Accessibility links

ჯარიაშენის მოსახლეობა ხელისუფლების ყურადღებას ითხოვს


რუსეთის მესაზღვრეების სამხედრო ქალაქი არცევში

რუსეთის მესაზღვრეების სამხედრო ქალაქი არცევში

სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობა სოფელში ხელისუფლების წარმომადგენლების ჩასვლას და პრობლემების ადგილზე შესწავლას ითხოვს. ჯარიაშნელები დაკარგული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ კომპენსაციას და სოფელში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვენ. ჯარიაშენი ოკუპირებულ ზემო არცევს ესაზღვრება, სადაც რუსეთის მესაზღვრეებს სამხედრო ქალაქი აქვთ აშენებული, ჯარიაშნელების სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში კი მათ მავთულხლართები გააბეს და ადგილობრივ მოსახლეობას მიწის დამუშავების უფლებას არ აძლევენ. რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფლის ორი მცხოვრები და სასოფლო ტექნიკაც წაიყვანეს, მოგვიანებით კი იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ ნაკვეთში აღარ გამოჩნდებოდნენ. სოფლის მცხოვრები თამარ კაპანაძე აცხადებს, რომ ჯარიაშენს ყურადღების მიქცევა სასწრაფოდ სჭირდება.

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრეციისთვის“ წარმომადგენლები ჩავიდნენ. ორგანიზაციის დამფუძნებელმა, რეგიონის ყოფილმა გუბერნატორმა ანდრო ბარნოვმა ხელისუფლებას ჯარიაშენიდან მოუწოდა, რომ სოფელში ჩავიდნენ და დაზარალებულ მოსახლეობას ყურადღება მიაქციონ. ბარნოვი ცენტრალურ მთავრობას საოკუპაციო გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების გადასაჭრელად დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას ურჩევს, რომ სასწრაფოდ დაიკანონონ საკუთრებაში არსებული მიწა, ამ საკითხში კი გლეხებს სახელმწიფო უსასყიდლოდ დაეხმარება. ზაქარეიშვილის თქმით, სოფელში მაშინ ჩავა, როცა ამის საჭიროებას დაინახავს.

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ვითარება დაძაბულია და სახელმწიფომ დამატებითი უსაფრთხოების ზომები უნდა მიიღოს. სახელმწიფო მინისტრის თქმით, სოფელში ახალი საგუშაგოების შექმნის საკითხი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა. დღეს ჯარიაშენში გორი-ატენის ეპარქიის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და სხვა სასულიერო პირები ჩავიდნენ, რომლებმაც სოფელში მშვიდობის პარაკლისი გადაიხადეს.

XS
SM
MD
LG