Accessibility links

logo-print

დევნილ ქალთა პრობლემები და მათი გაშუქება


„ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ (IWPR) და „გაეროს ქალთა ორგანიზაციის“ (UN Women) პროექტის პრეზენტაცია

„ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ (IWPR) და „გაეროს ქალთა ორგანიზაციის“ (UN Women) პროექტის პრეზენტაცია

„ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა“ (IWPR) „გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან“ (UN Women) ერთად დაიწყო პროექტი, რომლის მიზანია დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში ქალთა პრობლემების უკეთ გაშუქების ხელშეწყობა და მათი უფლებების ადვოკატირება. ეს პროექტი გორში, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოფისში, ახალგაზრდა დევნილ ქალებს გააცნეს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები კი ჟურნალისტებს ესაუბრნენ იმ პრობლემების შესახებ, რომელთაც კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები დევნილი ქალები აწყდებიან. ჩატარებული კვლევები ნათელყოფს, რომ დევნილთა დასახლებებში სულ უფრო იზრდება ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობა, იძულებით გადაადგილებულმა ქალებმა კი საკუთარი უფლებების შესახებ ბევრი არაფერი იციან.

პროექტის მიხედვით, ასეთი პრობლემების გამოკვეთაში მონაწილეობა თვითონ დევნილმა ქალებმა უნდა მიიღონ. „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ მიერ შექმნილია მოქალაქე ჟურნალისტების ქსელი, რომელიც სამეგრელოსა და შიდა ქართლში რადიოპროექტს ახორციელებდა. ახლა დევნილი მოქალაქე ჟურნალისტები ქალთა პრობლემების გაშუქებით დაკავდებიან. მათთვის ჩატარდა ტრენინგი, რომლის მიზანიცაა, პროექტის სტანდარტებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად, ახალი მასალები დაიგეგმოს და მომზადდეს ვებგვერდისთვის - „ქალები ერთიანდებიან მშვიდობისათვის“. „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ რედაქტორის გიორგი კუპატაძის განცხადებით, ქალთა უფლებებისა და მათი პრობლემების მიმართ მოქალაქე ჟურნალისტების აქტიურობა და ადვოკატირება ამ პრობლემების გამოკვეთისა და გაშუქების მეტ შესაძლებლობებს იძლევა.

„კონფლიქტი, რა თქმა უნდა, ყველაზე ცუდად აისახება, მაგრამ ქალები ბევრად უფრო მტკივნეულად განიცდიან გარკვეულ საკითხებს. ძალიან რთულად აისახება მათზე მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც არსებობს კომპაქტურ დასახლებებში და მიგვაჩნია, რომ მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების მეტი აქტიურობაა საჭირო, რათა ხელი შეეწყოს ამ პრობლემების მოგვარებას და ადვოკატირებას ამ პროცესის“, – ამბობს გიორგი კუპატაძე.
ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ვთანამშრომლობთ დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან და გოგონებთან. მათი დახმარებით და მათი უშუალო მონაწილეობით ხდება გადაწყვეტილებების მიღება...


ინიციატივა „ქალები ერთიანდებიან მშვიდობისთვის – ხმა ცვლილებებისთვის“ მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ქალების სამშვიდობო უნარებისა და ნდობის აღდგენის შესაძლებლობათა გაძლიერებას, ქართველ, აფხაზ და ოს ქალთა შორის სახალხო დიპლომატიის ინიციატივების ხელშეწყობის გზით. პროექტის მიზანია ფორმირება სპეციალისტი და ჟურნალისტი ქალების ჯგუფისა, რომელიც მაღალი სტანდარტების, დაბალანსებულ და მიუკერძოებელ მასალებს მოამზადებს ქალთა უფლებების საკითხებზე. ასეთი მასალები უკვე თავსდება პროექტის ვებგვერდზე. „გაეროს ქალთა ორგანიზაციის“ კომუნიკაციების მენეჯერი გვანცა ასათიანი აცხადებს, რომ მიზანი დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა ინფორმირება და მათი გააქტიურებაა.

„გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მანდატი არის ქალების და გოგონების გაძლიერება. გაძლიერებაში იგულისხმება ის, რომ მათ უკეთ იცოდნენ თავიანთი უფლებების შესახებ და, ამასთან ერთად, ადვოკატირება გააკეთონ თავიანთი უფლებების და უფრო მეტ ქალს მიაწოდონ ეს ინფორმაცია. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ვთანამშრომლობთ დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან და გოგონებთან. მათი დახმარებით და მათი უშუალო მონაწილეობით ხდება გადაწყვეტილებების მიღება. მათ შორის, ეროვნული სამოქმედო გეგმა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღო სახელმწიფომ“, – აცხადებს გვანცა ასათიანი.
დღევანდელი დღის შემდეგ კიდევ უფრო მეტი სურვილი გამიჩნდა, რომ მონაწილეობა მივიღო პროექტში და მეც ჩემი წვლილი შევიტანო ქალთა უფლებების დაცვაში და, როგორც ჟურნალისტმა, მოვამზადო რეპორტაჟები ამ საკითხებთან დაკავშირებით...


ნათია ჭოველიძე 2 წლის განმავლობაში მონაწილეობდა „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ რადიოპროექტში, რომელსაც დევნილთა ამბები ერქვა. ამ პროექტის ფარგლებში მოქალაქე ჟურნალისტები კომპაქტური დასახლებებიდან „ახალ ამბებს“ ამზადებდნენ. ახლა ნათია და მისი მეგობრები ქალთა უფლებების შესახებ ვიდეორეპორტაჟებს და სტატიებს მოამზადებენ.

„დღევანდელი დღის შემდეგ კიდევ უფრო მეტი სურვილი გამიჩნდა, რომ მონაწილეობა მივიღო პროექტში და მეც ჩემი წვლილი შევიტანო ქალთა უფლებების დაცვაში და, როგორც ჟურნალისტმა, მოვამზადო რეპორტაჟები ამ საკითხებთან დაკავშირებით. ოჯახური ძალადობა იყო ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი თემა და მე ვაპირებ, რომ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით რეპორტაჟი მოვამზადო“, – ამბობს ნათია ჭოველიძე.

პროექტის ფარგლებში შექმნილ ვებგვერდზე აფხაზი, ოსი და ქართველი ჟურნალისტები უკვე ათავსებენ საკუთარ მასალებს. პროექტის ხელმძღვანელების მიზანია მეტი ქალი გაერთიანდეს სამშვიდობო და ქალთა უფლებების საკითხებზე სამუშაოდ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG