Accessibility links

logo-print
ოქტომბრის პირველ დეკადაში ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 2015 წლისათვის საქართველოს ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალებში გაწევრიანება უწინასწარმეტყველა. ეს მოხდა 10 ოქტომბერს. თუმცა იმ დღეს საქართველოს ზოგიერთი ტელეკომპანიის ყურადღების ცენტრში მოექცა არა რასმუსენის ეს ოპტიმისტური ვარაუდი, არამედ თბილისთან ახლოს, ვაზიანის დასახლებაში მდებარე მე-4 ქვეითი ბრიგადა, სადაც, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჯარისკაცების მასობრივი ინტოქსიკაცია მოხდა.
დღეს დილით რამდენიმე ჯარისკაცს მხოლოდ მსუბუქი ფორმის დიარეა დაუდგინდა, რომელიც შეიძლება ცალკეული ჰიგიენური ნორმების დარღვევით ან ენტეროვირუსით იყოს გამოწვეული...

მედიას, ცხადია, პრიორიტეტების შერჩევის გამო ვერ უსაყვედურებ. ჯარი, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს უმიზნებს, მწყობრიდან არ უნდა გამოიყვანოს უხარისხო საკვებმა თუ ჰიგიენური პირობების უქონლობამ. თუმცა აჟიოტაჟი მალევე ჩაცხრა. იმავე დღეს, 10 ოქტომბერს, სამხედრო მოსამსახურეების მასობრივი მოწამვლა უარყო „ქართული კვების კომპანიამ“, რომელიც, ძირითადად, სწორედ შეიარაღებული ძალების საკვები პროდუქციით მომარაგებასა და კვებაზეა პასუხისმგებელი.

„დღეს დილით რამდენიმე ჯარისკაცს მხოლოდ მსუბუქი ფორმის დიარეა დაუდგინდა, რომელიც შეიძლება ცალკეული ჰიგიენური ნორმების დარღვევით ან ენტეროვირუსით იყოს გამოწვეული“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში შპს „ქართული კვების კომპანიის“ დირექტორის მოადგილე ირაკლი ფირცხალაიშვილმა.

მაგრამ ბატონ ფირცხალაიშვილს თავდაცვის სამინისტრომ, როგორც ჩანს, ბოლომდე არ დაუჯერა და ირაკლი ალასანიამ, რომლისთვისაც არმიაში ფაღარათის გავრცელების მორიგი შემთხვევა „მუნდირის ღირსების“ საკითხად იქცა, სამხედრო პოლიციას მოკვლევის ჩატარება დაავალა.

„7 სამხედრო მოსამსახურე შეუძლოდ გახდა, მათ მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნათ. შესაბამისად, სამხედრო პოლიციისა და შპს "ქართული კვების კომპანიის" წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ. დაწყებულია მოკვლევა. ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, ყველაფერი დაზუსტდება და საზოგადოებისთვის ძალიან მალე გახდება ცნობილი, თუ რამ გამოიწვია ეს მსუბუქი ინტოქსიკაცია", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

არმიაში ფაღარათის გავრცელების თაობაზე ბოლო პრესკონფერენციაზე დასმული შეკითხვა მოულოდნელი არ აღმოჩნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისათვის, რომელიც ამ ბოლო ხანებში გულდასმით სწავლობს და სამსაათიან შეხვედრებზე „მიწასთან ასწორებს“, მისი აზრით, ხელისუფლების საქმიანობის „მიკერძოებულ კრიტიკაში“ შემჩნეულ ექსპერტებსა თუ ჟურნალისტებს. მაგრამ მოულოდნელი იყო პრემიერ-მინისტრის პასუხი, რის გამოც ირაკლი ალასანია, ძალაუნებურად, კვლავ „განტევების ვაცის“ როლში აღმოჩნდა.
ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი


„მე ვიხსენებ უფრო ადრეულ შემთხვევებს, როდესაც ალასანიამ დამირეკა და განმიმარტა, რომ 7-8 კაცი და რაღაც და ამას ახერხებს, რომ ასეთი არაფერი არ იყოს. ახლა - ორი კვირის წინ - მოხდა კიდევ. მე მივაქციე ყურადღება, რომ ეს იყო მედიაში. მაგრამ ალასანიას აღარ დაურეკავს და აღარ მოუხსენებია და ჩავთვალე, რომ იქ სერიოზული არაფერი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, მე დავინტერესდები“, - ასე უპასუხა 17 ოქტომბერს ბეჭდური მედიისა და რადიოსადგურების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე გაზეთ „პრაიმ-ტაიმის“ რედაქტორის თაკო ფხაკაძის შეკითხვას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.

მაგრამ შემდეგ, როცა პრემიერის პრესცენტრის წარმომადგენელმა სცადა ამ ფაქტის გადამოწმება და განაცხადა, ჯარში ფაღარათის შემთხვევების გამოძიებას გრიფი „საიდუმლო“ ადევსო, ვითარება საკმაოდ გართულდა.

„ვინ დაადო მაგას გრიფი „საიდუმლო“? რატომაა ეს საიდუმლო, თუკი ჯარისკაცი მოიწამლა? რა სახელმწიფო საიდუმლო ესაა, რომ გრიფი „საიდუმლო“ დაადეს ამას?! ეს კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს. თუ ეს ასეა, მე ძალიან დავინტერესდები ამით. თუ ამას გრიფი „საიდუმლო“ დაადეს, რომ ჯარისკაცი მოიწამლა და ეს საიდუმლოა, კარგად ყოფილა მაშინ ჩვენი საქმე“, - გაბრაზება ვერ დამალა ბიძინა ივანიშვილმა.

ჯარისკაცების ინტოქსიკაციისათვის „საიდუმლო“ გრიფის დადება, ეს, მართლაც, ნონსენსია და პრემიერ-მინისტრის გულისწყრომაც სავსებით გასაგებია. თუმცა, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან საჯარო შეხვედრას მართავს, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებულ ყველა მგრძნობიარე თემაზე. ჯარში დიარეის გავრცელება კი სწორედაც რომ არ არის მეორეხარისხოვანი თემა. ფაღარათი გამოიყვანს სამხედრო ნაწილს მწყობრიდან თუ ვირუსული გრიპი, ამას, დიდი ანგარიშით, მნიშვნელობა არა აქვს. თანაც, ალბათ, უნდა დასრულდეს ალასანიას „გერის როლში“ გამოყვანა.

მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ ყველა სხვა მინისტრს ანალოგიურ შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ჩემი ვარაუდით, ალბათ დაიცავდა და იმ კარგზეც გაამახვილებდა ყურადღებას, რასაც ალასანიამ თავდაცვის მინისტრობის განმავლობაში მიაღწია - იქნება ეს სამხედრო მოსამსახურეებისათვის შრომის ანაზღაურების მომატება, ყაზარმების რეკონსტრუქცია თუ პოლიტიკური ნიშნით დათხოვნილი ოფიცრების სამხედრო სამსახურში აღდგენა და არმიის დეპოლიტიზება.

ირაკლი ალასანიას მოღვაწეობაზე კი 17 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრს კარგი არაფერი დასცდენია. ამიტომ მეორე დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრს თავადვე მოუწია საკუთარი „მუნდირის ღირსების“ დაცვა:
ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანია


"ჩემთვის აბსოლუტურად უცხო არ არის, რომ არსებობს კატეგორია ხალხის, რომლებსაც არ ვუყვარვართ, არ მოვწონვართ. კრიტიკა ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია, ჯანსაღია და ეს დემოკრატიის ნაწილია. მაგრამ ჩემთვის მიუღებელია და დანაშაულად მიმაჩნია, როდესაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. რაც შეეხება თვითონ ფაქტების ანალიზს და შესწავლას, სამხედრო პოლიცია ამაზე მოკვლევას აწარმოებს, ძალიან მალე ამ ყველაფერს გადავუგზავნით პროკურატურას და უკვე გამოძიება გაგცემთ პასუხს”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მინისტრი ფაღარათის ისტორიაში ჯერ წერტილის დასმას ნაადრევად მიიჩნევს. ამიტომ ამ თემას კვლავ წამოსწევს მედია და „მოწონება“ და „სიყვარული“ აქ არაფერ შუაშია. საქმე ძალიან მარტივადაა. ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ძალიან იოლია ყველაზე უმნიშვნელო ინფორმაციის განზოგადება და პოლიტიკის რანგში აყვანა, ხოლო საქართველოსათვის უჩვეულო პოლიტიკური კოჰაბიტაცია, წინასაარჩევნო დაძაბულობა, ზოგიერთი ექსპერტისა თუ მედიასაშუალების წინასწარმეტყველებისადმი მიდრეკილება და სამთავრობო სტრუქტურების მოუქნელობა ნოყიერ ნიადაგს ქმნის „ბუზის სპილოდ ქცევისათვის“.

ერთი და იმავე მოვლენის სხვადასხვაგვარად, ზოგჯერ რადიკალურად განსხვავებული თვალით დანახვა კი, როგორც პიარის სპეციალისტები ამტკიცებენ, იმდენად არა აღქმაზე, არამედ ადამიანის გემოვნებასა და ბუნებაზეა დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG