Accessibility links

ეტაპობრივად შემცირდება სავალდებულო გაწვევის ვადები და საქართველოს შეიარაღებული ძალები მთლიანად საკონტრაქტო სამსახურზე გადავა - თავდაცვის მინისტრის მიერ გახმაურებულ ამ ინიციატივას დისკუსიის საგნად მიიჩნევენ სამხედრო სფეროს ანალიტიკოსები. ისინი თვლიან, რომ საქართველოს მდგომარეობაში მყოფმა ქვეყანამ ოპტიმალური გადაწყვეტილება რისკებისა და მიზნების შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

ვადებში გაწერილი ზუსტი ხედვა საზოგადოებას იანვრის ბოლოს წარედგინება, თუმცა, როგორც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 8 იანვარს უთხრა ჟურნალისტებს, უკვე ცნობილია, თუ საით მიდის ეს პროცესი:

”2016 წლისთვის გვაქვს სურვილი და ვგეგმავთ ისე, რომ მთლიანად გადავიდეს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურზე საქართველოს შეიარაღებული ძალები. აქედან გამომდინარე, ეტაპობრივად ჩვენ შევამცირებთ ვადებსაც და რაოდენობასაც სავალდებულო გაწვევის. პირველ ეტაპზე იგეგმება, რომ 12 თვემდე შემცირდეს სავალდებულო სამსახური”.

სავალდებულო სამხედრო სამსახური 12 თვემდე ამჟამად კანონმდებლობით განსაზღვრული 15 თვიდან შემცირდება, ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება ერთი წლის წინ შეცვლილი კანონი ”სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ”. აქვე ვთქვათ, რომ პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით, 2012 წლისთვის სამხედრო მოსამსახურეთა შტატი 37 ათასი ერთეულით იყო განსაზღვრული და ჯერჯერობით ეს მაჩვენებელი უცვლელია. ამჟამად საქართველოში მოქმედებს შერეული სისტემა, რომელიც გულისხმობს სამხედრო სამსახურს როგორც საკონტრაქტო პრინციპით, ასევე სავალდებულო გაწვევის პრინციპით.
ოპერატიული თვალსაზრისით, ომის სცენარების გათვალისწინებით, სრულმასშტაბიანი კონფლიქტის შემთხვევაში, საქართველოს აუცილებლად დასჭირდება შეიარაღებული ძალების რაოდენობრივი ზრდა ...

უნდა გადავიდეს თუ არა საქართველო მხოლოდ საკონტრაქტო პრინციპზე და ხომ არ უნდა შეინარჩუნოს სახელმწიფომ პარალელურად სავალდებულო სამხედრო გაწვევის პრაქტიკაც? - ეს შეკითხვები უკვე კარგა ხანია კამათის საგანს წარმოადგენს საქართველოში. სამხედრო ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ 2009 წლისთვის მთლიანად საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლას წინა ხელისუფლებაც გეგმავდა, თუმცა მას ეს არ გამოუვიდა და ერთ-ერთ მიზეზს ისიც წარმოადგენდა, რომ სამხედრო საქმის პროფესიონალები, მაგალითად, ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას მართვის სტილის მიუღებლობის გამო, სამსახურს თავს ანებებდნენ. გიორგი ცხვიტავა არ გამორიცხავს, რომ საკონტრაქტო პირობებზე გადასვლა მართლაც ერთადერთი სწორი გამოსავალი იყოს საქართველოსთვის, მაგრამ სწორი ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ რეალობის ზუსტი შეფასებისა და საგარეო საფრთხეების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

გადაწყვეტილების მიღებამდე საფრთხეების გაანალიზების აუცილებლობას სხვა ანალიტიკოსებიც უსვამენ ხაზს და ამ კუთხით ისინი განსაკუთრებით გამოყოფენ საქართველოს ოკუპაციის საკითხს. მათი ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მთლიანად საკონტრაქტო პირობებზე გადასვლამ შესაძლოა შეამციროს არმიის რიცხოვნება და, შესაბამისად, - ქმედითუნარიანობაც. ასე ფიქრობს, მაგალითად, სამხედრო-ანალიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი თავდგირიძეც:

”ოპერატიული თვალსაზრისით, ომის სცენარების გათვალისწინებით, სრულმასშტაბიანი კონფლიქტის შემთხვევაში, საქართველოს აუცილებლად დასჭირდება შეიარაღებული ძალების რაოდენობრივი ზრდა, რაც უნდა მოხდეს მნიშვნელოვან სარეზერვო კომპონენტზე დაყრდნობით. იმისთვის, რომ გვყავდეს მაღალხარისხიანი სარეზერვო კომპონენტი, აუცილებელია ძირითადი, საბაზისო სამხედო მომზადება ახალგაზრდებმა გაიარონ ვადიან სამხედრო სამსახურში. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ დაკომპლექტების კომბინირებული წესი იქნება ყველაზე ოპტიმალური”.
მე, მაგალითად, მთლიანად არ გავაუქმებდი სავალდებულო სამსახურს, რადგანაც არსებობს გარკვეული მიმართულებები, იგივე ლოგისტიკა ან სხვა არასაბრძოლო დავალებები ...

გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ თავდაცვის მინისტრის მიერ გახმაურებულ ინიციატივასთან დაკავშირებით აუცილებლად გაიმართება დისკუსია და ამის იმედს მას სამინისტროს მიერ სამოქალაქო საზოგადოებასთან ბოლო დროს დამყარებული საგანგებოდ მჭიდრო კონტაქტები აძლევს. სამინისტროსთან კომუნიკაციის გაადვილებასა და დისკუსიის შესაძლებლობაზე ლაპარაკობს სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ ”არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილიც. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების პრინციპთან მიმართებით ანალიტიკოსი შერეულ მოდელს უჭერს მხარს:

”მე, მაგალითად, მთლიანად არ გავაუქმებდი სავალდებულო სამსახურს, რადგანაც არსებობს გარკვეული მიმართულებები, იგივე ლოგისტიკა ან სხვა არასაბრძოლო დავალებები, რაც ჯობს სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცმა შეასრულოს, რომელიც, ვთქვათ, გაწვეული იქნება 8 თვით, 1 წლით ან შეიძლება 6 თვითაც”.

ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სამხედრო სამსახური სავალდებულოა. კანონმდებლობის თანახმად, ”18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე და არა აქვს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლება, ექვემდებარება სამხედრო ვალდებულების მოხდას”. თუკი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ამბობს, რომ სამხედრო სამსახური სამომავლოდ მხოლოდ ნებაყოფლობით სახეს უნდა ატარებდეს, ამ მიზნის განხორციელებას, სავარაუდოდ, საკონსტიტუციო ცვლილებაც დასჭირდება. საქმე ის არის, რომ, საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლის შესაბამისად, ”ქვეყნის დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის ვალია”.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG