Accessibility links

logo-print

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ცხინვალში


ერგნეთი

ერგნეთი

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ცხინვალში იმყოფებოდნენ. მათ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის დღის წესრიგი განიხილეს. დისკუსიის თანათავმჯდომარეებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა უმასპინძლა, რომელმაც სტუმრების წინაშე ჟენევაში განსახილველად 2 ძირითადი საკითხი წამოჭრა. პირველი ესაა ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველოსთან იურიდიულად დამავალდებულებელი შეთანხმების გაფორმება და, მეორე, საქართველოს ციხეებში მყოფი დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეების გათავისუფლება.

ოსური მხარე დიდი ხანია ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველოსთან ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვს და ამ საკითხს ყველა შეხვედრაზე აყენებს. საქართველოს ხელისუფლების პოზიციაც ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ხანია ნათელია. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის ვალდებულება ქვეყანამ არაერთი საერთაშორისო ტრიბუნიდან ხმამაღლა განაცხადა და ეს ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაშიც ჩაიდო. მიუხედავად ამისა, ოსური მხარე მომავალ შეხვედრაზეც დააყენებს შეთანხმების გაფორმების საკითხს. მურად ჯიოევი მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სასწავლო ცენტრის ამოქმედება სამხრეთ ოსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

მურატ ჯიოევმა უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააყენა ყველა დაკავებულის გათავისუფლების საკითხი პრინციპით - ყველა-ყველაზე. ოსური მხარე გორის ტერაქტის მოწყობისთვის მსჯავრდებულთა განაჩენების გადახედვას მოითხოვს. 2005 წლის თებერვალში გორის სამხარეო პოლიციის შენობასთან განხორციელებული ტერაქტის გამო სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი გიორგი ზასეევს, გიორგი ვალიევსა და სოსლან კოჩიევს. გავრცელებული ინფორმაციით, სასჯელის გადახედვის მოთხოვნით, ისინი გლდანის ციხეში უკვე 20 დღეზე მეტია, რაც შიმშილობენ. ჯიოევი ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს მოუწოდებს, რომ ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასთან მუშაობა გაააქტიურონ.

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარემ ეუთოს მხრიდან ანჟელო გნედინგერმა შეხვედრის დასასრულს ოსური მედიისთვის კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დაკავებულების ნათესავებს, მათი მონახულების საშუალება აქვთ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც მონიტორინგის ქვეშაა.

ცხინვალში შეხვედრის შემდეგ თანათავმჯდომარეებს დაკავებულთა ნათესავები შეახვედრეს, რომლებმაც საკუთარი პრობლემების შესახებ ისაუბრეს და დიპლომატებს დახმარება სთხოვეს. ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს ამ დღეებში თბილისში გამართავენ.

XS
SM
MD
LG