Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაშუშობა გრიფით „საიდუმლო“


„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული, შემდეგ კი გათავისუფლებული ადამიანების საქმეეებს ჯერ კიდევ გრიფი „საიდუმლო“ ადევს. ამ ადამიანებიდან ზოგს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი აქვს, ზოგი კი საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა და 2013 წელს მოეხსნა ნასამართლობა. ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ყველა ამ საქმეზე „საიდუმლო“ გრიფის მოხსნასა და ხელახალ გამოძიებას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულ პოლიტპატიმართა საქმეებზე „საიდუმლო“ გრიფის მოხსნას ითხოვს.

12 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურიდიული სამსახურის უფროსმა თამარ ავალიანმა რამდენიმე შემთხვევაზე, მათ შორის ვახტანგ მაიასაიას, სიმონ კილაძისა და 2011 წლის ე.წ. „ფოტოგრაფების საქმეზე“ ისაუბრა. თითოეული მათგანი სხვადასხვა დროს იყო ბრალდებული საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობაში. როგორც თამარ ავალიანი ამბობს, არ შეიძლება ადამიანი პოლიტპატიმარი იყოს და, იმავდროულად, არსებობდეს გრიფით „საიდუმლო“ საქმე, რომლის მიხედვითაც მას ჯაშუშობაში ედება ბრალი:

„თუ ადამიანი პოლიტიკური ნიშნითაა დაპატიმრებული და მას დაწესებულებიდან ათავისუფლებ, ე.ი. მის საქმესთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები და კითხვის ნიშნები არსებობს. ეს კი საზოგადოებისათვის, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომი უნდა იყოს. გრიფი უნდა აიხსნას, საქმეები უნდა გასაჯაროვდეს და, მესამე, უკანონო განაჩენები უნდა გადაიხედოს“.

ჯაშუშობაში მხილებულ ადამიანთა საქმეებში წერია დასავლეთის სპეცსამსახურები. ჩემს საქმეში დაფიქსირებულია ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, ბრიტანეთის „ინთელიჯენს სერვისი“, ასევე ჩეხეთისა და საფრანგეთის სპეცსამსახურები...
ვახტანგ მაისაია

ვახტანგ მაისაიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება პოლიტპატიმრის სტატუსით 2013 წლის 13 სექტემბერს დატოვა, თუმცა მის საქმეს ჯერ კიდევ ადევს გრიფი „საიდუმლო“. მან 2013 წლის 21 ოქტომბერს გრიფის მოხსნის მოთხოვნით პროკურატურასაც მიმართა, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. მაშინ პროკურატურამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ უწყება ორასი ათასამდე საქმეს იძიებდა და შეუძლებელი იყო იმის განსაზღვრა, თუ როდის განიხილებოდა მაისაიას საქმე.

ვახტანგ მაისაიამ ბრიფინგზე თავისი დაპატიმრების დეტალები გაიხსენა:

„ჯაშუშობაში მხილებულ ადამიანთა საქმეებში წერია დასავლეთის სპეცსამსახურები. ჩემს საქმეში დაფიქსირებულია ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, ბრიტანეთის „ინთელიჯენს სერვისი“, ასევე ჩეხეთისა და საფრანგეთის სპეცსამსახურები. ამას მოწმობს დოკუმენტი, რომელსაც გრიფი „საიდუმლო“ ადევს და სისხლის სამართლის საქმეში დევს. ეს არის მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც გამასამართლეს და არარსებული დანაშაულის გამო 20 წელი მომისაჯეს“.

როგორც თამარ ავალიანი ამბობს, ვახტანგ მაისაიას საქმეზე გრიფი არა მარტო საქმეს, არამედ განაჩენსაც ადევს, რაც, მისი თქმით, კანონდარღვევაა:

მე ვაკეთებდი პრესის ანალიზს და ვაძლევდი აშშ-ის საელჩოს ოფიციალური იურიდიული დოკუმენტის საფუძველზე. ჩემი საქმე წაკითხული არ მაქვს, არც მომცეს წასაკითხად. შემდეგ, რომ გავთავისუფლდი, იყო ზეწოლა, იძულებული გამხადეს, მეღიარებინა...
სიმონ კილაძე

„განაჩენი არის საჯარო. შესაბამისად, არ შეიძლება მას გრიფი დაედოს. გრიფი შეიძლება დაედოს განაჩენში სახელმწიფო დანაშაულის შემცველ კონკრეტულ საკითხებს, რომლებიც გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მთლიან განაჩენს“.

განსხვავებული მდგომარეობაა სიმონ კილაძის საქმეზე, რომელიც 2006 წლის 28 მარტს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა და, როგორც მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამბობდა, კილაძე ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს პრეზიდენტის შესახებ საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა. როგორც სიმონ კილაძე ამბობს, მას საკუთარი სისხლის სამართლის საქმის წაკითხვის საშუალებაც კი არ ჰქონია:

„მე ვაკეთებდი პრესის ანალიზს და ვაძლევდი აშშ-ის საელჩოს ოფიციალური იურიდიული დოკუმენტის საფუძველზე. ჩემი საქმე წაკითხული არ მაქვს, არც მომცეს წასაკითხად. შემდეგ, რომ გავთავისუფლდი, იყო ზეწოლა, იძულებული გამხადეს, მეღიარებინა. მივმართე საქალაქო სასამართლოს, რომ ჩემი საქმე წამეკითხა, თუ რა იყო შიგ ჩადებული. მითხრეს, უფლება არ გვაქვსო“.

კილაძე 2007 წელს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ხუთწლიანი პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს. დღეს მასაც, როგორც „ფოტოგრაფების საქმეზე“ 2011 წელს დაკავებულ სამ ადამიანს, ნასამართლობა მოხსნილი აქვს, თუმცა საქმეს ჯერ კიდევ გრიფი ადევს.

თამარ ავალიანი ამბობს, რომ თუ ქვეყნის შიგნით სამართლებრივი მექანიზმები ამოიწურება, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს:

„ფუნდამენტური უფლებაა დარღვეული: ადამიანებმა არ იციან, რის გამო არიან გასამართლებულები - ვგულისხმობ იმას, რომ დეტალურად არ აქვთ საქმის მასალა, მტკიცებულებები შესწავლილი“.

ვახტანგ მაისაიას საქმეზე „საიდუმლო“ გრიფის მოხსნის მოთხოვნით „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 2014 წლის 14 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. რადიო თავისუფლება ამ თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, მაგრამ კომენტარი ვერ მიიღო.

XS
SM
MD
LG