Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაუარესდა თუ გაუმჯობესდა ჯანდაცვა საპატიმროებში?


სასჯელაღსრულების სამინისტრო, ერთ კონკრეტულ მაგალითზე დაყრდნობით, აპროტესტებს ცრუ ინფორმაციის გავრცელების ტენდენციას პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამჯერად საუბარია პატიმარ ლევან კახნიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო გავრცელებულ ინფორმაციაზე, რაც მედიამ სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვის კუთხით გაუარესებული მდგომარეობის კონტექსტში გააშუქა. რა მდგომარეობაა სამედიცინო მომსახურების მხრივ საპატიმროებში?

ინფორმაცია ლევან კახნიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტრომ თავად მისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე გამოაქვეყნა. როგორც 6 იანვარს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ, ხსენებულ პატიმარს ტუბერკულოზზე წარსულში ჩაუტარდა სრულყოფილი მკურნალობა და ამჟამად მას ეს მძიმე დაავადება აღარ აღენიშნება. შესაბამისად, დღის წესრიგში აღარ იდგა ტუბერკულოზის მკურნალობის საჭიროება და, მით უმეტეს, ქირურგიული
პენიტენციარული სისტემისა და ღუდუშაურის ცენტრის ექიმებმა პატიმარს დროული და ადეკვატური დახმარება აღმოუჩინეს და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია...
არჩილ თალაკვაძე
მეთოდით, როგორც ამას, სამინისტროს ინფორმაციით, თავად პატიმარი ითხოვდა. თუმცა, არჩილ თალაკვაძის თქმით, პატიმარ კახნიაშვილს ოპერაციული ჩარევა მაინც დასჭირდა, მაგრამ სულ სხვა - ხელოვნურად გამოწვეული - მიზეზით:

”ღუდუშაურის სახელობის ცენტრში სამედიცინო პერსონალის მიერ პაციენტს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა მუსიკალური ფაილების გამშვების - ე.წ. ”mp3 player”-ის - გადაყლაპვის გამო. გაჩვენებთ რენტგენის ფირს, მისივე თანხმობით... აქ ხედავთ, რომ იკვეთება სურათზე ”mp3 player”-ის გამოსახულება. პენიტენციარული სისტემისა და ღუდუშაურის ცენტრის ექიმებმა პატიმარს დროული და ადეკვატური დახმარება აღმოუჩინეს და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია”.

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პატიმარ კახნიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად არ შეესაბამება ინფორმაციას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაავრცელა მედიამ. ამ ინფორმაციის თანახმად, პატიმარს ტუბერკულოზის უმძიმესი ფორმა აღენიშნებოდა, მას არ უტარდებოდა შესაბამისი მკურნალობა და სასჯელაღსრულების სისტემა საქმის კურსში არ აყენებდა პატიმრის ოჯახის წევრებს. სასჯელაღსრულების სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ ბოლო თვეებში უკვე ტენდენციის სახე მიიღო ცრუ ინფორმაციის გავრცელებამ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, რაც, უწყების პოზიციით, ჯანდაცვის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

როდესაც, მაგალითად, დეკემბერში უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე მედიას პატიმარ ლევან კახნიაშვილის ჯანმრთელობის პრობლემებზე აწვდიდა ინფორმაციას, იქვე ის სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვის კუთხით მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებაზე აკეთებდა აქცენტს. თამაზ ბაკურიძის თქმით, გაიზარდა იმ პატიმართა რიცხვი, რომლებიც შველას ითხოვენ, მაგრამ ყურადღებას მათ არავინ აქცევს.

მდგომარეობის შეფასებისგან ჩვენთან საუბრისას თავს იკავებს თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე, რომელსაც ბოლო ხანებში თავად არაფერი სმენია მსგავსი ფაქტების თაობაზე, ზოგადი ფონის გათვალისწინებით კი, ის ამბობს, რომ ჯანდაცვის დონე ციხეში იმაზე უკეთესი ვერ იქნება, ვიდრე ზოგადად ქვეყანაშია, ხოლო ქვეყანაში ჯანდაცვის კუთხით არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა.

არასაკმარის თუ დაგვიანებულ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრები სახალხო დამცველის სახელზეც იწერება, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა 6 იანვარს უჩა ნანუაშვილმა, ეს მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებს ეხება, რადგანაც ვითარება, ზოგადად, საგრძნობლად არის გაუმჯობესებული:

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი
”ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა არის მაქსიმალურად გაუმჯობესებული. ხდება განხილვა ძალიან ბევრი საქმის, ძალიან ბევრ მსჯავრდებულს უტარდება სამედიცინო დახმარება, მათ შორის, სამოქალაქო სექტორში, ანუ გაჰყავთ სისტემის გარეთ... ამაზე მეტყველებს სტატისტიკა - რამდენ ადამიანს გაეწია სამედიცინო დახმარება ერთი წლის განმავლობაში”.

უჩა ნანუაშვილის თქმით, უფრო კონკრეტული და დეტალური ინფორმაცია ასახული იქნება მის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს მარტში წარედგინება. მანამდე კი, რადიო თავისუფლებას გარკვეული მაჩვენებლები სასჯელაღსრულების სამინისტროდან მიაწოდეს. ასე, მაგალითად: თუკი 2009-2011 წლებში, ანუ 22-24 000 პატიმრის პირობებში, სამოქალაქო საავადმყოფოებში პატიმართა გადაყვანის მაქსიმუმს წელიწადში 1280 შემთხვევა შეადგენდა, 2013 წელს, როცა საპატიმროებში 9 ათასამდე ადამიანი დარჩა, სამოქალაქო საავადმყოფოებში მსჯავრდებულთა გადაყვანის 5650 შემთხვევა აღირიცხა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG