Accessibility links

logo-print

2013-2014 წლებში შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებებმა ჯამურად 5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. 2015 წელს ამ მიმართულებით დაგეგმილია 2 მილიარდ 785 მილიონი ლარის გახარჯვა.

სამინისტროს ორი წლის ანგარიში მიმოიხილავს იმ რეფორმებს, რომელთაც მოხმარდა აღნიშნული თანხები და სამომავლო გეგმების შესახებაც იძლევა ინფორმაციას.

ანგარიშის მიხედვით, 2014 წელს სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ ადამიანთა რიცხვმა 2,8 მილიონს გადააჭარბა. პროგრამის ამოქმედებიდან მომსახურება გაეწია სულ 822,413 ადამიანს. გაწეული მომსახურების 60 პროცენტი გადაუდებელი ამბულატორიული ტიპის იყო, 20 - გადაუდებელი სტაციონარული, ხოლო 7 პროცენტი - მშობიარობის ხარჯების დაფარვა.

ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით: 2014 წელს აშენდა და აღიჭურვა 82 ახალი ამბულატორია და დაიწყო ასევე მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა სოფელ რუხში. დამატებით, ექსპლუატაციაში შევიდა სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დააავადებათა ეროვნული ცენტრის“ ახალი კორპუსი. თითქმის დასრულებულია გადაუდებელი სამედიცინო ცენტრის მშენებლობა სოფელ ტყვიავში. აშენდა ტრავმატოლოგიური პუნქტი დაბა გუდაურში. 2015 წელს იგეგმება დედოფლისწყაროს მრავალპროფილიანი საავადმყოფოს მშენებლობის დასრულება.

მაღალმთიან რეგიონებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამედიცინო ცენტრების გამოსყიდვის შესახებ, რის შედეგადაც, სადაზღვევო კომპანია “IC ჯგუფიდან“ სახელმწიფომ გამოისყიდა ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და მესტიის სამედიცინო ცენტრები. იგეგმება სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ და „ჯიპიაიას“ საკუთრებაში მყოფი სამედიცინო ცენტრები ყაზბეგში, თიანეთში, ბაკურიანში, წალკასა და თეთრიწყაროში. გამოსყიდული სამედიცინო ცენტრები მართვაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ შპს „ჯანდაცვის რეგიონალურ ცენტრს“.

სოციალური დაცვის მიმართულებით: გაზრდილი პენსიის ფონზე ყოველთვიური დანახარჯები საპენსიო მომსახურების დასაფარად შეადგენს საშუალოდ 105.5 მილიონ ლარს, ხოლო პენსიის მიმღებია 697, 240 პირი. 2013 წელთან შედარებით, 2015 წელს 33 პროცენტით იზრდება სოციალურ დახმარებებზე გაცემული თნხების რაოდენობა, რაც 631 მილიონ ლარს შეადგენს.

შრომისა და დასაქმების მიმართულებით: სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ამუშავდა ელექტრონული პორტალი www.worknet.gov.ge, რომელზეც ამ ეტაპზე რეგისტირებულია 31,027 სამუშაოს მაძიებელი. ამასთან, ჩატარდა დასაქმების ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა 141-მა მსხვილმა დამსაქმებელმა მიიღო. მათ სამომავლო დასაქმებისთვის მოიწონეს და შეარჩიეს 255 კანდიდატი. ანგარიშის მიხედვით, შედეგი არცთუ ისე დიდია, რადგან ამ ეტაპზე სტაჟირებას გადის მხოლოდ 6 ადამიანი.

მიმდინარე წლისთვის სამინისტრო გეგმავს შემდეგი ღონისძიებების გატარებას: სოციალურად დაუცველთა სარეიტინგო ქულების დათვლის სისტემის შეცვლას, პენსიების გაზრდას, C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის განხორციელებას, ხარაგაულისა და დედოფლისწყაროს სამედიცინო ცენტრების მშენებლობის დასრულებას, რესპუბლიკური საავადმყოფოს, ბავშვთა ინფექციური კლინიკისა და ონკოლოგიური ცენტრის კაპიტალურ რეკონსტრუქციასა და აღჭურვას.

XS
SM
MD
LG