Accessibility links

logo-print

ჯებ ბუშის საგარეო პოლიტიკა


ჯებ ბუში, ფლორიდის ყოფილი გუბერნატორი

ჯებ ბუში, ფლორიდის ყოფილი გუბერნატორი

ფლორიდის ყოფილმა გუბერნატორმა და პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატმა ჯებ ბუშმა პრეზიდენტ ობამას საგარეო პოლიტიკაჩიკაგოში სიტყვით გამოსვლისას მკაცრად გააკრიტიკა. ბუშმა ასევე თქვა, რომ მას ხშირად შეადარებენ ყოფილ პრეზიდენტებს - მის მამას და ძმას, მაგრამ საგარეო პოლიტიკაზე მას თავისი შეხედულებები აქვს.

ოფიციალურად ჯებ ბუში საპრეზიდენტო კანდიდატი არ არის, მაგრამ ის საუბრობს ისე, როგორც კანდიდატი ისაუბრებდა. ჩიკაგოს საგარეო პოლიტიკის საბჭოში სიტყვით გამოსვლისას მან პრეზიდენტ ობამას საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა.

„ეს ადმინისტრაცია არათანმიმდევრული და მერყევია. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი მეგობრების ნდობა და ჩვენ მტრებს ჩვენი აღარ ეშინიათ,“ თქვა ბუშმა.

ეს ადმინისტრაცია არათანმიმდევრული და მერყევია. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი მეგობრების ნდობა და ჩვენ მტრებს ჩვენი აღარ ეშინიათ.

მისი თქმით ობამას მმართველობის ქვეშ ამერიკა მსოფლიო პოლიტიკაში ნაკლებგავლენიან ქვეყანად იქცა, იმის მიუხედავად, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ობამა მეტ საერთაშორისო ჩართულობაზე საუბრობდა. ბუში განსაკუთრებით აკრიტიკებს ობამას პოზიციას კუბის, უკრაინის და ირანის საკითხებზე.

ბუში ამბობს, რომ საგარეო პოლიტიკის მისი ხედვა ქვეყნის შიგნით ეკონომიკის გაძლიერებას, საზღვარგარეთ პარტნიორებთან კავშირების გამყარებას და საგარეო საფრთხეებთან გასამკლავებლად ამერიკის სამხედრო გაძლიერებას ეფუძნება.

„მე მჯერა რომ სისუსტეს ომი მოსდევს. სიძლიერე უზრუნველყოფს მშვიდობას“

სიტყვით გამოსვლისას ბუშმა ასევე თქვა, რომ ბევრს ექნება ცდუნება ის მის ცნობილ მამას და ძმას - ყოფილ პრეზიდენტებს - ჯორჯს ბუშს და ჯორჯ ბუშ უმცროსს შეადარონ.

„მე მიყვარს ჩემი ძმა. მიყვარს მამაჩემი. რა თქმა უნდა მიყვარს დედა. მე ვაფასებ მათ მიერ ქვეყნისადმი გაწეულ სამსახურს და მათ მიერ მიღებულ რთულ გადაწყვეტილებებს, მაგრამ მე ვარ მე და მაქვს ჩემი საკუთარი შეხედულებები, რომელიც გამოცდილებით და აზროვნებით მივიღე,“ თქვა ბუშმა მის ცნობილ ოჯახზე საუბრისას.

ჯებ ბუშის ძმამ, ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უმცროსმა თეთრი სახლი 2009 წელსსაზოგადოებისუკმაყოფილების ფონზე დატოვა, განსაკუთრებით ერაყში წარმოებული ომის გამო. კვინიპეკის უნივერისიტეტის ბოლო კვლევებით ამომომრჩევლების მესამედი ისეთ მთავარ შტატებში როგორიცაა აიოვა, კოლორადო და ვირჯინია ჯებ ბუშს მხარს მისი ოჯახის გამო არ უჭერს.

კვინიპეკის უნივერსიტეტის მკვლევარი პიტერ ბრაუნი ამბობს, რომ ბუშს გვარი რესპუბლიკელებს შორის მხარდაჭერის მოპოვებაში ეხმარება.

„არსებობს მოლოდინი, რომ მის კამპანიას რესპუბლიკელების მხარდამჭერები დააფინანსებენ. იყო პრეზიდენტების შვილი და ძმა ნიშნავს პოლიტიკურ მემკვიდრეობას და კავშირებს, რომლებმაც წარსულში კარგად იმუშავა.“

ჯებ ბუშს არჩევნებში მონაწილეობაზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, ის გადაწყვეტილებას უახლოეს თვეებში მიიღებს.

დემოკრატების ფლანგზე კი ყურადღება ყოფილი სახელმწიფო მდივნისკენ - ჰილარი კლინტონისკენაა მიმართული, რომელიც გადაწყვეტილების გასაჯაროებას არ ჩქარობს.

XS
SM
MD
LG