Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ხელშესახები შედეგის” ალბათობა ჟენევის 23-ე რაუნდის წინ


საერთაშორისო მოლაპარაკებათა 23-ე რაუნდში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს დელეგაცია ჟენევაში ახალი შემადგენლობითა და ოპტიმისტური განწყობით გაემგზავრა. რამდენად ემთხვევა ქართული მხარის იმედი დე ფაქტო რესპუბლიკების იმედს, 26-27 მარტს დაგეგმილ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით? რამდენად მოსალოდნელი და დასაშვებია მოლაპარაკებათა ფორმატის შეცვლა და რა სახით უნდა დაიდოს ძალის გამოუყენებლობის პირობა?

ჟენევის ფორმატი უცვლელია, ის არ იცვლება, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით ზალკალიანმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ და საქართველოს დელეგაციის ახალმა ხელმძღვანელმა. 23-ე რაუნდის განსახილველ მთავარ თემებად ის ტრადიციულად აქტუალურ თემებს ასახელებს:

”ეს არის: უსაფრთხოების საკითხები - ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე მუშაობა, ასევე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხი, ჰუმანიტარული საკითხები”.
თანათავმჯდომარეების მიერ წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე, ექსპერტები განაგრძობენ მუშაობას შესაძლო ერთობლივ განცხადებაზე...
ფილიპ ლეფორი


საქართველოს დელეგაცია, დავით ზალკალიანის ხელმძღვანელობით, ახალი გამგზავრებული იყო ჟენევისკენ, როდესაც 25 მარტს, თბილისში გამართულ ბრიფინგზე, საგარეო საქმეთა მინისტრის კიდევ ერთმა მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ, ქართული მხარის ოპტიმისტური განწყობა გამოხატა:

”იმედი გვაქვს, რომ რაღაც ხელშესახები შედეგით შეიძლება დაბრუნდეს ჩვენი დელეგაცია. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს დელეგაციის მუდმივი სურვილი არის თანმდევი ჟენევის მოლაპარაკებებისა”.

რა შეიძლება იყოს დავით ჯალაღანიას მიერ ნახსენები ”ხელშესახები შედეგი”?

წინასწარი ინფორმაციით, ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მონაწილეთა ერთობლივ სამშვიდობო განცხადებას. კონკრეტული დეტალების გარეშე, მაგრამ მთელ რიგ რაუნდებზე ამ ყველაზე მძიმედ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული პროგრესი რომ შეინიშნება, ამას მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებიც აღნიშნავენ. ამის შესახებ 12 დეკემბერს 22-ე რაუნდის შემდეგ გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ფილიპ ლეფორმაც ილაპარაკა. მისი თქმით, ”თანათავმჯდომარეების მიერ წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე, ექსპერტები განაგრძობენ მუშაობას შესაძლო ერთობლივ განცხადებაზე”.

ამ დოკუმენტს იმედის თვალით უყურებენ დე ფაქტო რესპუბლიკები, თუმცა, როგორც ჩანს, ეს იმედი არ ემთხვევა თბილისის იმედებს. მაგალითად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, მურად ჯიოევი, ერთობლივ განცხადებას თბილისისთვის მიუღებელი ორმხრივი შეთანხმების წინაპირობად განიხილავს:

„ამ განცხადებას ჩვენ განვიხილავთ როგორც მნიშვნელოვან შუალედურ ნაბიჯად, რათა მომზადდეს და ხელი მოეწეროს ძალის გამოუყენებლობის დიდ ორმხრივ შეთანხმებას, რომელსაც იურიდიულად დამავალდებულებელი ხასიათი ექნება“.
ჩვენ არ ვამბობთ კატეგორიულ ”არას”, ჩვენ არ ვეძებთ მიზეზებს ამ ”არას” სათქმელად, მაგრამ ვეძებთ გამოსავალს, რატომ არ შეიძლება ვთქვათ ”დიახ”. ოღონდ ეს თანხმობა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ითქვას...
პაატა ზაქარეიშვილი


ცხინვალში გამოთქმულ ამგვარ იმედებს არ იზიარებს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი. როგორც მან რამდენიმე დღის წინ უთხრა რადიო თავისუფლებას, ორმხრივი შეთანხმებების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, რადგანაც საგარეო კურსის ურყევობასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ მარტის დასაწყისში დამტკიცებულმა რეზოლუციამ კიდევ უფრო განამტკიცა საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2010 წლის ნოემბერში აღებული ცალმხრივი სამშვიდობო ვალდებულება.

კვლავაც სადავოდ რჩება ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის საკითხი მონაწილეთა სტატუსის კონტექსტში. გავიხსენოთ, რომ დეკემბერში, 22-ე რაუნდის შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო საშუალებებმა გამოაქვეყნეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის გრიგორი კარასინის სიტყვები იმის შესახებ, რომ 23-ე რაუნდამდე დარჩენილი 3-თვიანი ვადა საშუალებას აძლევს თანათავმჯდომარეებს, რომ მოლაპარაკებათა პროცესის ყველა მონაწილეს თანაბარი სტატუსი მიენიჭოს, ანუ ჩამოყალიბდეს ახლებური ფორმატი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჟენევის მოლაპარაკებები ჩაშლისთვის იქნება განწირული.

20 მარტს, პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას, სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებათა ფორმატის შეცვლა თვითმიზანი არ უნდა იყოს და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იქნეს დაშვებული, თუკი ამას რეალური შედეგები მოჰყვება:

”ვიდრე ჩვენ ვერ ვხედავთ ფორმატის შეცვლის შესაძლებლობას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის აფხაზი და ოსი მონაწილეების მხრიდან გამოთქმული სურვილი თავისი სტატუსის ამაღლებისა, რითაც, სხვათა შორის, ვერაფერს მიაღწევენ. ჩვენ არ ვამბობთ კატეგორიულ ”არას”, ჩვენ არ ვეძებთ მიზეზებს ამ ”არას” სათქმელად, მაგრამ ვეძებთ გამოსავალს, რატომ არ შეიძლება ვთქვათ ”დიახ”. ოღონდ ეს თანხმობა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ითქვას”.

ამ საკითხის განხილვისას სიფრთხილე და წინდახედულება გვმართებს, - ამბობს ჩვენთან საუბრისას კონფლიქტოლოგი
გოგი ხუციშვილი
გოგი ხუციშვილი
. მისი აზრით, უნდა გამოიძებნოს ოქროს შუალედი, რათა არ დაიკარგოს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თბილისის მისამართით გაჩენილი გარკვეული თანამშრომლობის იმედები:

”ეს შეიძლება ისეთნაირად გაკეთდეს, რომ საქართველოს არ ჰქონდეს იმის რისკი ან იმის საშიშროება, რომ მისი ქმედება იყოს გაგებული, როგორც აღიარებისკენ გადადგმული ნაბიჯი”.

გოგი ხუციშვილისგან განსხვავებით, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს იმთავითვე მკვდრადშობილად მიიჩნევს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე. როგორც მან 25 მარტს უთხრა ”მაესტროს” პრესკლუბში შეკრებილ ჟურნალისტებს, პროცესის უნაყოფობას მისი ყველა მონაწილე აცნობიერებს, მაგრამ ითმენენ, რადგანაც, თუკი რომელიმე მათგანი პირველი დატოვებს მოლაპარაკებებს, ყველაფერი სწორედ მას დაბრალდება.

ამ და ექსპერტთა მხრიდან სხვა კიდევ არაერთი უარყოფითი შეფასების მიუხედავად, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები საერთაშორისო თანამეგობრობის საგანგებო ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ყოველივე ამას მსოფლიო ლიდერებისა თუ საერთაშორისო სტრუქტურათა უმაღლესი რანგის წარმომადგენლების მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული შეფასებებიც ადასტურებს და ამ აქცენტს 20 მარტს ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიშის ფარგლებში გამოქვეყნებულ რეკომენდაციებშიც ვხვდებით. ანგარიშში, რომელიც ევროკავშირსა და მის სამეზობლო პოლიტიკაში ჩართულ ქვეყნებს შორის პროგრესის შეფასებას ისახავს მიზნად, ევროკომისია ურჩევს საქართველოს, რომ მან ”გააგრძელოს და გააუმჯობესოს კონსტრუქციული მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში”.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG