Accessibility links

logo-print

რუსეთიდან აძევებენ ჯაშუშურ საქმიანობაში ეჭვმიტანილ ამერიკელს


რაიან ქრისტოფერ ფოგლის პირადობის მოწმობა

რაიან ქრისტოფერ ფოგლის პირადობის მოწმობა

რუსეთმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტობაში ეჭვმიტანილ პირს, რაიან ქრისტოფერ ფოგლს, ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

სამშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ პირი, ცნობილი რაიან ქრისტოფერ ფოგლის სახელით, „რაც შეიძლება მალე“ უნდა დაბრუნდეს შეერთებულ შტატებში.

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა უფრო ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფოგლი ცოტა ხნით დააკავეს იმის გამო, რომ ის რუსეთის დაზვერვის სამსახურის თანამშრომლის გადაბირებას შეეცადა. ამ თანამშრომლის სპეციალიზაციის სფეროა ჩრდილოკავკასია, საიდანაც წარმოშობით იყვნენ ბოსტონის ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი პირები.
შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მოსკოვში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი ცოტა ხნით დაკავებული იყო და შემდეგ გამოუშვეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს განცხადებას გავეცანით და ამ მომენტში მეტ კომენტარს არ ვაკეთებთ...

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა კადრები, რომელზეც, როგორც ითქვა, ფოგლი იყო აღბეჭდილი. ამასთან, აჩვენეს ნივთები, რომლებიც მის კუთვნილად გამოცხადდა - ორი პარიკის, კომპასის, მოსკოვის რუკის, სამი შავი სათვალისა და კონვერტებში განაწილებული 500 ევროიანი ბანკნოტების ჩათვლით.

ამავე ცნობით, რაიან ქრისტოფერ ფოგლი გაფორმებული იყო შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლად, პოლიტიკურ საკითხთა განყოფილების მესამე მდივნად.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამშაბათს მხოლოდ ის დაადასტურა, რომ ფოგლი მართლაც მუშაობდა საელჩოში, თუმცა მისი პოსტის შესახებ დეტალები არ დაუკონკრეტებია.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ ვენტრელმა ჟურნალისტებს ვაშინგტონში შემდეგი უთხრა:

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მოსკოვში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი ცოტა ხნით დაკავებული იყო და შემდეგ გამოუშვეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს განცხადებას გავეცანით და ამ მომენტში მეტ კომენტარს არ ვაკეთებთ“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქმესთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩი მაიკლ მაკფოლი დაიბარა. ფოგლის ჯაშუშობაში ბრალდებასთან დაკავშირებით მაკფოლი კომენტარს არ აკეთებს.
დღევანდელ დღეს ოპერაციები სულ სხვა ფორმით ტარდება. აგენტს აქვს ძლიერი ოფიციალური საფარველი, არის მზადების ხანგრძლივი პერიოდი, ჩართულია ბევრი სახის ტექნიკა და არა ის პრიმიტიული ნივთები, რომლებიც ამ საქმეში გამოიყენეს. რაც ვნახეთ, ის 1970-იანი წლების ცუდად დადგმულ კომედიას მოგვაგონებდა...

საქმის დეტალები ბუნდოვანია და, შესაბამისად, ანალიტიკოსების ნაწილი თავს იკავებს შეფასებისგან. თუმცა რადიო თავისუფლება დაუკავშირდა რუსეთის მთავარი სამხედრო სადაზვერვო სამმართველოს ყოფილ ვეტერან თანამშრომელს, ამჟამად ლონდონში მცხოვრებ ბორის ვოლოდარსკის, რომელიც საქმეს დიდი სკეფსისით უყურებს. მას განსაკუთრებით საქმის გამოცხადებული გარემოებები აეჭვებს - ეჭვმიტანილი ქერა პარიკში, მოსკოვის რუკით, კომპასით და დიდი ოდენობით ნაღდი ფულით:

„არც ერთი ექსპერტი არ დაიჯერებს რომ ეს მართლა მოხდა. დღევანდელ დღეს ოპერაციები სულ სხვა ფორმით ტარდება. აგენტს აქვს ძლიერი ოფიციალური საფარველი, არის მზადების ხანგრძლივი პერიოდი, ჩართულია ბევრი სახის ტექნიკა და არა ის პრიმიტიული ნივთები, რომლებიც ამ საქმეში გამოიყენეს. რაც ვნახეთ, ის 1970-იანი წლების ცუდად დადგმულ კომედიას მოგვაგონებდა“.

ცივი ომის დასრულების მიუხედავად, რუსეთი და აშშ ერთმანეთის წინააღმდეგ კვლავ აქტიურ ჯაშუშურ ოპერაციებს ახორციელებენ. თითქმის მთელი ათწლეულის განმავლობაში ფოგლი პირველი ამერიკელი დიპლომატია, რომელსაც ოფიციალურად დასდეს ბრალი ჯაშუშობაში. შარშან, სხვადასხვა საქმის ფარგლებში, აშშ-მა დასდო ბრალი რამდენიმე პირს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. მათ ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯათ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG