Accessibility links

logo-print
ოთხშაბათს ვაშინგტონში გაიმართა დისკუსია სამხრეთ კავკასიისა და ამ რეგიონში შეერთებული შტატების პოლიტიკის შესახებ. დისკუსია ძირითადად დაეთმო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს, თუმცა მოგვიანებით, კითხვა-პასუხის დროს, ყურადღების ცენტრში საქართველო აღმოჩნდა.

ჯეიმსტაუნის ფონდი - კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც 1984 წელს დაარსდა საბჭოთა დისიდენტების მხარდასაჭერად - თავის ამოცანად ასახელებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეთა ინფორმირებას მოვლენებზე და ტენდენციებზე, რომლებსაც „სტრატეგიული“ მნიშვნელობა აქვთ შეერთებული შტატებისათვის.

საპარლამენტო მმართველობის ნაადრევმა შემოღებამ, კოალიციური მმართველობის ნაადრევმა შემოღებამ დესტრუქციული გავლენა მოახდინა ქვეყნებზე, როგორიცაა უკრაინა და მოლდავეთი ...
ჩვენი მსმენელისათვის ამ ინსტიტუტის, ალბათ, ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია ანალიტიკოსი ვლადიმირ სოკორი. სწორედ ის იყო ჯეიმსტაუნის ფონდში 2 მაისს გამართული დისკუსიის მთავარი მონაწილე კიდევ ერთ პირთან ერთად, რომელსაც ასევე კარგად იცნობენ საქართველოში - ეს გახლავთ მეთიუ ბრაიზა, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე და აზერბაიჯანში შეერთებული შტატების ასევე ყოფილი ელჩი, რომელიც ამჟამად ხელმძღვანელობს თავდაცვის კვლევების საერთაშორისო ცენტრს.

თვით დისკუსიას რაც შეეხება, ზოგადად სამხრეთ კავკასიაზე საუბრისას, ბრაიზამ აქცენტი გააკეთა შიდა რეფორმების აუცილებლობაზე: „შიდა რეფორმა პრიორიტეტი უნდა იყოს - თუ არ არის, თუ არ მიმდინარეობს ისეთივე ტემპით, როგორც პროგრესი, რომელსაც ვაღწევთ ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროებში, ვერ გვექნება სტაბილური პარტნიორობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, რადგან ისინი არ იქნებიან შიდაპოლიტიკურად სტაბილური“.

როგორ შეუძლია ქვეყანას, იყოს სტაბილური და, უფრო ზოგადად, წარმატებული, ამის შესახებ საგულისხმო, თუმცა სადავო შეხედულება გამოთქვა ვლადიმირ სოკორმა. მან წარმატებული განვითარების გზაზე მდგომ ქვეყნებად დაასახელა საქართველო და აზერბაიჯანი, კიდევ ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან, ყაზახეთთან ერთად და განმარტა:

"ამის წანამძღვარია - არასაკმარისი, მაგრამ აუცილებელი წანამძღვარი - პრეზიდენტის ფართო უფლებამოსილება. საპარლამენტო მმართველობის ნაადრევმა შემოღებამ, კოალიციური მმართველობის ნაადრევმა შემოღებამ დესტრუქციული გავლენა მოახდინა ქვეყნებზე, როგორიცაა უკრაინა და მოლდავეთი. ამ ქვეყნებმა მმართველობის საპარლამენტო სისტემა, კოალიციური მთავრობები შემოიღეს მანამ, სანამ განავითარებდნენ საამისოდ აუცილებელ ინსტიტუციურ ბაზას. შედეგი გახდა სახელმწიფოს დეზორგანიზაცია. აუცილებელია, არსებობდეს გამართულად მოქმედი, სტაბილური სახელმწიფო, რათა გქონდეს დემოკრატია განვითარების შემდეგ ეტაპზე“, - განაცხადა სოკორმა.

ვლადიმირ სოკორი

ვლადიმირ სოკორი

სოკორს, მისივე თქმით, ზარავს იმის წარმოდგენაც კი, რომ საქართველოს კოალიციური მთავრობა ეყოლებაო. და აი, რატომ: „ნებისმიერი ადამიანი, ვინც იცნობს ქართულ საზოგადოებასა და პირადად იცნობს ქართველ პოლიტიკოსებს და თვალს ადევნებს მათს საქმიანობას, აცნობიერებს, რომ კოალიციური მთავრობა და ძალაუფლების დაბალანსების სისტემა თავისი ფუნქციების შესრულებაში ხელს შეუშლიდა ჯერ კიდევ კონსოლიდაციის პროცესში მყოფ სახელმწიფოს. საქართველო ჯერ არ არის საამისოდ საკმარისად მომწიფებული“.

ვლადიმირ სოკორის ამ შეხედულებას, როგორც ალბათ მოსალოდნელი იყო, კრიტიკული შეფასებაც მოჰყვა. ანალიტიკოსმა პოლ ჯოიალმა განაცხადა, რომ „შოკირებულია“ მოსაზრებით, თითქოს მეტი დემოკრატია სახიფათოა საქართველოსთვის. თუმცა, ჯოიალის უკმაყოფილება გამოიწვია, როგორც ჩანს, სოკორის გამოსვლის უწინარეს ყოვლისა იმ ნაწილმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხებოდა.

თვით ჯოიალმა დაწვრილებით და მეტად დადებითად ისაუბრა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერზე: „ეს არის კაცი, რომელმაც 10 წლის წინ გაიცნო პუტინი, გავიდა კრემლიდან და თავის ოჯახს უთხრა - რუსეთიდან მივდივართო. ის საქართველოში გადასახლდა. თუ ცნება „რუსეთის აგენტის“ განმარტებაა ის, რომ კაცი სამხედრო ბაზებს აშენებს, ჯარისკაცებისთვის უნიფორმებს ყიდულობს, საავადმყოფოებსა და სკოლებს აშენებს საქართველოში, რომ უზომოდ გულუხვად გასცემს თავის რესურსებს, მაშინ ვფიქრობ, რომ მეტი ასეთი აგენტი გვჭირდება საქართველოსათვის“, განაცხადა პოლ ჯოიალმა, რომელმაც იქვე მკაცრად გააკრიტიკა ივანიშვილის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის ივანიშვილის დატოვება საქართველოს მოქალაქეობის გარეშე - ზოგადად გააკრიტიკა ადამიანის უფლებების ხელყოფა და პრესის თავისუფლების შეზღუდვა საქართველოში.

საქართველოში საქმე გვაქვს მილიარდერის მცდელობასთან, მოახდინოს სახელმწიფოს მიტაცება. ეს არის სახელმწიფოს მიტაცების კლასიკური მცდელობა ...
ვლადიმირ სოკორმა კი ისაუბრა საქართველოსთვის, მისი აზრით, ივანიშვილთან დაკავშირებულ საფრთხეზე. სოკორი ფიქრობს, რომ ივანიშვილი ცდილობს „სახელმწიფოს მიტაცებას“ - ამ ცნებით ზოგადად იგულისმხება მცირერიცხოვანი კომპანიების, ან სამხედრო შენაერთების მიერ სახელმწიფოში კანონებისა და პოლიტიკური კურსის მანიპულირება საკუთარი, უმეტესწილად ფინანსური ინტერესების სასარგებლოდ.

„საქართველოში საქმე გვაქვს მილიარდერის მცდელობასთან, მოახდინოს სახელმწიფოს მიტაცება. ეს არის სახელმწიფოს მიტაცების კლასიკური მცდელობა. ბატონ ივანიშვილს არამართებულად მოიხსენიებენ ოლიგარქად. ოლიგარქია ჯგუფური ფენომენია, როცა საერთო ინტერესის გარშემო შექმნილი მცირერიცხოვანი ჯგუფები და მათი ლიდერები ერთმანეთში ინაწილებენ ძალაუფლებას და გამუდმებით მიმდინარეობს ამ განაწილებისა და გადანაწილების პროცესი. საქართველოში არ არის ოლიგარქია. საქმე ეხება ერთ ინდივიდს, რომლის ქონებაც „ფორბსს“ შეფასებული აქვს 6,5 მილიარდ დოლარად. ეს კი შეადგენს საქართველოს წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარს. ივანიშვილს შეუძლია, ფულით გაიკვალოს გზა ძალაუფლებისაკენ,” - განაცხადა სოკორმა ვაშინგტონში, ჯეიმსტაუნის ფონდში გამართულ დისკუსიაზე, რომლის მონაწილეებიც ხშირ შემთხვევაში ერთმანეთისაგან განსხვავებულ შეფასებებს გამოთქვამდნენ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე და წამყვანი ოპოზიციური გაერთიანების - კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერზე.

თუმცა, იყო სულ ცოტა ერთი საკითხი, რომელსაც დავა არ გამოუწვევია: თავიანთ გამოსვლებში, მეთიუ ბრაიზამაც და ვლადიმირ სოკორმაც აღნიშნეს, რომ საჭიროდ მიიჩნევენ, შეერთებულმა შტატებმა იარაღი მიაწოდოს საქართველოს - ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო თავდაცვის იარაღი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG