Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰესი, რომელიც ჯოჯოხეთს ანათებს


„გადაშენდი!“ - საქართველოს
ენერგეტიკის მინისტრის წინასწარმეტყველება

„ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. სასწაული არ მომხდარა. ისევე, როგორც ყველა წინა არჩევნების შემდეგ, ამჯერადაც ვიღაცის ოცნება ასრულდა, ვიღაცის - არა. გაუმართლათ პოლიტიკოსებს, რაშიც გასაკვირი არაფერია: მათი ოცნებები ხომ ბანალური, შეიძლება ითქვას, სტანდარტულიც კია და ასრულებაც დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. ტრადიციულად არ გაუმართლა ხალხს, რომლის ოცნების ასრულება, ყოველ ჯერზე, ოცნებაასრულებული პოლიტიკოსების ასასრულებელია. ეს კი ცუდი მოცემულობაა, რადგანაც, თუ ხალხურ სიბრძნეს ვერწმუნებით, ოცნებაასრულებულს ყველა ოცნებაასრულებული ჰგონია!

ამ ერთი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო გაიძლიერა პოზიციები საქართველოს პარლამენტში, სადაც არამარტო პოლიტიკური ოპონენტების ნაწილი გადაიბირა, არამედ მათი ოცნებებიც მიითვისა. აბა, სხვა რით შეიძლება აისხნას ის, რომ, თუ ხაიშელებსა და რამდენიმე ასეულ გარემოს დამცველს არ ჩავთვლით, ფაქტიურად წინ არაფერი უდგას ნაციონალური მოძრაობის ორი უმთავრესი ოცნების ასრულებას. იგულისხმება ხუდონჰესისა და ანაკლიის (ლაზიკის) პორტის მშენებლობები. ფაქტია, ივანიშვილს ხუდონჰესის აშენებაზე არ უოცნებია, ლაზიკის მშენებლობას კი სულაც მიხეილ სააკაშვილის ახირებად მიიჩნევდა; თუმცა ახლა, „ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან ერთი წლის თავზე, ირკვევა, რომ ხუდონჰესი აუცილებლად აშენდება, ხოლო პორტ ლაზიკას ჩაანაცვლებს პორტი ანაკლია, რომელიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნოვის თქმით, არც მეტი, არც ნაკლები, იგივე სახელშეცვლილი ლაზიკაა.

უცნაურია, მაგრამ „ქართული ოცნების“ საინვესტიციო პროექტების დიდი ნაწილი გარემოზე უხეში ზემოქმედების გარეშე ვერ განხორციელდება. უცნაური იმიტომ არის, რომ კოალიციის წევრები არიან საქართველოს მწვანეთა და სოციალ-დემოკრატიული პარტიების ლიდერები, რომლებიც წინა ხელისუფლებას უსულგულო, ულტრამემარჯვენე ქცევისთვის აკრიტიკებდნენ, ახლა კი, რატომღაც, ენგურის შეგუბებამდე თავად ჩაუგუბებიათ პირში წყალი.

ხელისუფლების საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალში (რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაფუძნებულმა თანაინვესტირების ფონდმა გამოაქვეყნა) პირველი ორი ადგილი უკავია ჰიდროელექტროსადგურებისა და თბოელექტროსადგურების მშენებლობას. განზრახულობათა ჩამონათვალში ასევე ნახავთ ინფრასტრუქტურული ობიექტების, მათ შორის, პორტებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვება-გადამუშავების ობიექტების მშენებლობას. ცხადია, ყველა ეს პროექტი უპირობოდ არ ეწინააღმდეგება ხალხის ინტერესს, რომელიც პირველ რიგში უსაფრთხო გარემოში ცხოვრების შესაძლებლობას გულისხმობს. აკი, ხაიშელებიც ამბობენ, რომ მხარს დაუჭერენ სადგურის მშენებლობას, თუკი კაშხლის საპროექტო სიმაღლე შემცირდება, ანუ თუ ხაიში და კიდევ რამდენიმე სოფელი დატბორვას გადაურჩება.

კანონი საქართველოს მთავრობას აძლევს უფლებას, ხაიშელები, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების საბაბით, წინაპართა მიწიდან აყარონ და, როგორც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ გამინისტრებამდე უთხრა ერთ ჟურნალისტს, „გადააშენონ იქით“! საქართველოს კანონი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ გვეუბნება, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება შემდეგი სამუშაოების წარმოების მიზნით:

ა) გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის; ბ) რკინიგზის ხაზების გაყვანისათვის; გ) ნედლი ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების მილსადენების გაყვანისათვის; დ) ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის და ა.შ. ამასთან, ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც უნდა შეიცავდეს საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის სათანადო კომპენსაციით უზრუნველყოფის აუცილებლობის თაობაზე.

„სათანადო კომპენსაცია“ რომ გვარიანი იქნება, ამას არც ინვესტორი კომპანია უარყოფს და არც მთავრობა, თუმცა, ხაიშელების დიდი ნაწილი პრინციპულად წინააღმდეგია, დატოვოს და ჩასაძირად გაიმეტოს მშობლიური სოფელი, რაც ვის-ვის და, საკუთარ სოფელზე უზომოდ შეყვარებულ პრემიერ-მინისტრს არ უნდა უკვირდეს. განა, რა მოცულობის კომპენსაცია უნდა შესთავაზონ ან როგორი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება უნდა გაჩნდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი „გაგებით შეხვდეს“ ჭორვილას ჩაძირვას? და, რა პრინციპული განსხვავებაა ჭორვილასა და ხაიშს შორის? მერე რა, რომ ხაიშში ჯერ არც პრემიერ-მინისტრი დაბადებულა და არც ქვეყნის ყველაზე მდიდარი მოქალაქე? მერე რა, რომ ჭორვილასგან განსხვავებით, ხაიშის ტყეებში ზებრების, ანტილოპა გნუებისა და ჟირაფების ნაცვლად, ჩვეულებრივი მგლები, დათვები, ციყვები და თხუნელები ბინადრობენ?

კიდევ ერთი უცნაურობა: ხუდონჰესის აშენებით, სოფლებთან ერთად, დაიტბორება მე-18 საუკუნეში აშენებული ეკლესია, რაც, წესით, უნდა აღელვებდეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას; ბიძინა ივანიშვილის მტკიცებით კი მან იოლად დაარწმუნა კათოლიკოს-პატრიარქი სადგურის აშენების აუცილებლობაში. შესაბამისად, ხაიშელები მხოლოდ საკუთარი თავის, რამდენიმე ასეული გარემოს დამცველისა და ღმერთის იმედად არიან. და თუ ეს მოცემულობა არ შეიცვალა (მაგალითად, მძლავრი საპროტესტო მოძრაობის გაჩენის სახით), ხაიშსა და მის მიმდებარე სოფლებს არაფერი ეშველება. თუმცა, სამაგიეროდ, ასრულდება ქართველთა მრავალი თაობის ოცნება ივერიის გაბრწყინების სახით!

განა სადმე თქმულა, რომ გაბრწყინება არ ეგების ზემძლავრი ტურბინებით, რომლებიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს? რაც სხვა არაფერია, თუ არა ფული, ანუ ოქრო! ოქრო კი, მოგეხსენებათ, ჯოჯოხეთს ანათებს. საქართველო კი რა არის? ჯოჯოხეთის დამტეველი პაწაწინა სამოთხე, რომლის (თუნდ ხუდონჰესით) განათებული მთა-ბარი წილნაყარია ღმერთთანა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG