Accessibility links

logo-print

საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ხელშეკრულება არალეგიტიმურია


ლეონიდ თიბილოვი, ვლადიმირ პუტინი. 2015 წლის 18 მარტი

ლეონიდ თიბილოვი, ვლადიმირ პუტინი. 2015 წლის 18 მარტი

შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ნატო ლეგიტიმურად არ მიიჩნევენ 18 მარტს რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებას, საქართველოს ხელისუფლება კი საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებას ცდილობს. ამ მიზანს ემსახურებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაც საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ხელშეკრულების გაფორმების მეორე დღეს.

რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე საქართველოს ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი უწოდა:

„ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთმა ამგვარი ქმედებით უპასუხა რეგიონში სტაბილურობისკენ ჩვენ მიერ გადადგმულ არაერთ ნაბიჯს და ჩვენს ძალისხმევას და, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურდ ვაფასებთ რუსეთის ქმედებას, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან ამგვარი არალეგიტიმური ხელშეკრულების გაფორმებას“.

შეერთებული შტატები ლეგიტიმურად არ ცნობს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან - სამხრეთ ოსეთთან - ხელმოწერილ ე.წ. ხელშეკრულებას. არც ეს და არც აფხაზეთთან 2014 წლის ნოემბერში ხელმოწერილი შეთანხმება არ წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებულ შეთანხმება...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრები გამართა ჯერ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან, მოგვიანებით კი არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი სახელმწიფოების პოზიცია და განაცხადეს, რომ ისინი არალეგიტიმურად მიიჩნევენ შეთანხებას და მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტს. თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით კი, ახლა მთავარია ლიდერი სახელმწიფოების პოზიცია:

„ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურება არაღიარების პოლიტიკის კონტექსტში“.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია, ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასო, - განაცხადა 18 მარტს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჯენ საკიმ:

„შეერთებული შტატები ლეგიტიმურად არ ცნობს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან - სამხრეთ ოსეთთან - ხელმოწერილ ე.წ. ხელშეკრულებას. არც ეს და არც აფხაზეთთან 2014 წლის ნოემბერში ხელმოწერილი შეთანხმება არ წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებულ შეთანხმებას“.

ხელშეკრულება „არ უწყობს ხელს საქართველოში არსებული სიტუაციის მშვიდობიან და ხანგრძლივ მოგვარებას. ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში დაკვლავაც მოვუწოდებთ რუსეთს შეცვალოს საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და გაიყვანოს საკუთარი ძალები საქართველოდან“, – ნათქვამია ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებაში.

ხელშეკრულებას, რომელსაც 18 მარტს კრემლში მოეწერა ხელი, „უბრალო ქაღალდებს“ უწოდებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

კახა გოგოლაშვილი

კახა გოგოლაშვილი

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი კი ამბობს, რომ ამ ხელშეკრულებით რეალურად აღარ არსებობს რუსეთის მიერ ფორმალურად აღიარებული კვაზისახელმწიფო სამხერთ ოსეთი. ეს არის საერთაშორისო თვალსაზრისით უკანონო დოკუმენტი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით რუსეთს ხელი შეეშლება რეგიონის ეფექტურ მართვაში. კახა გოგოლაშვილს ამ გზაზე საქართველოსთვის საუკეთესო გამოსავლად საკითხის უკრაინასთან ერთ პაკეტში განხილვა მიაჩნია - მით უფრო, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 18 მარტს ჟენევაში უშედეგოდ დასრულებულ საერთაშორისო მოლაპარაკებების 31-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია:

„აფახაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა შეშფოთება გამოთქვეს ნატოსთან საქართველოს ინტეგრაციის სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ამ მიმართებით მოძრაობა პირდაპირი მუქარის შემცველია რესპუბლიკების უსაფრთხოებისთვის და ის ეწინაღმდეგება 2008 წლის აგვისტოში ხელმოწერილი შეთანხმებით განსაზღვრულ ჟენევის დისკუსიის საბაზო პირობებს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საგანგაშოა ალიანსის მიზნები ჩაატაროს სამხედრო სწავლებები და მოაწყოს ინფრასტრუქტურა საქართველოს ტერიტორიაზე“.

„რეაქცია საკმაოდ მძლავრი იყო დიდი საერთაშორისო აქტორების - შეერთებული შტატების, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის - მხრიდანდა მე მგონია, ისინი მზად არიან უკრაინისა და საქართველოს ეს საკითხები გააერთიანონ, ერთ თემად წარმოაჩინონ და შემდეგ უკვე სანქციები და ყველა სახის ქმედება რუსეთის წინააღმდეგ ორივე მიმართულებით იყოს განხორციელებული“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.

XS
SM
MD
LG