Accessibility links

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ „კოსოვოს ხალხის გვერდით იდგება“ და დასძენს, „თქვენ თუ მოიპოვებთ წარმატებას, ეს რეგიონის წარმატებაც იქნებაო“.

ბაიდენი ამ განცხადებით კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში გამოვიდა 17 აგვისტოს, კოსოვოს პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩისა და პრემიერ-მინისტრ ისა მუსტაფასთან შეხვედრების შემდეგ. ბაიდენი კოსოვოს მოუწოდებს განახორციელოს კოსოვოსა და სერბიას შორის ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც ურთიერთობის ნორმალიზებას ითვალისწინებს.

კოსოვომდე ბაიდენი სერბიას სტუმრობდა, სადაც მაღალი რანგის შეხვედრები გამართა 16 აგვისტოს.

პრიშტინაში ყოფნისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ორ მეზობელს მოუწოდა მთელი ძალისხმევა მოახმარონ შეთანხმების განხორციელებას: „სერბიის პრემიერ-მინისტრ [ალექსანდარ] ვუჩიჩთან ერთად ამაზე ბევრი ვიმსჯელეთ და მას კარგად ესმის, როგორც თავად მითხრა, წინსვლის აუცილებლობა ამ პროცესში. თქვენ ორივეს, თქვენს ქვეყნებში, ამ პროცესის გარკვეულ ეტაპებზე წინაღობები გხვდებათ, თუმცა ორივეს გესმით ის, თუ რა არის გასაკეთებელი. ორივე მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა უერთგულონ ბრიუსელში დადებულ პირობებს და ამის შემდეგ დიალოგისთვის ახალი გზები ეძიონ - ეს არ უნდა იყოს დასასრული, ეს მხოლოდ დასაწყისი უნდა იყოს. ეს უმნიშვნელოვანესია წინსვლის მისაღწევად ევროკავშირში კოსოვოსა და სერბიის სრული ინტეგრაციის პროცესში. ამის გარეშე ეს, სავარაუდოდ, არაფერი გამოვა“.

ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპული ოჯახი მიიღებს „დემოკრატიულ, მულტიეთნიკურ კოსოვოს“.

„კანონის უზენაესობა თანაბრად უნდა შეეხოს ყველას“, განაცხადა მან და დასძინა, რომ სასამართლო სისტემა ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე უნდა იყოს. ბაიდენმა ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

ბაიდენის განცხადებებამდე სიტყვით ტაჩი გამოვიდა და მისი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მიზანი უწოდა სერბიასთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას. კოსოვოს პრეზიდენტის განცხადებით, კოსოვო არ დარჩება „წარსულის ტყვედ“. ტაჩიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კოსოვოს მხარდაჭერისთვის.

კოსოვომ 2008 წელს ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა სერბიისგან და სერბია მას ოფიციალურად არ აღიარებს.

ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესება ევროკავშირის წევრობისკენ გზის გახსნის პირობაა როგორც სერბიის, ისე კოსოვოსთვის. ერთიც და მეორეც ევროკავშირში გაწევრიანებას თავის მიზნად მიიჩნევს.

მაგრამ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც ურთიერთობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს, დიდი წარმატებით არ არის დანერგილი.

17 აგვისტოს, მოგვიანებით, ბაიდენი კოსოვოს სამხრეთაღმოსავლეთში დაესწრო თავისი შვილის, ბო ბაიდენის, სახელობის ქუჩის გახსნას. ბო ბაიდენი გასულ წელს ტვინის კიბოთი გარდაიცვალა.

ბო ბაიდენი, დელავერის შტატის ყოფილი გენერალური პროკურორი, 2001 წელს, ომისშემდგომ პერიოდში, კოსოვოში მუშაობდა და მონაწილეობდა ადგილობრივი პროკურორებისა და მოსამართლეების ტრენინგებში, ეუთოს პროგრამის ფარგლებში. 2008-2009 წლებში მან ერაყში იმსახურა, აშშ-ის ეროვნულ გვარდიაში.

16 აგვისტოს ჯო ბაიდენი სერბიაში იმყოფებოდა, სადაც გამოვიდა ასევე კოსოვოსთან ურთიერთობის ნორმალიზების მოწოდებით. ბაიდენმა სამძიმარი გამოუცხადა კოსოვოს კონფლიქტისა და ნატოს იმ თავდასხმების მსხვერპლთ, რომლებმაც 1999 წელს ხელი შეუწყო კონფლიქტის დასრულებას.

სერბიის მოსახლეობაში კვლავაც ძლიერია გულისწყრომა ნატოს საჰაერო თავდასხმებისა და კოსოვოს დამოუკიდებლობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის გამო. ბელგრადს ახლო ურთიერთობა აქვს მოსკოვთან და ბევრი პოლიტიკოსი პრორუსული შეხედულებებით გამოირჩევა.

ვიცე-პრეზიდენტის რანგში ჯო ბაიდენი ერთ-ერთ უკანასკნელ მნიშვნელოვან ტურნეს ატარებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG