Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ მარტინი


ჯონ მარტინი
ჯონ მარტინი
ჯონ მარტინი ბრიტანული ფოლკსცენის ყველასგან გამორჩეული ფიგურა ბრძანდებოდა, რომელმაც ფოლკს, როკს, ჯაზსა თუ ბლუზს შორის გავლებული საზღვრები მოარღვია და ნატიფ ფერებად გააზავა თავის მუსიკაში. პოეტურ ჭინთვებს რომც შევეშვათ, ერთი რამ მაინც ცხადია: თუ ნიუ-იორკი გრინვიჩ-ვილიჯელი პიტ სიგერით, დეივ ვან რონკით, ჯოან ბაესით, ოდეტათი და სხვა ფოლკმომღერლებით იწონებს თავს, ბრიტანეთი ჯონ მარტინით ამაყობს.

ჯონ მარტინი 1948 წელს ნისლიანი ალბიონის სამხრეთში, პატარა ქალაქ ნიუ-მოლდენში დაიბადა. დედ-მამა არც მეტი, არც ნაკლები საოპერო მომღერლები ჰყავდა – ტენორი და სოპრანო. ცოლ-ქმრის დუეტში შესრულებული საოპერო არიები საამო სასმენი კი გახლდათ, მაგრამ დუეტის ცხოვრებისეული ტურნე, სამწუხაროდ, ვერ შედგა – ერთმანეთს დაცილდნენ, ხოლო 5 წლის ჯონი საცხოვრებლად შოტლანდიელ ბებიასთან გადავიდა. გლაზგოში პუჩინი, ვერდი, შტრაუსი თუ მოცარტი აღარც გახსენებია, სამაგიეროდ, ბრიტანული ხალხური მუსიკისა და ამერიკული ბლუზის სიყვარული შეუძვრა სულში.



19 წლის ბიჭის მომავალზე მისმა თანამემამულემ, ხმის ჩამწერი გიგანტის - Island Records-ის დამფუძნებელმა კრის ბლეკველმა იზრუნა. ეს დიდებული კაცი იმხანად კიდევ ერთ ყმაწვილს პატრონობდა, ევროპელი თუ ამერიკელი მსმენელისათვის ჯერ კიდევ უცნობ ბობ მარლის პირველი დისკის გამოცემაში ეხმარებოდა. ახალბედა ჯონ მარტინსაც მიხედა – სადებიუტო ალბომი „ლონდონური საუბრები“ ჩააწერინა და ამაყად შეაბიჯებინა ბრიტანულ ფოლკსცენაზე. Island Records-ში დაფრთიანებულმა, აქვე ახალი მეგობრებიც გაიჩინა – ერიკ კლაპტონი, ფილ კოლინსი და დევიდ გილმორი, რომლებთან ერთადაც რამდენიმე სიმღერაზე წაიმუშავა. თუმცა, მათგან გასხვავებით, ელექტროჟღერადობას არ აღიარებდა, შემდგომ ალბომებში ბლუზურ თუ ჯაზურ მოტივებს აკუსტიკურ ბგერას არგებდა და მეუღლესთან, ბევერლი კატნერთან ერთად მღეროდა ხოლმე.

პირველი დიდი წარმატება მეექვსე ალბომმა Solid Air-მა მოუტანა, რომელიც, ჩემი აზრით, ყველაზე ემოციური ნამუშევარია მის შემოქმედებაში, მეტიც – მგონია, რომ ამაზე ნაღდი და გულწრფელი ცოტა თუ შეუქმნია ცხოვრებაში. შთაგონების წყარო კი 26 წლის ფოლკმომღერლის ნიკ დრეიკის გარდაცვალება გახლდათ, რომელთანაც ჯონს „დიდი ხნის მეგობრობა, სევდიანი ბლუზი და შოტლანდიური ვისკი“ აკავშირებდა. ძმასავით უყვარდა და, როგორც ამბობდა, მასზე ახლობელი არც არავინ ჰყოლია. ჰოდა, ამ ამბავმა გვარიანად გამოუხრა გულ-გვამი, დარდობდა, განიცდიდა და, ცხოვრებაზე გულაყრილმა, სიმღერა Solid Air მიუძღვნა, ამავე სახელწოდების ალბომიდან.



იმ დროის ფოლკმომღერლების მსგავსად, ჯონ მარტინიც მუდმივ ძიებაში გახლდათ, ბგერის დახვეწასა თუ ახალ მუსიკალურ ფორმებზე ირჯებოდა. მოგეხსენებათ, ამგვარ ექსპერიმენტებს მსმენელი კი მოეძებნება, მაგრამ არც იმდენი, შემოსავლებით რომ კაცმა იხეიროს. პროდიუსერებმა დაიყოლიეს და ისიც ალბომების კომერციალიზაციას შეუდგა. ამჯერად მხოლოდ ზოგიერთ მათგანს ვახსენებ. ჯერ კინგსტონში, ლი პერის ცნობილ სტუდია Black Ark- ში, იამაიკური მზით გამთბარ სიმღერებზე იმუშავა, ხოლო 80-იანებში თავის ძველ მეგობარს ფილ კოლინსს შეეკრა, რომელმაც მის ერთ-ორ ალბომს შეავლო ხელი და პროდუქტიც შოკოლადივით გემრიელი გამოდგა. მოგვიანებით ბრიტანელი საქსოფონისტი ენდი შეპარდი და დევიდ გილმორი დაიყენა გვერდით – შარბათივით დაატკბო მუსიკა. 90-იანებში კი საერთოდ ფანკში გადაეშვა, ზოგჯერ თრიპ-ჰოპს ბლუზურადაც უქცევდა.



ჯონ მარტინი ვეებერთელა, დათვივით კაცი გახლდათ, ვისკიში დამბალი როხროხა ხმით. შოტლანდიური იუმორი კი მთლად ხატავდა მის პიროვნულ მომხიბვლელობას. თუმცა ამ მხნე და ერთი შეხედვით არხეინი კაცის სულში სულ სხვა ამბები ტრიალებდა ხოლმე: უჩვეულოდ მგრძნობიარე ბუნებისა და ფაქიზი სულის პატრონი ბრძანდებოდა. ცხოვრების მანძილზე ფეხი თუ გადაუბრუნდებოდა, თავგზა ებნეოდა. ასე მოხდა ზემოხსენებული ნიკ დრეიკის გარდაცვალებისას, მეუღლესთან, ბევერლი კატნერთან დაშორებამ კი ერთხანს სულ მთლად წაახდინა, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს მიეძალა. თუმცა ამ მძიმე წლებში გამოსავალს მუსიკაში პოულობდა, დარდი და გულისტკივილი მის სიმღერებში ილექებოდა. რა თქმა უნდა, სხვა ალბომებზე სამდურავი არ მეთქმის, მაგრამ ავბედით წლებში გამოშვებული მაინც განსაკუთრებულად მიყვარს. მიზეზი კი მარტივია. თუმცა მას თავადვე განმარტავს ერთ-ერთ ინტერვიუში, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე რომ მისცა: „ზოგი დღიურებს წერს, ჩემი დღიურები კი ჩემივე დისკებია. პირადულია, საკუთარ გულისნადებს გიზიარებთ და ემოციებზე გესაუბრებით. ასე რომ, ნამდვილ ჯონ მარტინს ძნელბედობის ჟამს ჩაწერილ ალბომებში თუ გადაეყრებით".

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG