Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივნისი - „მწვანე თვე“ და საყოველთაო დასუფთავების აქცია საქართველოში


პრესკონფერენცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში
პრესკონფერენცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ივნისი „მწვანე თვედ“ გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით არაერთი გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართება. გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, 5 ივნისს, ასევე ცნობილი გახდა, რომ ამ ღონისძიებებს 16 ივნისს ყველაზე მასშტაბური დასუფთავების აქცია დააგვირგვინებს. მასში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან ერთად მონაწილეობას სხვა სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციებიც მიიღებენ. გარემოს დაცვის მინისტრის ხათუნა გოგალაძის განცხადებით, აქციაში მონაწილეობის სურვილი 10 000-ზე მეტმა მოხალისემ გამოთქვა. პარალელურად კი, სოციალურ ქსელებში სამოქალაქო პეტიცია გავრცელდა, რომელზე ხელმომწერებიც გუდაური-კობის გზაზე საგზაო სამუშაოების დროს ხევის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილის - ტრავერტინების - დაზიანებას აპროტესტებენ და ხელისუფლებისგან რეაგირებას მოითხოვენ.

საქართველო მსოფლიოსთან ერთად 5 ივნისს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღიდან მოყოლებული, გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ „მწვანე თვედ“ გამოცხადებული ივნისის განმავლობაში ბუნების დასაცავად არაერთი ღონისძიება ჩატარდება, მათგან კი ყველაზე მასშტაბური მაინც 16 ივნისის დასუფთავების აქცია იქნება, რომელშიც მონაწილეობას სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო კომპანიები, საგანმანათლებლო ორგანიზაციებიც მიიღებენ. თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონის დასუფთავებაში 10 000-ზე მეტი მოხალისე ჩაერთვება. ნარჩენის ურნაში ჩაგდებას, როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, სულ 4 წამი დასჭირდება:
ხათუნა გოგალაძე
ხათუნა გოგალაძე

„ჩვენი მიზანია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს სხვადასხვა საშუალებით - ტელევიზიით თუ კამპანიების მეშვეობით - მუდმივად ესმოდეს გარემოს დაცვის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თემა, თუ რა შეუძლია თითოეულ მათგანს გააკეთოს გარემოს დაცვისთვის. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ყველაფერი - ტყე, მდინარე, წყალი, ჰაერი - ჩვენია და ყველამ ისე უნდა მივხედოთ ამ ყველაფერს, როგორც ჩვენს საკუთრებას“, - აცხადებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე.

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღედ 5 ივნისი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1972 წელს დააწესა. 2013 წელს ამ დღის დევიზი გახდა „დაფიქრდი, მიირთვი, დაიცავი“. გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამისა და გაეროს კვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საინფორმაციო კამპანიაც წელს საკვების არამიზნობრივი ხარჯვის წინააღმდეგაა მიმართული.

ამ მხრივ საინტერესოა რამდენიმე ფაქტი: მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე მცხოვრები 7 მილიარდი ადამიანის გამოსაკვებად საკმარისი რესურსი არსებობს, მოპოვებული და წარმოებული საკვების მესამედი უსარგებლოდ იკარგება.

ყოველწლიურად 1.3 მილიარდი ტონა საკვების ნარჩენი იყრება, წლის განმავლობაში ამავე რაოდენობის საკვები ესაჭიროება საჰარის აფრიკას.

ყოველ 3,6 წამში ერთი ადამიანი შიმშილით იღუპება.

მე-20 საუკუნის განმავლობაში შიმშილით გარდაცვლილთა რაოდენობა ათასჯერ აღემატება წინა საუკუნეებში იმავე მიზეზით გარდაცვლილთა რიცხვს.
ჩვენც მიზნად დავისახეთ, რომ ერთობლივად დავეხმაროთ თითოეულ ხეს ამ ქვეყანაში. და როდესაც ვამბობთ, რომ კულტურული ადამიანები ვართ, ეს უნდა აისახოს ჩვენს დამოკიდებულებაშიც გარემოს მიმართ...
გურამ ოდიშარია

საკვების წარმოებისათვის საჭიროა დედამიწაზე საცხოვრებლად ვარგისი ტერიტორიის 25%, სუფთა წყლის დაფარვის არეალის 70%, გაჩეხილი ტყეების 80% და სასათბურე აირების გაფრქვევის 30%. ეს ყველაფერი კი ბიომრავალფეროვნების შემცირებას და ხმელეთით სარგებლობის ცვლილებებს იწვევს.

გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად „მწვანე თვის“ განმავლობაში დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას კულტურის სამინისტროც მიიღებს. კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია ამბობს, რომ სახელმწიფომ თითოეული ხე უნდა დაიცვას:

„ამ რამდენიმე წლის წინ თურქეთში დააჯილდოვეს ერთი ხე, მარტო ხე, რომლის წინ ადრე მთელი ტყე იყო გაშენებული, მაგრამ მხოლოდ ეს ხე გადაურჩა გაჩეხას და მას დიდი მედალი მიართვეს, რომელსაც ეწერა: “ეს შენ, ერთადერთს, გადარჩენილს ყინვასა და გვალვას, ნაჯახს, ადამიანის უგუნურებას“. ჩვენც მიზნად დავისახეთ, რომ ერთობლივად დავეხმაროთ თითოეულ ხეს ამ ქვეყანაში. და როდესაც ვამბობთ, რომ კულტურული ადამიანები ვართ, ეს უნდა აისახოს ჩვენს დამოკიდებულებაშიც გარემოს მიმართ“.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი კი ამბობს, რომ 2013 წელი რეფორმების წლადაა გამოცხადებული, ამ წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს გარემოს დაცვის სამინისტროს რეფორმირება. გარემოსდაცვით საკითხებზე მოსმენები დაიწყება პარლამენტის შესაბამის კომიტეტშიც.

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს დაგეგმილი ღონისძიებების პარალელურად, კვლავაც გრძელდებოდა ხელმოწერები სამოქალაქო პეტიციაზე, რომელსაც ხელს არაერთი გარემოსდამცველი და ის ადამიანი აწერს, ვინც მაისის ბოლოს გუდაური-კობის გზაზე მდებარე ტრავერტინების დაზიანების ფაქტმა აღაშფოთა. პეტიციის ავტორები ამ ფაქტს ვანდალურ აქტად მიიჩნევენ და და აცხადებენ, რომ ამით „შეუქცევადი ზიანი მიადგა საქართველოს ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების გამორჩეულ ობიექტს“.
საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღოს კანონპროექტი „ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ“, რომლითაც ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭება ჯერ კიდევ 2010 წელს სპეციალური სამთავრობო კომისიის მიერ ბუნების ძეგლების ნუსხაში შეტანილ 100 ობიექტს...
პეტიცია

პეტიციაში ვკითხულობთ, რომ ბოლო წლებში ეს არ არის ხელთუქმნელი ბუნების ძეგლების დაზიანების პირველი შემთხვევა. სხვადასხვა პროექტის განხორციელების საბაბით, გამოუსწორებელი ზიანი უკვე მიადგა ან უახლოეს მომავალში ემუქრება, თრუსოს ხეობის მინერალურ ტბას და ტრავერტინებს, დარიალისა და ხდის ხეობებს, გოდერძის უღელტეხილის ნამარხ ტყეს... ყოველივე ამის საფუძველი საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სისუსტე გახდა, ასევე ის ფაქტი, რომ ქვეყნის უამრავ ბუნებრივ ძეგლსა და ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეულ ადგილს დღესდღეობით არ გააჩნია სამართლებრივად აღიარებული დაცვითი სტატუსი.

პეტიციის ხელმომწერები მოითხოვენ :
- საქართველოს მთავრობამ სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს გუდაური-კობის საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრავერტინების დაზიანების ფაქტი და გაატაროს შესაბამისი ზომები პასუხისმგებელი პირების მიმართ;

- საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღოს კანონპროექტი „ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ“, რომლითაც ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭება ჯერ კიდევ 2010 წელს სპეციალური სამთავრობო კომისიის მიერ ბუნების ძეგლების ნუსხაში შეტანილ 100 ობიექტს.


ამის საპასუხოდ გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე ამბობს, რომ სამინისტროში შეიქმნა ზედამხედველობის კომისია, რომელიც უახლოეს მომავალში განიხილავს არა მხოლოდ დაზიანებული ტრავერტინის, არამედ სხვა ადგილების ბუნების ძეგლად გამოცხადების საკითხსაც, რაც ამ ადგილებს ძეგლის სტატუსს მიანიჭებს და კანონით დაიცავს.

ტრავერტინების დაზიანებას დიდ შეცდომად მიიჩნევს გიორგი ცაგარეიშვილიც. მისი თქმით, შესაძლოა გარემოს დაცვის შესახებ კანონსა და სხვა ნორმატიულ აქტებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარე საპარლამენტო სესიების დასრულებამდეც შევიდეს. ცაგარეიშვილი საზოგადოებას მსგავსი მშენებლობების დროს შეცდომების დაშვების თავიდან აცილების მიზნით ზედამხედველობის გამკაცრებასაც ჰპირდება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG