Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი რუსეთში ვიზიტს განაგრძობს


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი (მარჯვნივ) რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს ხვდება
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი (მარჯვნივ) რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს ხვდება
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთში ვიზიტს განაგრძობს. დღეს მან პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან გამართა შეხვედრა, მანამდე კი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ესაუბრა.

ჯო ბაიდენის რუსეთში ვიზიტი ძირითადად ეთმობა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას და ორი წლის წინ წამოწყებული ურთიერთობის „გადატვირთვის“ პოლიტიკის გაღრმავებას.

ოთხშაბათს, 9 მარტს, ბაიდენმა პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი დაარწმუნა, ვაშინგტონი მხარს უჭერს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასო.

ბაიდენი ბიზნესმენებს და მეწარმეებსაც შეხვდა მაღალი ტექნოლოგიების ობიექტზე, რომელსაც მთავრობა მოსკოვის გარეთ აშენებს. ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დაესწრო ხელშეკრულების გაფორმებას რუსეთის „აეროფლოტსა“ და ამერიკის „ბოინგს“ შორის. ამ შეთანხმებით, „აეროფლოტი“ „ბოინგისგან“ თვითმფრინავებს შეიძენს.

ვაჭრობის საკითხები იყო ხუთშაბათს პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან გამართული შეხვედრის მთავარი თემაც.

ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის წინა ადმინისტრაციას ბევრი არ გაუკეთებია ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად რუსეთთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანი ინტელექტუალური კაპიტალის მქონე „დიდ ქვეყანასთან“. დადგა დრო ეს გამოვასწოროთ და კავშირები გავააქტიუროთო, უთხრა ბაიდენმა პუტინს.

შარშან აშშ-ისა და რუსეთის ვაჭრობის მოცულობამ 23,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც რუსეთის საგარეო ვაჭრობის მხოლოდ 3.8 პროცენტს უდრის.

პუტინი, თავის მხრივ, ბაიდენთან შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების ინიციატივით გამოვიდა - განაცხადა, ამით ცივი ომის პერიოდის სტერეოტიპები დაინგრეოდაო: „რუსეთმა და აშშ-მა სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე მანამ რომ მოილაპარაკონ, სანამ ამას ევროკავშირთან გავაკეთებთ, ეს რუსეთ-ამერიკის კავშირების განვითარებისთვის ისტორიული ნაბიჯი იქნებოდა, ეს აშშ-სა და რუსეთს შორის არსებულ ყველა ძველ სტერეოტიპს დაანგრევდა, ჩვენი წარსულის მნიშვნელოვან თავს გადავფურცლავდით და ყველაფერს თავიდან დავიწყებდით.“

პარალელურად, შეგახსენებთ, შვეიცარიის დედაქალაქში მიმდინარეობს საქართველოსა და რუსეთის დელეგაციათა მოლაპარაკება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ. მოლაპარაკების განახლებამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უმთავრესი, რასაც თბილისი კვლავ მოითხოვს ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ, ოკუპირებულ რეგიონებში საბაჟო-გამშვები პუნქტების გამჭვირვალობა და მათი კონტროლია.

ბაიდენისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ რუსეთის მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილემ, იური უშაკოვმა, ჟურნალისტების წინაშე გააკეთა განცხადება, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა რუსეთის პრემიერ-მინისტრს აცნობა, რომ ვაშინგტონი თბილისთან განიხილავდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხს და ისიც ითქვა, ხელისშეშლა საჭირო არ არისო. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარეს დღეს რუსეთისთვის არ მიუცია პირდაპირი პირობა, რომ საქართველოსთან ამ საკითხს მოაგვარებს. უშაკოვის განცხადებითვე, პრემიერ-მინისტრმა პუტინმა ვიცე-პრემიერ ბაიდენთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას პოლიტიკური პრობლემის ხასიათი აქვს.

ვაჭრობისა და ეკონომის საკითხებზე კონცენტრაციის მიუხედავად, ბაიდენმა რუსეთის წამყვან უფლემადამცველებთანაც გამართა შეხვედრა, პუტინთან მოლაპარაკებამდე ცოტა ხნით ადრე.

რუსეთის ყველაზე გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიზაციის, „მემორიალის“ თანათავმჯდომარემ, სვეტლანა განუშკინამ, შეხვედრის შემდეგ თქვა, ბაიდენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ვაშინგტონი რუსეთში მძლავრ სამოქალაქო საზოგადოებას უჭერს მხარსო: „მან აღნიშნა, რაოდენ მნიშვნელოვანია ყველა მთავრობისთვის სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობა და რომ სამოქალაქო საზოგადოებას უნდა შეეძლოს მთავრობის გარკვეულწილად გაკონტროლება.“

ბაიდენმა აქტივისტებს უთხრა, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის ქვეყნის გაწევრიანება ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარების გაუმჯობესებაზეა დამოკიდებულიო. მისი თქმით, რუსეთის მთავრობა მოახლოებულ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს თავისუფლად და სამართლიანად თუ არ ჩაატარებს, აშშ-ის კონგრესი არ გააუქმებს ე.წ. ჯეკსონ-ვანიკის დამატებას - აშშ-ში ჯერ კიდევ 1974 წელს შემოღებულ ზომას, რომელიც რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობას ზღუდავს.

რუსეთის უფლებადამცველებმა ბაიდენს გააცნეს თავიანთი შეშფოთება, რომ რუსეთის და აშშ-ის მთავრობების მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ომის სახელით დამტკიცებულმა გარკვეულმა ზომებმა ადამიანის უფლებების დარღვევები მოიტანა - მათ შორის, გატაცება, წამება და საიდუმლო ციხეების მოქმედება. ამასთან, მათ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მან ვერ უერთგულა თავის პირობას გუანტანამოს საპატიმროს სწრაფად დახურვის შესახებ.

შეხვედრის მონაწილემ, ვეტერანმა უფლებადამცველმა ლიუდმილა ალექსეევამ განაცხადა, აქტივისტებს ესმით, რომ რუსეთის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულად ყოფნა დასავლეთის ლიდერებს ხელს უშლის გადაჭრით დაგმონ რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევაო.

თუმცა, კრიტიკული განცხადებებისა და პრობლემებზე მსჯელობის მიუხედავად, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ: ბაიდენის ეს ვიზიტი იყო სიგნალი, რომ რუსეთში ადამიანის უფლებების საკითხი ვაშინგტონისთვის კვლავაც აქტუალურია.
XS
SM
MD
LG