციის თანამდებობაზე მედვედევის დროსაც იყო. გელმანი ფიქრობს, რომ ივანოვი ვერ გახდა მნიშვნელოვანი ფიგურა, ვერ იაქტიურა:

„მან ვერ გამოიჩინა თავი, როგორც ქვეყნის მმართველობის აპარატის აღსანიშნავმა ხელმძღვანელმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციას რუსეთში ისეთივე ადგილი აქვს, როგორიც კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის აპარატს ეკავა საბჭოთა დროს. ივანოვი ამ თანამდებობაზე არ იყო მნიშვნელოვანი ფიგურა. პრეზიდენტის ადმინისტრაციას საშინაო პოლიტიკის მხრივ თავიდან განაგებდა ვლადისლავ სურკოვი, შემდეგ ეს ფუნქცია გადაეცა ვიაჩესლავ ვოლოდინს, ივანოვი კი მხოლოდ აღმასრულებელი დირექტორი, მენეჯერი იყო. მოკლედ, ის არ იყო მნიშვნელოვანი ფიგურა“.

გელმანი ამბობს, დადის ხმები, რომ ვოლოდინს პარლამენტში სურს მაღალი თანამდებობის დაკავება და ვაინო კი მის მიერ არის წინ წაწეული და, ალბათ, კადრების გადაადგილება ხდებაო. როცა პუტინი ვაინოს ხვდებოდა და მას მიმართა, იქვე იყო ივანოვიც, რომლის მუშაობით პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოხატა და რომელსაც უთხრა: მახსოვს ის პირობა, რომელიც წამოაყენეთ, როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამდებობაზე დაგნიშნეთ: არ გსურდათ ოთხ წელიწადზე მეტ ხანს ამ თანამდებობაზე ყოფნა, სხვა სფეროში დაკავება გსურდათო. ივანოვმა დაუდასტურა პუტინს და თქვა, ირკვევა, რეკორდსმენი ვარ - ამ პოსტზე, რომელიც 25 წელი არსებობს, ოთხი წელი და რვა თვე დავრჩენილვარო.

ამ შეხვედრის მთავარი ფიგურა, პუტინთან ერთად, იყო ვაინო, რომელიც ივანოვის მოადგილედ მუშაობდა. მან განაცხადა, რომ უწყების უმთავრეს ამოცანად მიიჩნევს სახელმწიფოს მეთაურის მუშაობის უზრუნველყოფას, კორუფციასთან ბრძოლას და ანალიტიკურ საქმიანობას.

მოსკოველმა ისტორიკოსმა და პუბლიცისტმა ვალერი სოლოვეიმ გვითხრა, უკვე აპრილში დადიოდა ხმები - სულ მცირე, მოსკოვის პოლიტიკურ წრეებში - ამ ცვლილების შესახებ, იდეა მზად იყო, უბრალოდ, პრეზიდენტმა გადადო მისი განხორციელებაო.

„ვაინო პრეზიდენტის ფავორიტია, მას პრეზიდენტი ენდობა. ვაინომ თავი გამოავლინა საუკეთესო მხრით, როგორც კვალიფიცირებულმა შემსრულებელმა და ხარისხიანმა მენეჯერმა“, ამბობს სოლოვეი და ივანოვსაც ახასიათებს: მეტი უნდოდა, მაღალი თანმდებობა სურდა და ბუნების დაცვის, ეკოლოგიისა და ტრანსპორტის სფეროში პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლად იმის გამო დაინიშნა, რომ მასთან ვერ მოხერხდა კომპრომისის მიღწევაო. სოლოვეი ფიქრობს, რომ ეს მისი მხრიდან გადგომას ნიშნავს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ პუტინი ძველ გვარდიას თავიდან იშორებსო. ვალერი სოლოვეიმ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის, ანტონ ვაინოს, დახასიათებისას თქვა ისიც, რომ ის ესტონეთის კომპარტიის ლიდერის შვილიშვილია, ანუ ძველი საბჭოთა ოჯახიდანააო.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG