Accessibility links

ერთი წელი ჯემალ აჯიაშვილის გარეშე


თამარ მახარაშვილი, ღონისძიების ორგანიზატორი

თამარ მახარაშვილი, ღონისძიების ორგანიზატორი

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მთარგმნელის, მეცნიერისა და პოეტის ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნის საღამოს უმასპინძლა. შესანიშნავი სონეტების ავტორი, კლასიკური ებრაული პოეზიისა და ბიბლიური ფსალუმენების ბრწყინვალედ მთარგმნელი ერთი წლის წინ - 69 წლის ასაკში - გარდაიცვალა. საღამოზე ჯემალ აჯიაშვილის მეგობრებმა და კოლეგებმა შემოქმედის განვლილი გზა და მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა გაიხსენეს. წარმოდგენილი იქნა ასევე პოეტისა და მთარგმნელის ხმის აუდიოჩანაწერები, რომლებიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ „ოქროს ფონდში“ ინახება.

“კვლავ აღიძვრების ჩემი გულისთქმა,
კვლავ სამიჯნუროდ შეიმსჭვალების,
მზის დარბაზებში სიყვარული დადის მეფურად,
სები, მასმინე იდუმალი სუნთქვა ჭალების...“
- ჯემალ აჯიაშვილმა მოშე იბნ-ეზრასა და შუა საუკუნეების ესპანეთში მოღვაწე სხვა ებრაელი პოეტების შემოქმედება გასული საუკუნის 70-იან წლებში თარგმა, თუმცა იმის გამო, რომ საბჭოთა ქვეყანაში ყოველივე, რაც კავშირში იყო ბიბლიასა და ებრაულ კულტურასთან, სასტიკად იდევნებოდა, 1979 წელს გამოცემულ წიგნს, ცენზურის გასაცურებლად, ყდაზე ეწერა: „ანდალუსიური საგალობლები“. მოშე იბნ ეზრას „სეპიასადმი“, რომელსაც მთარგმნელი კითხულობს, სწორედ ამ წიგნიდან არის აღებული:

„ხრმალი წარმიხდა, გაცვდა ბექთარი,
მაგრამ კვლავ მომდევს შენი ნათება,
თაფლად მეღვრება ბაგის ნექტარი,
სიტკბო პირისა მეშარბათება,
ისევ გიგალობ, ჩემი სასო ხარ,
სისხლის ტბორი ხარ, ცრემლის - მორევი,
მაინც შენ გიმღერ, ყოვლად ქებულო,
შენს საკურთხევლებს ვეამბორები...“


ჯემალ აჯიაშვილის პირველი ტექსტები ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში გამოქვეყნდა „პირველ სხივში“, შემდეგ კი მისი თარგმანები ვახტანგ ჭელიძის „ხომლში“ იბეჭდებოდა. ცნობილი მთარგმნელის, პროფესორ დალი ფანჯიკიძის თქმით, ჯემალ აჯიაშვილი, როგორც მთარგმნელი და ავტორი, საოცარი ოსტატობით იყენებდა ქართული ენის შესაძლებლობებს:

„ის, რასაც ჯემალ აჯიაშვილი აკეთებდა, იყო საოცრება! აშკარაა, რომ იკვებებოდა შოთა რუსთაველის შემოქმედების წიაღიდან და ის სიტყვათქმნადობა, რაც „ვეფხისტყაოსნისთვის“ არის დამახასიათებელი, მისთვისაც იყო საშენი მასალა იმ ციკლისათვის, რომელსაც ეწოდება ძველებრაული პოეზია. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ვერბალიზება, რაც უხვად არის ვეფხისტყაოსანში, და ჯემალიც ქმნიდა სულ ახალ და ახალ ფორმებს. კი არ იმეორებდა რუსთაველის ვერბალიზებულ ხატებს, არამედ ქმნიდა ახალს“.

დალი ფანჯიკიძის მსგავსად, ჯემალ აჯიაშვილის ენით აღფრთოვანებულია პროფესორი ზურაბ კიკნაძეც.

„მის თარგმანებში არის ქართული ენის ნამდვილი ზეიმი! ენა მისთვის არის არა მხოლოდ ინსტრუმენტი, რომლითაც რაღაცას ამბობს, არამედ ენაა მისთვის თავად შემოქმედება და ამ შემოქმედებაში დიდ სიმაღლეებს აღწევს. არ მეგულება ქართველი პოეტი - გინდა მთარგმნელი იყოს, გინდა ორიგინალური შემოქმედი, რომ ასე ვირტუოზურად ფლობდეს ენას. აი, გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა მისი 100 სონეტი. წარმოგიდგენიათ, 100 სონეტი! ამით თქვა, ყველაფერი შემიძლიაო და, მართლაც, ყველაფერი შეეძლო!“ უთხრა ზურაბ კიკნაძემ რადიო თავისუფლებას.

ენის ფლობისა და პოეტური ოსტატობის თვალსაზრისით ყველაფერი რომ შეეძლო, ამას ადასტურებს ჯემალ აჯიაშვილის უმცროსი კოლეგაც, ებრაისტი თამარ მახარაშვილი, რომელიც პირადად შეესწრო მორიგი დიდებული სონეტის დაბადებას, როცა პოეტსა და მთარგმნელს ალავერდობაზე ახლდა. ალავერდი. გიდი, სტანდარტული ტექსტით. ტურისტები... და მოულოდნელად ეკლესიის ეზოში - თეთრი, პატარა სახედარი. თამარ მახარაშვილი იხსენებს:

„გადის 15-20 წუთი. ვხედავ, ჯემალი ზის ქვაზე და წერს. გამოვედით ეკლესიიდან... და ჯემალმა მომაწოდა ფურცელი. აი, რა დაწერა მაშინ:

ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნის საღამო

ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნის საღამო

„თითქოს შენივთდა დროის ნისლი და ქარბორია,
ცისა და მიწის სილაჟვარდე და ხავერდობა,
გარდასულ დღეებს შევუთვალეთ ჩვენი შენდობა
და კვლავ მივყვებით სადღეისო ფიქრს და ფორიაქს.
თვლემს სახედარი, მზეზე ფიქრობს, მზე კი შორია,
ჰყვება მეგზური ათას ამბავს, თუმც ვინ ენდობა?!
და ღვინის თასში მოთუხთუხე ალავერდობა
ერთ ქვაბში ხარშავს ტყუილ-მართალ მის ისტორიას.
ხალხი თავს იქცევს მონათხრობით თუ მოჭორილით,
და დროის ძახილს მიეცემა ამ ჩოჩორივით,
ეს კი ვერც ამჩნევს სავალალო ფერისცვალებით შეთითხნილ აწმყოს,
ლიტონ აწმყოს, აწმყოს მკვეხარას
და ოცნებებში ჩაბინდული ლურჯი თვალებით
შემრიგებლურად შემოჰყურებს ცას და ქვეყანას“.


სონეტის წაკითხვის გარდა, თამარ მახარაშვილმა ასევე ილაპარაკა ჯემალ აჯიაშვილის პედაგოგიურ ღვაწლსა და მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგელობაზე. გაზეთ "ჟამი ერთობისას" რედაქტორმა, პროფესორმა ზაირა დავარაშვილმა გაიხსენა, თუ როგორ გაუჭირდა ჯემალ აჯიაშვილს საქართველოს მოქალაქეობის დათმობა:

„ეს არ არის გაზვიადებული. ყველას გვახსოვს, როგორ უჭირდა ისრაელის მოქალაქეობის მიღება და საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა, როცა აუცილებელი გახდა სამკურნალოდ ისრაელის სახელმწიფოში გადაყვანა. მითხრა, როგორ ვაკადრო ან საკუთარ თავს, ან ჩემ საქართველოს, საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმაო“.

ჯემალ აჯიაშვილი წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა ბიბლიის ებრაულსა და თანახის ტექსტებს. მიღებული აქვს არაერთი - მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო და რუსთაველის სახელობის - პრემია. ებრაული კლასიკური პოეზიის ქართულად თარგმნის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 1998 წელს გადაეცა ისრაელის პრეზიდენტის ეზერ ვაიცმანის საპატიო სიგელი. ასევე თარგმნილი აქვს ძველეგვიპტური საგალობლები და სპარსული პოეტური კლასიკა; შექსპირის, ჩიკამაცუს, კალდერონის, ტირსო დე მოლინას, კარლო გოცის დრამატული პოემები; დანტეს, პეტრარკას, მიქელანჯელოს, ვივალდის, რილკეს სონეტები; ნელი ზაქსის, მაიაკოვსკის, მანდელშტამის, პასტერნაკის და სხვების ლექსები. ჯემალ აჯიაშვილის კოლეგები დარწმუნებული არიან, რომ ნაყოფიერებით გამორჩეულ პოეტსა და მთარგმნელს გამოუქვეყნებელი დარჩა არაერთი როგორც საკუთარი ნაწარმოები, ასევე გადმოქართულებული ტექსტი, უკვე გამოქვეყნებულებიდან კი გამორჩეულია ფსალმუნების ციკლი. დავითის ფასულმუნი, სიმღერა ტაძრის განახლებისა:

„რა ხელჰყრი ჩემ სისხლს, ჩემო უფალო, უკეთუ მე ჩემ სამარეში დავეშურები,
განა ეგ მტვერი შეგასხამს ქებას, შენს სიმართლეზე ილაპარაკებს?
უფალო ჩემო, შემისმინე და შემიწყალე,
გგესავ, უფალო, მეოხად მექმენ, როკვად აქციე გოდება ჩემი,
შემომაძარცვე ძაძა-ფლასები და შემომასხი სიხარულის შესამოსელი,
რომ გიგალობო, დიდებაო, და არ დავდუმდე.
უფალო ჩემო, მეუფევ ჩემო, შენ განგადიდებ უკუნისამდე!“
XS
SM
MD
LG