Accessibility links

ჯო ბაიდენი უკრაინის ახალ პრემიერს რეფორმების სწრაფად გატარებისკენ მოუწოდებს


ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენი

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის ახალ პრემიერ-მინისტრს, ვლადიმირ გროისმანს სატელეფონო საუბარში მოუწოდა სწრაფად გაატაროს რეფორმები. გროისმანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე პარლამენტმა 14 აპრილს დაამტკიცა.

თეთრი სახლის განცხადების თანახმად, ბაიდენმა გროისმანს მიულოცა თანამდებობის დაკავება და მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის დამტკიცება და განაცხადა, ახალი გუნდი სწრაფად უნდა წავიდეს წინ რეფორმების პროგრამაში, რათა საერთაშორისო მხარდაჭერა შეინარჩუნოსო. თეთრის სახლის განცხადებით, ეს მოიცავს უკრაინის მხრიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან არსებული კონფლიქტის დარეგულირების მიზნით მინსკის შეთანხმებების დაცვას და ახალი, „რეფორმატორი“ გენერალური პროკურორის დანიშვნას. ბაიდენმა საუბარში კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ კვლავაც მტკიცედ უერთგულებს უკრაინის კეთილდღეობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გროისმანმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვალა არსენი იაცენიუკი. ეს სამთავრობო შემადგენლობის ყველაზე მასშტაბური ცვლილებები იყო უკრაინაში პროდასავლური ხელისუფლების მოსვლის შემდეგ. ეს მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა მას შემდეგ, რაც 2014 წელს დაემხო კრემლის მოკავშირის, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG