Accessibility links

სოჭში გამართული შეხვედრების მთავარი თემები ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული საკითხები იქნება. მათ შორის, განიხილება მდგომარეობა ირანში, სირიაში და უკრაინაში.

ნატო უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმების დარღვევაში ბრალს რუსეთს დებს. იანს სტოლტენბერგმა, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, დღეს ბრიუსელში განაცხადა, რომ რუსეთი პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების სამხედრო შეიარაღებით მომარაგებას აგრძელებს და ამ გზით მიღებულ შეთანხმებას არღვევს.

სტოლტენბერგის თქმით, რუსული ძალების შემადგენლობა და შეიარაღება არამარტო უკრაინის საზღვართან მდებარე რუსეთის ტერიტორიაზე იზრდება, არამედ უკრაინის შიგნითაც სტაბილურად მიედინება მძიმე შეიარაღება. მათ შორის ნატოს გენერალური მდივნის თქმით, მომარაგება ხდება ტანკებით, არტილერიით, ამუნიციით, თუ საჰაერო თავდაცვის სისტემებით. ამასთან სეპარატისტებს უტარდებათ ხშირი ტრეინინგები.

პარალელურად, შეერთებული შტატების სახელმწირო მდივანი დღეს სოჭში გაემგზავრა. ჯონ კერი ოფიციალურ შეხვედრებს რუსეთში სამშაბათს გამართავს. ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესრილიზის ცნობით, ჯონ კერის ვიზიტის მიზანია რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლობას შეერთებული შტატების ხედვა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით გააცნოს. სოჭში გამართული შეხვედრების მთავარი თემები ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული საკითხები იქნება. მათ შორის, განიხილება მდგომარეობა ირანში, სირიაში და უკრაინაში.

სოჭიდან ჯონ კერი თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაემგზავრება, სადაც ის ნატოს სხდომას დაესწრება. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები თურქეთში ოთხშაბათს, 13 მაისს იკრიბებიან.

XS
SM
MD
LG