Accessibility links

ჯონ კერი: საგარეო პოლიტიკას სამხედრო ძალა არ განსაზღვრავს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ წარდგენილი სენატორის, ჯონ კერის განცხადებით, საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ის დამტკიცების შემთხვევაში გაატარებს, არ განისაზღვრება მხოლოდ „ვერტმფრენებით და სამხედროების დისლოცირებით“.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას 69 წლის დემოკრატმა სენატორმა ჯონ კერიმ შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ის გამორჩეული სიკეთე, რომელსაც ვემსახურებით და ამით ადამიანების ცხოვრებას ვცვლით, მთლიანად გადაიფაროს იმ როლით, რომლის შესრულებაც 11 სექტემბრის შემდეგ გვიწევსო.

ამასთან, კერის აზრით, აშშ-ის ფისკალური პრობლემები საფრთხეს უქმნის როგორც ამ ქვეყნის შესაძლებლობას მსოფლიო ასპარეზზე ლიდერის როლი შეასრულოს, ისე საკუთრივ მის პოზიციებს, როგორც დიპლომატის, რომელიც სხვა ქვეყნებში წესრიგის დამყარების მოწოდებებით უნდა გამოვიდეს:

„ხშირად ამბობენ, შინ ძლიერები ვერ ვიქნებით, თუ მსოფლიო მასშტაბით არ გვექნა ძალაო. მაგრამ დღევანდელი ფისკალური კრიზისის პირობებში, ჩვენ მსოფლიოში ვერ ვიქნებით ძლიერები, თუ ძალებს შინ არ მოვიკრებთ. ამდენად, ჩვენი პირველი პრიორიტეტი ის უნდა იყოს, რომ ამერიკამ, ბოლოს და ბოლოს, მოაწესრიგოს თავისი ფისკალური მდგომარეობა, რაც დიპლომატის რანგში ჩემს პოზიციებსაც გაამყარებს და მთელი ქვეყნისასაც, როცა სხვა ქვეყნებს დავეხმარებით წესრიგის დამყარებაში“.

სამშაბათს გამართული შეხვედრა დიდწილად ფორმალურ ხასიათს ატარებდა კერისთვის, რომელსაც სენატის საგარეო კომიტეტში კარგად იცნობენ. ის იქ უკვე თითქმის 30 წელია მოღვაწეობს, ბოლო 4 წლის განმავლობაში კი სათავეში უდგას კომიტეტს.

კერის ფართო მხარდაჭერა აქვს როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების მხრიდან და, გავრცელებული ვარაუდით, სენატი მას სახელმწიფო მდივნის პოსტზე უპრობლემოდ დაამტკიცებს.

თუმცა შეხვედრისას კერის მაინც დაუსვეს მწვავე შეკითხვები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.

ბირთვულ სფეროში ირანის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს კერიმ უწოდა ერთი-ერთი იმ „მყისიერ და საშიშ გამოწვევებს შორის“, რომელთა წინაშეც ვაშინგტონი დღეს დგას.

კერიმ იმედი გამოთქვა, რომ აშშ და სხვა ქვეყნები დიპლომატიურ ფრონტზე შეძლებენ წარმატების მიღწევას, თუმცა დასძინა, ვაშინგტონმა ყველა საჭირო ნაბიჯი უნდა გადადგას საიმისოდ, რომ ირანმა ვერ შეძლოს ბირთვული იარაღის შექმნაო:

„ბირთვული იარაღის გავრცელების აღკვეთისადმი ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, უნდა გადავჭრათ ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული საკითხები. პრეზიდენტმა ობამამ ცხადად თქვა: ჩვენ ყველა საჭირო ნაბიჯს გადავდგამთ საიმისოდ, რომ ირანმა ვერ შეძლოს ბირთვული იარაღის შექმნა. აქ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ არ მივმართავთ შეკავების პოლიტიკას, არამედ ვახდენთ პრევენციას. ჩვენი მცდელობა, ირანი პასუხისმგებლობით სავსე თანამშრომლობაზე დავიყოლიოთ, უშედეგოდ მუდმივად ვერ გაგრძელდება“.

შეხვედრის დროს რამდენიმე რესპუბლიკელმა სენატორმა ობამას ადმინისტრაციას პასიურობაში დასდო ბრალი იმ მღელვარებასთან მიმართებით, რომელმაც მოიცვა ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები.

კერიმ დაიცვა ადმინისტრაციის მიდგომა, მას „გონივრული“ უწოდა, თუმცა იქვე დასძინა: ჩემი აზრით, ჩვენ კიდევ უფრო უკეთესადაც შეგვიძლია ადამიანების იმ ღირებულებებით და იდეებით დაინტერესება, რომელთა ირგვლივაც თავად ჩვენ მოვახდინეთ ორგანიზებაო.

რუსეთთან მიმართებით სენატორმა აღიარა, რომ ურთიერთობა ბოლო წლებში გაუარესდა და იქვე იმედი გამოთქვა, რომ დაძაბულობა გადაილახება.

ობამას ადმინისტრაციის პირობებში კერი დროდადრო ავღანეთსა და პაკისტანში ხელმძღვანელობდა დიპლომატიურ ინიციატივებს. ის, თუ როგორ ჩატარდება ავღანეთში მომავალ წელს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები, უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება მმართველობის ავღანელებისთვის გადაცემის პროცესისთვისო, თქვა მან სენატში გამოსვლისას. ამასთან, კერის აზრით, ვაშინგტონმა ისლამაბადთან თანამშრომლობის უფრო მაღალ ხარისხს უნდა მიაღწიოს საიმისოდ, რომ აღკვეთილ იქნეს ასაფეთქებელი მოწყობილობების გავრცელება ავღანეთის ტერიოტრიაზე.

სენატორმა პირობა დადო, რომ მსოფლიოში ქალების უფლებების დაცვას შეუწყობს ხელს და გამოეხმაურება იმ გამოწვევებს, რომელთაც მსოფლიოს კლიმატის ცვლილებები უქმნის.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG