Accessibility links

logo-print

ალა ჯიოევა საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს


ალა ჯიოევას წინასაარჩევნო პლაკატები

ალა ჯიოევას წინასაარჩევნო პლაკატები

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ალა ჯიოევამ მთავრობის სხდომაზე დააყენა წინადადება 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის თებერვლამდე ცხინვალში განვითარებული მოვლენების გამოსაძიებლად კომისია შეიქმნას. ეს ის დროა, როცა ალა ჯიოევა ოპოზიციის ლიდერი იყო, მოიგო ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგებიც კოკოითის ხელისუფლებისა და კრემლის მაღალჩინოსნების ჩარევის შემდეგ გაუქმდა და განმეორებითი არჩევნები დაინიშნა. ამავე პერიოდში მოხდა ალა ჯიოევას საარჩევნო შტაბის დარბევა, მაშინ როცა ჯიოევა საკუთარი ინაუგურაციის ჩატარებას გეგმავდა. ამის შემდეგ ოპოზიციის ლიდერი თვეზე მეტხანს საავადმყოფოში იმყოფებოდა. ამჟამად ვიცე-პრემიერის პოსტიდან ჯიოევა საგამოძიებო კომისიის შექმნას და იმ პირების დასჯას ითხოვს, ვინც, მისი აზრით, სახელმწიფო გადატრიალებაში მიიღო მონაწილეობა. ოსურმა საზოგადოებამ ვიცე-პრემიერის ინიციატივა სხვადასხვაგვარად მიიღო.

საზოგადო მოღვაწე რობერტ ბიაზროვი, ალა ჯიოევას მხარდამჭერ მიტინგებში მონაწილეობის გამო, 2011 წლის დეკემბერში კოკოითის მიერ კონტროლირებულმა სახელმწიფო დაცვამ ცხინვალიდან ვლადიკავკაზში გააძევა. ჯიოევას აზრით, კომისიის შექმნა საჭიროა ნოემბერ-თებერვალში განვითარებული მოვლენების ობიექტურად გამოსაძიებლად, რადგან წინა ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ კი პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინოს და ყველა დამნაშავეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისროს. მისი აზრით, რუსეთიდან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების ექსტრადიცია უნდა მოხდეს და დამნაშავეები სამხრეთ ოსეთში გასამართლდნენ.

მეორე საზოგადო მოღვაწეს, სერგეი ძუცევს, გასული წლის არჩევნებში ალა ჯიოევასთვის ხმა არ მიუცია, თუმცა საკუთარ თავს არც კოკოითის მომხრეებს აკუთვნებს. იგი ვითარებას ემოციის გარეშე აფასებს. ჩვენს რადიოსთან საუბარში ძუცევი აცხადებს, რომ კომისიის შექმნა საჭირო არ არის. მისი აზრით, იმდროინდელი ვითარების პროვოცირება თვითონ ალა ჯიოევამაც მოახდინა. მაგრამ თუ საგამოძიებო კომისია შეიქმნება, მაშინ კომპლექსურად უნდა იქნეს გამოძიებული ყველაფერი - ჯერ ჯიოევას განათლების მინისტრად ყოფნის დროს მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე და მოგვიანებით უკვე 2008 წლიდან დღემდე განვითარებული ყველა მოვლენა. ასევე უნდა დაიწყოს კოკოითის, მინისტრების, პროკურორებისა და მოსამართლეების საქმიანობის გამოძიებაც.

დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი გენერალური პროკურორი ახსარ კოჩიევი, რომელიც ალა ჯიოევას მხარს უჭერდა, საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრეა. მისი აზრით, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური შეფასება უნდა მიეცეს და 27 ნოემბრის არჩევნების გაუქმება დანაშაულად უნდა გამოცხადდეს.

ოსი ექსპერტების აზრით, თუ ასეთი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, მას ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა - მაგალითად, რატომ იყო ალა ჯიოევას მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრული, რატომ აკავებდნენ მის მომხრეებს, ასევე პასუხი უნდა გაეცეს და გამოძიებულ იქნეს პარლამენტის საქმიანობა და როლი პოლიტიკური კრიზისის პერიოდში. თუმცა, ექსპერტების აზრით, ბოლო არჩევნების შედეგები, რომელშიც ლეონიდ თიბილოვმა გაიმარჯვა, სადავო აღარ უნდა გახდეს, რადგან თუ ჯიოევა ამას მოითხოვს, მაშინ დე ფაქტო რესპუბლიკაში დაპირისპირების ახალი ტალღა დაიწყება.
XS
SM
MD
LG