Accessibility links

logo-print

თბილისმა მოსკოვს ძალის გამოუყენებლობის პირობა ჟენევის 23-ე რაუნდზეც შეახსენა


ქართული მხარე კვლავაც მოითხოვს, რომ რუსეთმა დადოს ცალმხრივი სამშვიდობო პირობა, ისევე როგორც ეს 2010 წელს გააკეთა საქართველომ. პარალელურად, თბილისი მზად არის დაუჭიროს მხარი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეების მიერ ინიცირებულ ერთობლივ სამშიდობო განცხადებას, რომელიც ჯერ ისევ შემუშავების პროცესშია. 23-ე რაუნდის ფარგლებში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ გარემოებას, რომ მოლაპარაკებათა ფორმატი არ შეიცვლება.

არ გამართლდა თბილისის მოლოდინი ”ხელშესახები შედეგის” მიღების თაობაზე, რაზეც ჟენევის მოლაპარაკებათა 23-ე რაუნდის წინ, დეტალების დაკონკრეტების გარეშე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ლაპარაკობდა. იყო იმის შესაძლებლობის მოლოდინი, რომ მიღწეულიყო გარკვეული შეთანხმებები თანათავმჯდომარეთა მიერ ინიცირებულ ერთობლივ სამშვიდობო განცხადებასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებას მცდელობა რომ არ დააკლდა, მაგრამ შედეგის მიღება დროში მაინც რომ გადაიდო, 23-ე რაუნდის შემდეგ გამოქვეყნებულ თანათავმჯდომარეთა ერთობლივ პრესკომუნიკეშიც არის აღნიშნული. ტექსტი 27 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე მედიას ფილიპ ლეფორმა გააცნო, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში:

”ექსპერტთა ჯგუფებმა კონსტრუქციულად განიხილა ძალის გამოუყენებლობის თაობაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა განცხადების პროექტი. ექსპერტებმა გაცვალეს ხედვები, მოსაზრებები და გამოხატეს თანხმობა, შემდეგ რაუნდზე განაგრძონ პროექტზე მუშაობა, თანათავმჯდომარეთა ჩასწორებული ვარიანტის საფუძველზე”.

თანათავმჯდომარეების მიერ ინიცირებულ პროექტზე მუშაობის გადადებას ქართულ მხარეს აბრალებენ დე ფაქტო რესპუბლიკები, თუმცა მათი ძირითადი ინტერესი კვლავაც ძალის გამოუყენებლობის თაობაზე ორმხრივ შეთანხმებებს უკავშირდება. ისინი იზიარებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას, და ეს უწყების მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაშიც არის აღნიშნული, რომ პრიორიტეტს კვლავაც წარმოადგენს სავალდებულო ხასიათის ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმებების გაფორმება საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის.
საქართველოს ცალმხრივად უკვე აღებული აქვს ასეთი სამშვიდობო ვალდებულება და, უფრო მეტიც, რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც არის კიდევ ერთხელ დადასტურებული ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებული ვალდებულება...

საქართველო უკვე დიდი ხანია კატეგორიულ უარს ამბობს ასეთი სახის შეთანხმებების დადებაზე თავის ოკუპირებულ ტერიტორიებთან და, სამაგიეროდ, მოითხოვს, რომ, როგორც კონფლიქტის მხარემ, რუსეთმა დადოს საქართველოს მსგავსი ცალმხრივი სამშვიდობო პირობა. პოზიცია ამ მხრივ რომ უცვლელია, ჩვენთან საუბარში 28 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმაც აღნიშნა:

”საქართველოს ცალმხრივად უკვე აღებული აქვს ასეთი სამშვიდობო ვალდებულება და, უფრო მეტიც, რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც არის კიდევ ერთხელ დადასტურებული ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებული ვალდებულება. აქედან გამომდინარე, ჩვენ კვლავ გავიმეორეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომ რუსეთმაც უნდა აიღოს მსგავსი ვალდებულება”.

დავით ზალკალიანის თქმით, 23-ე რაუნდის ფარგლებში განსახილველადაც კი არ დამდგარა მანამდე სადავოდ ქცეული საკითხი ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით. გავიხსენოთ, რომ დეკემბერში, 22-ე რაუნდის შემდეგ გავრცელებულ კომენტარებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი აღნიშნავდა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ჩაშლისთვის იქნებოდა განწირული, თუკი 23-ე რაუნდამდე თანათავმჯდომარეები ვერ გამონახავდნენ გზებს მოლაპარაკებათა პროცესის ყველა მონაწილისთვის თანაბარი სტატუსის მისანიჭებლად. ეს კი ფორმატის შეცვლასა და სტატუსის გაზრდას ნიშნავს მონაწილეებისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. როგორც დავით ზალკალიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ფორმატი ქართული მხარის თანხმობის გარეშე ვერ შეიცვლება და ასეთი საკითხი დღის წესრიგშიც არ დგას.

მოლაპარაკებათა ფორმატი რომ უცვლელად რჩება, ეს 27 მარტს, 23-ე რაუნდის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ფილიპ ლეფორმაც დაადასტურა. მისი განმარტებით, ფორმატის შეცვლასთან არაფერი აქვს საერთო საორგანიზაციო ცვლილებას, რომლის თანახმადაც ორი ჯგუფის მუშაობის შემდეგ დამატებითი საინფორმაციო შეხვედრა პრაქტიკული მიზნების გამო ჩატარდა.

23-ე რაუნდზე სამხეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა კვლავაც იგნორირება გაუკეთეს ქართული მხარის შეთავაზებას, რაც ოკუპირებული ახალგორის რაიონისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას გულისხმობს. თუმცა ქართული მხარე შეთავაზებას ძალაში ტოვებს და ამის შესახებ 23-ე რაუნდის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ქეთევან ციხელაშვილმაც ილაპარაკა, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა.

მართალია, კონკრეტული შედეგის გარეშე ჩაიარა, მაგრამ საქართველოს დელეგაცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შედგა დისკუსია დევნილების დაბრუნების თემასთან დაკავშირებითაც, რისი მცდელობაც წარუმატებლად მთავრდებოდა არაერთი ბოლო რაუნდის მანძილზე.

პრობლემა, რომლის გადაჭრასაც თანაბრად უჭერს მხარს ჟენევის მოლაპარაკებათა ყველა მონაწილე, უკავშირდება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების აღდგენას გალის მიმართულებით. გავიხსენოთ, რომ თითქმის ერთი წელიწადია, რაც ასეთი შეხვედრები აღარ იმართება. პროცესს აფხაზეთის მხარემ გამოუცხადა ბოიკოტი და მიზეზად ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელის საქართველოში, პოლონელი დიპლომატის ანჯეი ტიშკევიჩის შეურაცხმყოფელი განცხადებები დაასახელა.

23-ე რაუნდის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო, 24-ე რაუნდი 25-26 ივნისს გაიმართება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG