Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი "ისლამურ სახელმწიფოსთან" რუსეთის დამოკიდებულებაზე


"იმედი მაქვს, რუსეთი მივა იმ დასკვნამდე, რომ 'ერაყის და ლევანტის ისლამური სახელმწიფო' მისთვის საფრთხეს წარმოადგენს" - ჯონ კერი.

ჯონ კერის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ "რუსეთი მივა იმ დასკვნამდე, რომ 'ერაყის და ლევანტის ისლამური სახელმწიფო' მისთვის საფრთხეს წარმოადგენს". შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ინტერვიუ „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტ სკოტ შტერნსს საუდის არაბეთში მიმდინარე ვიზიტის დროს მისცა. სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი რუსეთის მიერ წარმოებულ პოლიტიკასაც შეეხო.

სახელმწიფო მდივნის თქმით, სირიასთან დაკავშირებით „რუსეთი დროთა განმავლობაში დარწმუნდება იმაში, რომ მათი მხრიდან მეტი თანამშრომლობის საჭიროება არსებობს და რომ ასადის მსგავსი ლიდერების, რომლებიც საკუთრ მოსახლეობას სპობენ, მხარდაჭერა უნდა შეწდეს, რათა პოლიტიკური გამოსავალი მოიძებნოს“. კითხვაზე, თუ რამდენად მოსალოდნელია გაეროში რუსეთის მხრიდან დაბრკოლებების შექმნა, ჯონ კერი პასუხობს, რომ როდესაც ის გაეროზე საუბრობს, გენერალურ ასამბლეას გულისხმობს და არა უშიშროების საბჭოს, რეზოლუციებს და მსგავს საკითხებს.

19 სექტემბერს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი გაეროში დაგეგმილ უშიშროების საბჭოს სესიას უხელმძღვანელებს და იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი საბოლოო ჯამში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო მცდელობას მხარს დაუჭერს. სახელმწიფო მდივანი „ძალზე ირონიულს“ უწოდებს იმ ფაქტს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მოსკოვი ვაშინგტონს „ერაყის და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ არსებული პოლიტიკისთვის აკრიტიკებს.

ჯონ კერი რეგიონში მიმდინარე ერთკვირიანი ვიზიტის განმავლობაში სპარსეთის ყურეში პარტნიორების მხარდაჭერის მოპოვებას და მათ მობილიზებას ცდილობს. შეერთებული შტატები "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სამხედრო, ფინანსური და პოლიტიკური ძალისხმევის კოორდინირებას იწყებს. ჯერჯერობით კოალიციაში მონაწილეობაზე თანხმობა ათმა არაბულმა ქვეყანამ განაცხადა. ხუთშაბათს საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე თურქეთმა უარი თქვა ექსტრემისტი სუნიტი ისლამისტების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო კამპანიის მხარდაჭერაზე.

დღეს, თურქეთში ვიზიტის დროს, ამერიკის სახელმწიფო მდივნმა განაცხადა, რომ სირიაში სამოქალაქო ომით დაზარალებული მოსახლეობა შეერთებული შტატებისგან დამატებით 500 მილიონამდე დოლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს. დახმარებიდან 250 მილიონზე მეტი იმ სირიელი დევნილებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც თავს მეზობელ ქვეყნებს აფარებენ. მათი რაოდენობა დღეისათვის 3 მილიონს აღემატება. დარჩენილი თანხის უმეტესი ნაწილი კი უშუალოდ სირიაში ადგილნაცვალ ადამიანებს მოხმარდება.

XS
SM
MD
LG