Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი უხელმძღვანელებს გაეროს დისკუსიას სირიაში სამშვიდობო ინიციატივაზე


ჯონ კერი
ჯონ კერი

18 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი უხელმძღვანელებს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელზეც განიხილავენ სირიაში ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დასრულების გზებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ამ დისკუსიამდე კერი უმასპინძლებს შეხვედრას სირიის მხარდამჭერ საერთაშორისო ჯგუფთან, იმ მიზნით, რომ მოიპოვოს მხარდაჭერა სირიაში ზავის და პოლიტიკური მოლაპარაკების დაწყების თაობაზე. ამ შეხვედრების მნიშვნელობას ზრდის გაეროს მიერ 17 დეკემბერს გავრცელებული ანგარიში, რომლის თანახმად სირიის კონფლიქტი, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების რაოდენობას გაუტოლებს რეკორდულ მაჩვენებელს, 60 მილიონზე მეტს. გაეროს შეხვედრის მოსამზადებლად მიმდინარე კვირაში კერი მოსკოვში ჩავიდა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად. პუტინი სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ურყევი მოკავშირეა. სავარაუდოდ, კერის დიპლომატიამ ნაყოფი გამოიღო, რადგან პუტინმა 17 დეკემბერს, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „მხარს ვუჭერთ აშშ-ის ინციატივას, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის შესახებ რეზოლუციაზე მუშაობასო“. პუტინის თქმით, კერიმ მას წარუდგინა რეზოლუციის პროექტი და ის „მთლიანობაში დამაკმაყოფილებელია“, თუმცა გარკვეული პუნქტები უნდა დაზუსტდეს. პუტინმა ასევე გამოთქვა პოზიცია, რომ პროექტი ასადისთვისაც მისაღები უნდა იყოს. ამან გააჩინა ვარაუდი, რომ კერიმ შესაძლოა მოახერხა გამოსავლის პოვნა დიდი ხნის მანძილზე არსებული უთანხმოებიდან იმის თაობაზე, თუ როდის უნდა დატოვოს ასადმა ხელისუფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG