Accessibility links

logo-print

ჯანდაცვის პროგრამის შეფასება საქართველოში


იაშვილის სახელობის საავადმყოფო

იაშვილის სახელობის საავადმყოფო

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანდაცვის სისტემის განმტკიცების პროექტის (USAID/HSS) და მსოფლიო ბანკის ფინანსური და ტექნიკური დახმარებით, საქართველოში განხორციელდა ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისა და დანახარჯების კვლევის მესამე რაუნდი, რომლის შედეგებიც ამ დღეებში გახდა ცნობილი. კვლევის პროცესში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოკითხულ იქნა 3 500 შინამეურნეობა. მიღებული მონაცემების დამუშავება და ანალიზი განხორციელდა მსოფლიო ბანკის ექსპერტების მიერ.

კვლევის ძირითადი შედეგები, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს, ასეთია:

• საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ სათავე დაუდო მოსახლეობის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებით უნივერსალურ მოცვას: 2010 წელს - 29.5 %, 2012 წელს - 40 % და 2014 წლისთვის - 99.9 %-მდე.

• საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეთა ნახევარზე მეტი (51.4 %) მანამდე დაზღვეული არ ყოფილა.

• საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმამ უზრუნველყო ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება: 2010 წელთან შედარებით, 2014 წელს ავადმყოფობის გამო მოსახლეობა უფრო ხშირად აკითხავს ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელს და შემცირებულია თვითმკურნალობაზე გაწეული ხარჯები.

• საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ შეამცირა სერვისებზე ფინანსური ბარიერები, განსაკუთრებით ამბულატორიულ ვიზიტებზე და ჰოსპიტალურ სერვისებზე: 2010 წელი - 17 %, 2014 წელი - 10 %.

• ფინანსური ხელმისაწვდომობა ასევე გაიზარდა მედიკამენტებსა და ლაბორატორიულ გამოკვლევებზე.

• განახევრდა იმ პაციენტების წილი, რომლებიც ექიმთან ვიზიტის დროს მოელოდნენ კონსულტაციის ღირებულების გადახდას და შემცირდა 73.7 %-დან 35.6 %-მდე 2014 წელს, 2010 წელთან შედარებით.

• ქვეყანაში გატარებული რეფორმების შედეგად გაიზარდა სერვისებზე ფიზიკური ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით კი - სოფლად.

• სამედიცინო მომსახურებაზე უნივერსალურმა ხელმისაწვდომობამ მნიშვნელოვნად შეამცირა ჯიბიდან დანახარჯები და გაზარდა ფინანსური დაცულობა. თუმცა ჯიბიდან გადახდილი თანხები მაღალი რჩება ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში.

• მოსახლეობა კარგად არის ინფორმირებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ (მოსახლეობის 74 % ინფორმირებულია) და გაუმჯობესდა ჯანდაცვის სისტემის მიმართ მომხმარებელთა გამოცდილება.

საკმაოდ მაღალია ფინანსური რისკი დანიშნული მედიკამენტების დანიშვნისას.

შესაბამისად, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა, საერთო აღიარებით, ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა - მასზე, როგორც სოციალურ პროგრამაზე, ამ ანგარიშში ძირითადად დადებითი ტენდენციებია ხაზგასმული.

მეორე მხრივ, კვლავ აქტუალური რჩება კითხვა, თუ რამდენად შეძლებს არსებული ბიუჯეტი და ქვეყნის მყიფე ეკონომიკა ამ ტვირთის ზიდვას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG