Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის რეფორმები, „გლობალური ალიანსის“ ჩართულობით


ბერნარ კუშნერისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა
ბერნარ კუშნერისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა

"ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში - საქართველო და მსოფლიო“ - ამ სახელწოდებით თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც, საქართველოს მთავრობისა და სამედიცინო წრეების წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის, „გლობალური ალიანსის“, ხელმძღვანელი პირები, მათ შორის - „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი, რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში მხარეთა დაზავებისა და კონფლიქტის მოგვარების პროცესში დიპლომატის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში იყო ჩართული. საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი „გლობალური ალიანსი“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი ორგანიზაციაა და მას ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში ეხმარება.

ჩვენს ქვეყანაში წარმატებით ხორციელდება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა და დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე არის უზრუნველყოფილი სამედიცინო მომსახურებით...
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარების ძირითადი სტრატეგია და მასთან დაკავშირებული საკითხები საერთაშორისო კონფერენციის მუშაობის მთავარი თემა იყო. როგორც კონფერენციის გახსნისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებად რჩება და ეს სათანადოდ აისახება ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტშიც:

“ჩვენს ქვეყანაში წარმატებით ხორციელდება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა და დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე არის უზრუნველყოფილი სამედიცინო მომსახურებით. მე ვფიქრობ, ეს არის ამბიციური პროექტი. ეს მოითხოვს, რა თქმა უნდა, დიდ ხარჯებს, ჩვენ ეს კარგად გვესმის. თვითონ ის ფაქტი, რომ როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, სამი წლის წინ, სამინისტროს ბიუჯეტი იყო მილიარდ 600 მილიონი, ხოლო გაისად იქნება 3 მილიარდ 200 მილიონი, მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ, ჩვენს მთავრობას აქვს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი გამოკვეთილი - ეს არის ჯანდაცვა, ეს არის სოციალური საკითხები, ეს არის ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება“.

ისაუბრა რა, ამავდროულად, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მასშტაბებსა და მნიშვნელობაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ასევე მომავალი წლის ისეთ ამბიციურ გეგმებს, როგორიცაა მოსახლეობის ამბულატორიული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და რამდენიმე რეგიონში მრავალპროფილიანი კლინიკების მშენებლობის დაწყება. სახელმწიფო მზადაა გაიღოს ხარჯები თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისათვის, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. თავის მხრივ, ჯანდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად მიმართული მთავარი თეზისები გზავნილების სახით ჩამოაყალიბა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ:

დავით სერგეენკო
დავით სერგეენკო

“პირველი ის, რომ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჯანმრთელობის დაცვა არ არის პრივილეგია გამორჩეული რომელიმე ჯგუფის, არამედ არის ნებისმიერი ადამიანის უფლება. მეორე ის, რომ ჯანდაცვაში მიმართული თანხა ეს არ არის, უბრალოდ, დახარჯული თანხა, არამედ ეს არის პირდაპირი ინვესტიცია ქვეყნის ეკონომიკაში. მესამე ის, რომ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებმა გამოკვეთილად აღიარეს, რომ სულ უფრო ნაკლები რჩება ჯანდაცვაში ისეთი საკითხები, რომელიც შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ ერთი სახელმწიფოს დონეზე“.

დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სისტემის მოდერნიზების პროცესში მთავარი აქცენტი კეთდება პირველად ჯანდაცვაზე, სუსტ რგოლად კი რჩება ამბულატორიული მომსახურება, კერძოდ, ქრონიკული დაავადებებით დაავადებული პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი. მთლიანობაში კი, მინისტრმა თქვა, რომ „გლობალურ ალიანსთან“ თანამშრომლობის ფარგლებში გაჩენილი ახალი შესაძლებლობები მოიცავს ჯანდაცვის პრაქტიკულად ყველა იმ სფეროს, რომლებშიც რეფორმებია გასატარებელი.

„გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბერნარ კუშნერმა კი კონფერენციაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება ძვირად ღირებული პროცესია, რომ რეფორმების შედეგები კატასტროფული იქნება, თუ ისინი მხოლოდ ექსპერტების დახმარებით ხორციელდება. მისი განმარტებით, აუცილებელია პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას ყველა მოქალაქისთვის, და სწორი კომუნიკაცია საზოგადოებასთან რეფორმების პროცესში.

საქართველომ უკვე განახორციელა სისტემის რეფორმირება. არსებობს ბალანსი კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის, რაც მაინცდამაინც მოსახერხებელი არ არის, მაგრამ ძნელია შეიცვალოს...
ბერნარ კუშნერი

ბერნარ კუშნერმა საქართველოში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში გამართული ერთ-ერთი შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან დადებითად შეაფასა საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროგრამები და რეფორმები და მათ წარმატებული უწოდა:

“საქართველომ უკვე განახორციელა სისტემის რეფორმირება. არსებობს ბალანსი კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის, რაც მაინცდამაინც მოსახერხებელი არ არის, მაგრამ ძნელია შეიცვალოს. იგივე მდგომარეობაა უკრაინაშიც, მაგრამ სასტარტო პირობები ჩვენთვის განსხვავებულია: თქვენ უკვე მოახდინეთ სისტემის რეფორმირება“.

„გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი სამჯერ იყო საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი. იგი არის ერთ-ერთი დამფუძნებელი ორგანიზაციისა „ ექიმები უსაზღვრებოდ“, რომელსაც მსოფლიოში შეიარაღებული კონფლიქტებითა და ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებულთა სამედიცინო დახმარებისთვის გაწეული სამუშაოების გამო 1999 წელს ნობელის პრემია გადაეცა. საქართველოში ბერნერ კუშნერი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რანგში, 2008 წელს ომის დღეებში იმყოფებოდა. მისი ამჟამინდელი განსხვავებული სტატუსის მიუხედავად, ყოფილ მინისტრს, როგორც საქართველოს მეგობარს, თბილისში ვიზიტის განმავლობაში 2008 წლის აგვისტოს ომის შესაჩერებლად საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად კონფლიქტის მხარეებთან წარმოებულ მოლაპარაკებათა დეტალების გახსენებაც არაერთხელ მოუხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG