Accessibility links

logo-print
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პერიოდულად თავს იჩენს ხარისხიან კვებასთან დაკავშირებული პრობლემები. 12 ნოემბერს სამედიცინო პუნქტს დიარეის სიმპტომებით მიმართა ოსიაურის საწვრთნელ ბანაკში მყოფმა 61-მა ჯარისკაცმა. დაახლოებით ერთი თვის წინ მსგავსი პრობლემები შეექმნათ მე-4 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებსაც. მაშინ თავდაცვის მინისტრმა მომხდარის გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის პირობა დადო. გამოითქვა ეჭვი საბოტაჟისა და დივერსიის თაობაზე. რა მოხდა ოსიაურის საწვრთნელ ბანაკში და რა უშლის ხელს ჯარისკაცების უსაფრთხო კვებას?

ოსიაურის საწვრთნელ ბანაკში მომხდარ ფაქტზე მოკვლევას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია აწარმოებს. გარდა ამისა, ჯარისკაცების მასობრივი მოწამვლით დაინტერესდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც, რომლის თქმითაც, შეცდომა დაშვებული იქნა საკვების დამზადების პროცესში:

დავით სერგეენკო

დავით სერგეენკო

"ზოგადად საკვებით მოწამვლა არ არის მხოლოდ პროდუქტის ხარისხის გამო. ეს არის მთელი მწკრივი და აუცილებელია, რომ ჰიგიენის პირობა, ანუ ხელის გადაბანა, იყოს დაცული თავად მომხმარებლის მხრიდან".

თუმცა ხელების დაბანა ვეღარ უშველის მზარეულს, რომელსაც ბრალდება 61 ჯარისკაცის მსუბუქი მოწამვლა. სამხედრო ნაწილის კვებაზე პასუხისმგებელი "ქართული კვების კომპანიის" მიერ 13 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

"სამხედრო პოლიციამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა. საქმეზე დაწყებულია მოკვლევა. დადასტურებულია, რომ ეს იყო მსუბუქი დიარეა. ინტოქსიკაციას ან მოწამვლის რაიმე მძიმე ფორმას ადგილი არ ჰქონია. არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს არ დასჭირვებია არანაირი ფორმის სამედიცინო დახმარება. ადგილზე შემოწმების შემდეგ სამხედროები დაუბრუნდნენ საწვრთნელ პოლიგონს. გამოძიების პირველადი მონაცემებით, იკვეთება მზარეულის დაუდევრობა საკვების მომზადებისას. მზარეული, რომლის დაუდევრობაც იკვეთება, "ქართული კვების კომპანიიდან" უკვე დათხოვნილია".

თუმცა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი უფრო საფუძვლიანი კვლევის ჩატარებას მოითხოვს:

„კომპანიის საქმიანობასა და, ზოგადად, კვებასთან დაკავშირებით მთლიანად სისტემა უნდა შემოწმდეს, რომ სამომავლოდ გამოირიცხოს მსგავსი ინციდენტი. და, რა თქმა უნდა, ამ შემოწმების შედეგად გამოჩნდება, აქვს თუ არა რეალური საფუძველი საუბარს ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ მიმართულ
მიზანმიმართულ ბრძოლასა და საბოტაჟზე“.

რა თქმა უნდა, ბოლომდე არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა, მეორე მხრივ, როდესაც დღევანდელი ხელისუფლება ასეთ ეჭვებს გამოთქვამს, მაშინ კეთილი უნდა ინებოს და გამოიძიოს ეს ფაქტები ბოლომდე და თუ ნახავს, რომ ვინმე ამას სპეციალურად აკეთებს, მაშინ უნდა დაისაჯოს დამნაშავე!..

საბოტაჟთან დაკავშირებით ეჭვი ასევე გამოთქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ, თუმცა, პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, სათანადო არგუმენტების გარეშე საბოტაჟზე ლაპარაკი უპასუხისმგებლობად მიაჩნია სამხედრო-პოლიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარ რედაქტორს ირაკლი ალადაშვილს:

„რა თქმა უნდა, ბოლომდე არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა, მეორე მხრივ, როდესაც დღევანდელი ხელისუფლება ასეთ ეჭვებს გამოთქვამს, მაშინ კეთილი უნდა ინებოს და გამოიძიოს ეს ფაქტები ბოლომდე და თუ ნახავს, რომ ვინმე ამას სპეციალურად აკეთებს, მაშინ უნდა დაისაჯოს დამნაშავე! მარტო ლაპარაკი არაფერს არ ნიშნავს. მაინც მიმაჩნია, რომ საქმე ასე სერიოზულად არ არის და, უბრალოდ, დაუდევრობასთან გვაქვს საქმე“.

ირაკლი ალადაშვილის თქმით, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, რადგანაც ჯარში მსგავსი პრობლემები სულ იყო, მაგრამ არ ხმაურდებოდა.

„თუმცა ამას არანაირი გამართლება არ აქვს, იმიტომ რომ შეიარაღებულ ძალებში უნდა გამოირიცხოს ასეთი ფაქტები. ნათქვამია, ერთ მზარეულს შეუძლია ორი მოტომსროლელი ბატალიონი შეცვალოს, თუკი იმ მზარეულმა ცუდი საკვები მოამზადა და მასობრივად გამოიყვანა სამხედროები წყობიდან. თავდაცვის სამინისტრომ ჩაატარა გარკვეული სამუშაოები, რომლის დროსაც შეიცვალა ინვენტარი, გადამზადდნენ მზარეულები“, - უთხრა ირაკლი ალადაშვილმა რადიო თავისუფლებას.

სხვაგვარად ფიქრობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომლის თქმითაც, საჭირო იყო სისტემური ცვლილების გატარება. მისი აზრით, შემთხვევით არ ხდება, რომ პრობლემები ექმნება ჯარის იმ ნაწილს, რომლის კვებასაც სახელმწიფო კომპანია - ამ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ქართული კვების კომპანია“ - უზრუნველყოფს. დიმიტრი შაშკინის თქმით, მკვეთრად განსხვავებული ვითარებაა სპეცდანიშნულების ძალებში, სადაც კერძო კომპანია მუშაობს:
დიმიტრი შაშკინი

დიმიტრი შაშკინი


„ძალიან მარტივია ამ პრობლემის მოგვარება: უნდა შემოვიდეს გარედან კომპანია, ისევე როგორც სპეციალური დანიშნულების ჯარებში. პრობლემა, რომელიც ახლა დგას, გამოწვეულია სახელმწიფო კომპანიით, რადგანაც მასში მუშაობენ „ჩინოვნიკები“, იქ არის მაღალი რისკის კორუფცია, რადგანაც თავდაცვის სამინისტროში ყველა შესყიდვა არის საიდუმლო. ღია ტენდერებით ვერ ყიდულობ ამ პროდუქციას, იმიტომ რომ კანონით ეს ყველაფერი არის გასაიდუმლოებული. შესაბამისად, ძალიან მაღალია კორუფციისა და უხარისხო პროდუქტების შეძენის რისკი. ასეთ სისტემაში უვარგისია კონტროლის მექანიზმიც, რომელიც თავისი არსით საბჭოთაა. მითხარით ერთი შემთხვევა მაინც, როცა სახელმწიფოს ამგვარი ჩარევა იყო სწორი“, - უთხრა დიმიტრი შაშკინმა რადიო თავისუფლებას.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, ვითარებას ვერ შეცვლის ცალკეული მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლება ან დასჯა. მით უმეტს, არაფერი შეიცვლება, თუკი ჯოხი რიგით მზარეულზე გადატყდა.
XS
SM
MD
LG