Accessibility links

logo-print

ბიზნესზე ორიენტირებული ჯანდაცვა და გათავისუფლებული მედპერსონალი


ახალციხე

ახალციხე

ქალაქი ახალციხე პირველადი ჯანდაცვის გარეშე დარჩა, – ამბობს საავადმყოფოდან გათავისუფლებული მედპერსონალი. ექთნები, რომლებიც სამედიცინო ცენტრიდან რამდენიმე დღის წინ დაითხოვეს, ქალაქის სხვადასხვა უბანს ემსახურებოდნენ. მათი საქმიანობის სფეროს ბავშვთა იმუნიზაცია და პირველადი პრევენცია წარმოადგენდა. გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, რომ თითოეული მათგანი სამ ათეულ წელზე მეტია ამ საქმიანობას ეწეოდა და თითოეულ უბანზე ასობით ბავშვი ებარა.

ახალციხის სამედიცინო ცენტრის 11 უბნის ექიმი და 4 ექთანი უსამსახუროდ დარჩა. ახალციხის საავადმყოფოს მედპერსონალმა გათავისუფლების შესახებ ოფიციალური ბრძანება რამდენიმე დღის წინ მიიღო. უსამსახუროდ დარჩენილი თანამშრომლები სამართლიანობის აღდგენას, ხოლო დანარჩენები ხელფასების მომატებას ითხოვენ. ექიმები ამბობენ, რომ პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც საავადმყოფო ახალი მფლობელის, „ალდაგი ბისიაის“ შვილობილი კომპანიის, „ჩემი ოჯახის“, კლინიკის დაქვემდებარებაში გადავიდა. გათავისუფლებული მედპერსონალის მტკიცებით, სწორედ ამ პერიოდში გაუარესდა, პაციენტთა მომსახურების ტარიფების გაზრდის პარალელურად, პირობებიც. ექიმები ახალი მფლობელის ბიზნესის მკაცრ წესებს აპროტესტებენ.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ექიმები საუბრობენ, ზოგადი თერაპიისა და ბავშვთა განყოფილებასთან ინფექციური განყოფილების მიერთებაა, რაც, მათი აზრით, უსათუოდ დამატებით პრობლემებს გამოიწვევს. მედიკოსთა მტკიცებით, ახალციხე პირველადი ჯანდაცვის გარეშეა დარჩენილი.

მედიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ მფლობელმა მათ ყველანაირი პირობა შეუქმნა იმისათვის, რომ სამსახური ნებით დაეტოვებინათ. მედპერსონალს ამ დრომდე ხელი არ მოუწერია ახალ ხელშეკრულებაზე. ექიმები ამბობენ, რომ სამედიცინო ცენტრში შექმნილ პირობებში მუშაობა რთულია, თუმცა, პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ისინი მოვლენების განვითარებას დაელოდებიან. პედიატრებთან მისულ პატარებს უკვე რამდენიმე დღეა ადგილზე არავინ ხვდება. პაციენტები სამედიცინო ცენტრში შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ.

გათავისუფლებული ექიმები ამბობენ, რომ კადრების შემცირება საავადმყოფოში კიდევ იგეგმება. მათი ინფორმაციით, ხელფასები გაუნახევრდება დარჩენილ მედპერსონალსაც. დავით მაისურაძეს ამ ეტაპზე არა აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, მოხდება თუ არა უახლოეს მომავალში დარჩენილი თანამშრომლების შემცირება. მისი თქმით, ხელფასების ფორმირება 1 დეკემბრიდან სხვადასხვა კომპონენტით – საათობრივი, ფიქსირებული და გამომუშავებული ანაზღაურებით - მოხდება. ახალციხის სამედიცინო ცენტრი შპს „უნიმედი სამცხე“ 15 ოქტომბრიდან „ალდაგი ბისიაის“ შვილობილი კომპანიის, „ჩემი ოჯახის“, კლინიკის დაქვემდებარებაშია. რეორგანიზაცია საავადმყოფოში სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო. ,,უნიმედი სამცხის“ ახალციხის ცენტრის მენეჯერი დავით მაისურაძე მედპერსონალის გათავისუფლების მიზეზებზე საუბრობს.

ახალციხის სამედიცინო ცენტრის შპს ,,უნიმედი სამცხის“ მენეჯერი ამბობს, რომ მის ახალ მფლობელთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რაც მედპერსონალის ინტერესების გათვალისწინებაზე იქნება ორიენტირებული. დავით მაისურაძის აზრით, ახალი ანაზღაურების დადებითი და უარყოფითი მხარეები ერთი თვის შემდეგ გამოჩნდება. შესაბამისად, მედპერსონალს დასკვნების გაკეთებას სწორედ ამ პერიოდის შემდეგ ურჩევს. რაც შეეხება მედიკამენტებს, მისი მტკიცებით, ის საავადმყოფოში პერიოდულად შემოდის და ამ მხრივ პრობლემები არ შეიქმნება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG