Accessibility links

მზადება ჟენევის მოლაპარაკებათა 33–ე რაუნდისთვის


გაეროს შტაბ-ბინა ჟენევაში

გაეროს შტაბ-ბინა ჟენევაში

6–7 ოქტომბერს ჟენევა მასპინძლობს საერთაშორისო მოლაპარაკებათა 33-ე რაუნდს, რომლის ფარგლებშიც საქართველო კვლავაც კონსტრუქციული მონაწილეობის პირობას დებს და სხვა მონაწილეებისგანაც ამასვე მოელის, თუმცა წინა რაუნდების გამოცდილება პროგრესის მოლოდინს არ აჩენს. რუსეთი ხაზს უსვამს საფრთხეს, რომელსაც ის ნატოსა და საქართველოს დაახლოების პროცესში ხედავს და თვლის, რომ ეს ეწინააღმდეგება ჟენევის მოლაპარაკებათა სამშვიდობო პრინციპებს. მიუხედავად იმისა, რომ დადებითი შედეგები და წინსვლა არ ჩანს, ანალიტიკოსები მაინც აუცილებლად მიიჩნევენ შენარჩუნებული იქნეს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი.

„ტრადიციულად, ქართული მხარე დააყენებს რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობის საკითხს“, – ვკითხულობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ 33-ე რაუნდზე „საქართველოს დელეგაცია განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს გალის რაიონში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს“ და „ქართული მხარე ყველა ღონეს იხმარს, რათა სათანადო ზომები იქნეს მიღებული იქ მცხოვრები მოსახლეობისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მისაღებად“.

განსხვავებულია განსახილველი საკითხების ნუსხა, რომელიც 33–ე რაუნდისთვის მზადების პროცესში გამოაქვეყნა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ. სააგენტო „რესის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია:

„პრიორიტეტად რჩება საქართველოს მიერ ძალის არგამოყენების დოკუმენტის გაფორმება სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან. განხილულ იქნება პატიმართა გათავისუფლების საკითხები ორივე მხარის მიერ და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხები. ასევე, აუცილებლად იქნება განხილული 1991 წელს ეროვნული მუზეუმიდან მოპარული ოქონის ხატის სამხრეთ ოსეთში დაბრუნების საკითხი“.

მართალია, ამ განცხადებაში ძალის არგამოყენების ვალდებულებაზე, თბილისის მსგავსად, ცხინვალიც ლაპარაკობს, მაგრამ ამ მოთხოვნაში თბილისისთვის პრინციპულად მიუღებელი შინაარსი იგულისხმება. საქართველოს მტკიცე პოზიცია კვლავაც უცვლელია: ის ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებას რუსეთისგან მოითხოვს, ისევე როგორც ეს თავად უკვე რამდენჯერმე გააკეთა. სწორედ ამ აქცენტის ჩადებას მოითხოვს საქართველო მხარეთა ერთობლივ განცხადებაში, რომლის ტექსტზე მუშაობაც ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეების ეგიდით უკვე არაერთი რაუნდია მიმდინარეობს. 32–ე რაუნდის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეში თანათავმჯდომარეები აცხადებდნენ, რომ პროცესი 33–ე რაუნდზეც გაგრძელდებოდა.

ეს არის ფორმატი, სადაც საქართველო არის მარტო, ერთი ერთზე, რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებაში და, ზოგადად, ეს არის მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო არხი და კონფლიქტის მხარესთან – მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა შედეგი მოლაპარაკებაში – აუცილებელია ურთიერთობა...

უსაფრთხოების კონტექსტში, ბოლო ორი რაუნდის დროს რუსეთი საგანგებოდ აღნიშნავდა საქართველოს სურვილს გაწევრიანდეს ნატოში. მოსკოვის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ნატო–საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის დაფუძნება და ეს 32–ე რაუნდის ფარგლებშიც აღინიშნა, მაშინ როცა ხსენებული ცენტრი ჯერ არ იყო გახსნილი. ჟენევის მოლაპარაკებათა წინა რაუნდზე რუსეთის წარმომადგენელმა ჟენევაში ისიც აღნიშნა, რომ ამერიკული ხომალდების ხშირი სტუმრობა შავი ზღვის აკვატორიაში დესტაბილიზაციის გამომწვევი ფაქტორია შავი ზღვის აუზში არსებული სიტუაციისთვის.

მწვავედ პრობლემურია ასევე დევნილებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების თემაც. მართალია, 32–ე რაუნდის დასრულების შემდეგ ქართული მხარე შედარებითი კმაყოფილებით აცხადებდა, რომ ამ საკითხის „არსებითად განხილვა“ მოხერხდა მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მაგრამ იმან, რომ წამოწეული საკითხი დეტალური განხილვის გარეშე დარჩა,უკმაყოფილო დატოვა ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი კიდევ ერთხელ გაიმეორა წინა რაუნდის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომ მოსკოვი, ცხინვალი და სოხუმი ჟენევაში არ დაუშვებენ დევნილების თემის განხილვას მანამდე, ვიდრე, საქართველოს ინიცირებით, ეს საკითხი ყოველწლიურად განიხილება გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში.

პრობლემებისა და სტაგნაციის მიუხედავად, ჟენევის ფორმატის შენარჩუნების აუცილებლობაზე ლაპარაკობს საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას,ეს არის ერთადერთი საკომუნიკაციო არხი რუსეთის ფედერაციასთან, გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების პირობებში:

„ეს არის ფორმატი, სადაც საქართველო არის მარტო, ერთი ერთზე, რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებაში და, ზოგადად, ეს არის მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო არხი და კონფლიქტის მხარესთან – მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა შედეგი მოლაპარაკებაში – აუცილებელია ურთიერთობა, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ამ გზით უზრუნველყოფილია პროგნოზირებადობის გარკვეული ხარისხი, რადგანაც კომუნიკაცია წარმოშობს ინფორმირებულობას, ხოლო ინფორმირებულობა იძლევა პროგნოზირებადობის გარკვეულ ხარისხს“.

საერთაშორისო თანამეგობრობის მედიაციის გარეშე რუსეთთან პირისპირ დარჩენის თავიდან აცილების მიზნით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს მეტად ღირებულ ფორმატად მიიჩნევს დემოკრატიისა და სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი რუხაძე. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ექსპერტი განსაკუთრებით გამოყოფს ევროკავშირის როლის მნიშვნელობას:

„იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირის როლი 2008 წლამდე არ იყო ასეთი ინტენსიური და აქტიური და იქიდან გამომდინარეც, რომ ჩვენი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა და ევროკავშირი ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოთაშორისი გაერთიანებაა ჩვენთან მიმართებაში, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ მისი ჩართულობა ამ დიალოგში, მეტი თუ ნაკლები ეფექტიანობით. ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის იმ საბაბით გაუქმება, რომ შედეგები არ არის დღეს და ხვალ და თითქოს არც ჩანს არაფერი, დააზარალებს ამ პროცესს – ევროკავშირის ჩართულობას ამ საკითხში“.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე ჟენევის ფორმატს ალტერნატივა არა აქვს და რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაანაცვლოს პრაღის ფორმატმა, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს პერიოდულად ხვდებიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე. საგულისხმოა, რომ ასეთი ჩანაცვლების ალბათობას კატეგორიულად უარყოფს საქართველოს ხელისუფლება. აბაშიძე-კარასინის არაფორმალური მოლაპარაკებების ფორმატი ბოლო პერიოდში ხშირად ხდება ანალიტიკოსების კრიტიკის სამიზნე და განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა ეს ფორმატი ვაჭრობის, კულტურისა და ჰუმანიტარული საკითხების სფეროებს სცდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG