Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიგიჟე ასათიანზე


თბილისში, ასათიანის ქუჩა N10-ში (ყოფილი ფსიქიატრიული კლინიკის ტერიტორიაზე) მდებარე მნიშვნელოვან მწვანე ზოლს იმდენად მცირე რაოდენობის ადამიანი იცავს, რომ საქმეში ჩაუხედავმა კაცმა შეიძლება იფიქროს, ემანდ ჟამთასვლას გადარჩენილი დრუიდების შთამომავლები წმინდა ხეების დაცვას ხომ არ ლამებონო. არადა, სავალალო სინამდვილე მართლაც ასეთია: 1,5-მილიონიან ქალაქში მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი ცდილობს შეაჩეროს ის სიგიჟე, რომელიც ასათიანის ქუჩაზე 600-ზე მეტი ხის გაჩეხვასა და მის ადგილზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კვარტლის აშენებას ითვალისწინებს. მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა, გარდა იმისა, რომ საპროტესტო აქციებს მართავს, დევიზით - „გადავარჩინოთ ხეები გაჩეხვას!“ პეტიცია გაუგზავნა მთავრობას, მთავარ პროკურორს, საქართველოს პარლამენტსა და თბილისის საკრებულოს, თუმცა ამით არაფერი შეცვლილა. 8 ივლისს ტერიტორიის მფლობელი კომპანიის, „BD Property“-ს მიერ დაქირავებულმა მუშებმა 42 ხე მოჭრეს. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადებით, მოიჭრა მხოლოდ დაავადებული ხეები, რომელთა ნაცვლად ახალი ნერგები უნდა ჩაიყაროს.

ცხადია, ამგვარი დაპირებებისა არ სჯერათ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებიც მშენებლობის ნებართვის გაუქმებას და ყოფილი ფსიქიატრიული კლინიკის ტერიტორიის სარეკრეაციო ზანად გამოცხადებას მოითხოვენ.

ზოგადად, ქალაქში გამწვანებული ტერიტორიები, დანიშნულებისა და განლაგების მიხედვით, სამ ძირითად კატეგორიად შეიძლება დაიყოს: საერთო სარგებლობის, შეზღუდული სარგებლობისა და სპეციალური დანიშნულებისა.

საერთო სარგებლობის ნარგავებია: საქალაქო პარკები, სკვერები, დეკორაციული კუთხეები, გამწვანებული ფერდობები.

შეზღუდული სარგებლობის გამწვანებას განეკუთვნება სხვადასხვა კერძო ან სახელმწიფო დაწესებულების ტერიტორიებზე არსებული ნარგავები, რომლებითაც სარგებლობა ქალაქის მცხოვრებთათვის შეზღუდულია.

სპეციალური დანიშნულების გამწვანებას კი შეადგენენ სანერგეები, ბოტანიკური და ზოოლოგიური პარკები.

გასაკვირი არ არის, რომ თბილისელები მოითხოვენ მწვანე ნარგავების შეზღუდული სარგებლობიდან საერთო სარგებლობაში გადაცემას. თბილისი ხომ ლამის მთელი ისტორიის განმავლობაში განიცდიდა მწვანე საფარის სიმწირეს. ვის და ზაფხულში (ივლისსა და აგვისტოში) ქალაქში დარჩენილ თბილისელებს არ ესწავლებათ ფართე და მუქი ჩრდილების წარმომქმნელი ხეებისა და მათ გარშემო გაჩენილი თავისუფალი სივრცეების ფასი. აი, რას წერდა ჯერ კიდევ ლამის საუკუნენახევრის წინ (1878 წლის 30 მარტს) გაზეთი „ივერია“:

„უწინა ჩვენი ქალაქი უფრო სასიამოვნო საცხოვრებელი ყოფილა, ვიდრე დღეს. დღეს იგი უფრო მდიდარია, მაგრამ ეგ სიმდიდრე მოპოებულია მით, რომ უფრო ჯანმრთელობის სახსარნი მოსპობილან. უწინ თბილისი აყვავებული და ამწვანებული იყო ხშირის ხეხილითა და ბაღებითა. ამის გამო ქალაქში ზამთარი არ იყო ისე სუსხიანი, როგორც ეხლა, და ზაფხულიც უფრო გრილი იყო და ნესტიანი. დროთა მიმავლობაში, ეგ ბაღები გადიკაფნენ, მათ ადგილას აღიმართნენ უზარმაზარნი სასახლენი, შენობანი შეჯგუფდნენ, ჰაერის თავისუფალი ტრიალი მოიშალა, დაიხშო ჰაერი და ეხლა ზაფხულობით ადამიანს სული ვერ მოუტრიალებია.

ჩვენ მამა-პაპას რომ ცოტა შორ-მხედველობა ჰქონოდა, რასაკვირველია, დღეს ჩვენი ტფილისი, ბუნებრივად კარგის ჰაერით და მდებარეობით შემკობილი, ერთს სასიამოვნო ადგილად იქმნებოდა. ეგრე წინ დაუხედავად რომ არ ეძლიათ ნება სახლების შეჯგუფებისა, სახლების აშენებისა, საცა შესაძლო იქნებოდა ბაღები გაემართათ, ან გამართული არ გაეკაფინებინათ, მტკვრის კუნძულებზედ ჭალები შეენახათ, მტკვრის სანაპიროებზედ სახლები არ წამოეყუდებინათ და იქ ერთი ლაზათიანი ხევნარები დაემართნათ, შიგა და შიგ ქალაქში ფართო მეიდნები დაეგდოთ, ზოგი მეიდანი ბაღათ ექციათ, დღეს ჩვენი ტფილისი უკეთესს საცხოვრებელ ადგილად იქმნებოდა და არ დაუვარდებოდა ბევრს ადგილს ევროპისას, რომელიც ამ ჟამად აუარებელს ხალხს იზიდავს და აცხოვრებს. ჰაერი, მდებარეობა ტფილისისა ამას ყოველს ხელს შეუწყობდა.

...დღეს ამოდენა ქალაქს მარტო ორი ბაღი აქვს თითქმის. ერთი მუშტაიდი, მეორე ალექსანდროვის ბაღი. ის ადგილები, წყლის სანაპიროები, წყლის კუნძულები, საცა ბაღები, ბულვარები უნდა გაიმართოს და სხვა ამგვარი. ყოველივე ფეხის გადადგმა ამ პლანის წინააღმდეგ სასტიკად აკრძალულ უნდა იქნეს და ვისაც ან ახლის აშენება რისამე უნდა, ან ძველის განახლება, მას ნება უნდა მიეცეს მხოლოდ ამ პლანის მიხედვით.“

როგორი ტექსტია?

თითქოს დღეს დაუწერიაო რომელიმე თანამედროვე ქართველ ეკოლოგს, არადა ეს ტექსტი, არც მეტი არც ნაკლები, 135 წლისაა!

როგორც ჩანს, თბილისში სულ ასე იყო: სიმწვანეს ხან ბუნება ებრძოდა და ხან - ადამიანი! ტფილისის ცნობილ ბაღებს ხან ცეცხლი წვავდა და ხანაც - მზე! ამიტომაც იყო საუკუნეების წინ, რომ, თუ ვინმე სარწყავ წყალს გამოიყვანდა და ხარაბა (ანუ გაოხრებულ-გატიალებულ) ადგილზე ბაღს გააშენებდა, ეს ამბავი ერთგვარ პატრიოტულ და გმირულ საქმედ ეთვლებოდა. 1756 წლის 20 მარტით დათარიღებულ ისტორიულ საბუთში გორჯასპი მდივანი სიამაყით წერს: „ეს ადგილი და ნაბაღვარი თავით ბოლომდისინ ვერანათ შექმნილი და ხარაბა იყო, ასე რომ აღარც ასარი და კედელი ჰქონდა და არც შიგ ერთი ხე და ხილი რამ იდგა და ნახირის სადგომლათ და ხალხის ფეხის გზად იყო გამხდარი; ამის აშენებას რომ ხელი მივყავ, გალავანი, ასარი (სარებით შემოღობილი მესერი) ავაშენე, შიგ ხეხილი და ვაზი ჩავყარე. ამისი სარწყავი წყალი განჯის კარს ზევიდან, დაბახანის ხევიდან წყალი წამოვიყვანე მილით.“

ცხადია, გორჯასპი მდივანი ერთადერთი გონიერი ადამიანი არ იყო, ვინც თბილისის გამწვანებასა და ხილით მომარაგებაზე ზრუნავდა. ვახუშტი ბაგრატიონის აღწერისა და ტოფოგრაფიული გეგმის მიხედვით, მე-18 საუკუნის თბილისში შემდეგი ბაღები ყოფილა: მეფის ასულის, მამასახლისის, სამეფო, ქაიბულას, თბილელის, ციხის, ბებუთას, ახალი მეიდნისა, ბეჟანას, თბილისის... ამ ბაღებს დაუმატეთ კრწანისის, ორთაჭალის, დირსიჭალის, დიდუბისა და მუშტაიდის ბაღები.

ბევრი ცუდი რამ დამართეს თბილისს ბოლშევიკმა კომისრებმა, მაგრამ მათ ვერაფრით დავუკარგავთ იმ ამაგს, რომელიც შიშველი მთაწმინდის მწვანე საფარით შემოსვაში გამოვლინდა. 180 ჰექტარზე გაშლილი ვაკის პარკიც მაშინ გაშენდა. შედეგად, „თბილისის ეკონომიკურ-გეოგრაფიული გამოკვლევის“ მიხედვით, რომელიც 1989 წელს გამოქვეყნდა, საბჭოთა კავშირის დაშლის წინ თბილისის ტერიტორიაზე იყო საერთო სარგებლობაში მყოფი 7 კულტურისა და დასვენების პარკი (ჯამში 267 ჰექტარი ფართობით), 9 პარკი (91 ჰექტარი), 7 ბაღი (20 ჰექტარი), 476 სკვერი (212 ჰექტარი), 6 ბულვარი (9 ჰექტარი), ხოლო ქუჩის მწვანე ნარგავების საერთო ფართობი შეადგენდა 390 ჰექტარს.

ჟანგბადის წარმოქმნის გარდა, მწვანე ნარგავები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ხმაურთან ბრძოლის საქმეშიც. მეცნიერულად დადგენილია, რომ ფოთლოვანი მცენარეების ვარჯი შთანთქავს მასზე მოხვედრილი ხმოვანი ენერგიის 26%-ს, ხოლო დანარჩენს აირეკლავს და გაფანტავს. თუმცა გარდა ეკოლოგიურისა, ქალაქის გამწვანება (ბაღებისა და სკვერების გაშენება) სხვა მიზეზითაც არის მნიშვნელოვანი.

გერმანელი ფილოსოფოსის ბორის გროისის თქმით, დიდ ქალაქებში საზოგადოების კონსტიტუირებისათვის აუცილებელია თავისუფალი, ე.წ. „ცარიელი სივრცეების“ (ვაკუუმის) არსებობა. სტატიაში „საჯარო სივრცე: სიცარიელიდან პარადოქსამდე“ გერმანელი მეცნიერი ამბობს, რომ მხოლოდ თავისუფალ საჯარო სივრცეშია შესაძლებელი საზოგადოების ნაწილად თავის აღქმა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა. „საზოგადოებრივ ცხოვრებაში“ იგულისხმება საზოგადოებრივი ურთიერთობა: თანამშრომლობა ან კონფლიქტი, პირველ რიგში კი - ექსპონირების, პუბლიკაციის შესაძლებლობა, რაც შეუძლებელია ქალაქში, რომელიც მხოლოდ შენობებისა და სატრანსპორტო კვანძებისგან შედგება. თითოეული ცალკე აღებული მოქალაქე, გადაადგილდება რა საზოგადოებრივ სივრცეში, შთანთქმულია თავისი პირადი, კერძო ინტერესებითა და ამოცანებით. ბორის გროისის თქმით, ბრბო ქუჩაში ეული ბრბოა, რომელიც ვერ წარმოქმნის საზოგადოებას. გამონაკლისს წარმოადგენს: ფესტივალი, მანიფესტაცია, დემონასტრაცია, კარნავალი, რომლებიც აქტუალურს ხდიან ქალაქის ნეიტრალურ სივრცეს და კონსტიტუირებენ საზოგადოებას.

შემთხვევით არ არის, რომ მეგაპოლისებში მწვანე კუნძულებს განსაკუთრებული გულმოდგინებით იცავენ და, რომ მათი ხელყოფის მცდელობა, როგორც წესი, მძაფრი დაპირისპირების მიზეზად იქცევა ხოლმე. სტამბოლის გეზის პარკი და მის გარშემო ჯერაც ჩაუმცხრალი ვნებათაღელვა ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. არც ის არის შემთხვევითი, რომ კონრად ადენაუერმა, როცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიწასთან გასწორებულ კიოლნს აღადგენდა, საგანგებოდ იზრუნა ტყის გაშენებაზე. შედეგად, მილიონიანი კიოლნი ამჟამად მოქცეულია 50-კილომეტრიან ულამაზეს ტყის ზოლში, რომელიც ადენაუერის სახელს ატარებს და, რომლის შესახებაც აღფრთოვანებული წერდა რუსი მწერალი ვიქტორ ასტაფიევი: „აი, ნამდვილი ძეგლი ღირსი და მორწმუნე ადამიანისა, რომელსაც უყვარდა სამშობლო და ამოძრავებდა საკუთარი ხალხის ნათელ მომავალსა და კეთილდღეობაზე ზრუნვა. ძეგლი, რომელიც ძირითადად მუხების, წიფლების, კოპიტების, აკაციებისა და ველური მსხლის ხეებისგან შედგება...“

ქალაქში გაჩენილი (ბუნებრივი თუ ხელოვნური) მწვანე კუნძულები (ტყე, ბაღი და ა.შ.) მნიშვნელოვანია კულტურული თვალსაზრისითაც. ყველა ბაღი ხომ პირველი ბაღის - ედემის მინიშნება და მისი დაკარგვის შეხსენებაა. ადამიანმა სამოთხის ბაღის სახით დაკარგა სრულყოფილების, ჰარმონიის, სიყვარულის, სიმშვიდისა და ბედნიერების შეგრძნება, მაგრამ არ დაუკარგავს მეხსიერება, რომელიც ჯიუტად აიძულებს გააშენოს ბაღი, როგორც დაკარგული სამოთხის სიმბოლო და ხსოვნა. ბაღის გაჩეხვით კი ჩვენ საკუთარ თავსაც ვეწინააღმდეგებით და... ღმერთსაც.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG