Accessibility links

logo-print
1967 წლის 17 ივლისს 41 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯონ კოლტრეინი. ლოგიკური იქნებოდა, მთელი სიუჟეტი ამ დიდებული საქსოფონისტისათვის დამეთმო, მაგრამ ამჯერად იმ რამდენიმე თემის გახსენება ვარჩიე, რომლებიც მისივე კოლეგებმა, მოსწავლეებმა თუ საქმის გამგრძელებლებმა შექმნეს და კრძალვით მიუძღვნეს "ჯაზის მესიად" წოდებულ არტისტს.

მაკკოი ტაინერით დავიწყებ. მათი პირველი შეხვედრა 1960 წელს შედგა, როცა 22 წლის ყმაწვილი საქსოფონისტმა თავის კვარტეტში მიიწვია, დრამერ ელვინ ჯონსსა და კონტრაბასისტ ჯიმი გარისონთან ერთად. ამ "ოქროს" შემადგენლობით რამდენიმე წელი ითანამშრომლეს და ისეთი ეპოქალური ალბომები ჩაწერეს, როგორიცაა: "My Favourite Things", "Ole", "Impressions" "Crescent", "A Love Supreme", "Ascention". ტაინერის უნიკალური საფორტეპიანო ხელწერაც სწორედ ამ პერიოდში კოლტრეინის ექსტატური ექსპერიმენტების წყალობით ჩამოყალიბდა და მომავალი თაობის მუსიკოსებისათვის მისაბაძი გახდა. თავად პიანისტი კოლტრეინს ამგვარად იხსენებდა:

"...ფენომენალური ენერგიისა და ნიჭის პატრონი იყო. ლიდერი გახლდათ და ყველა თვალებში შევციცინებდით. ეს თავადაც მშვენივრად უწყოდა, მაგრამ ბოროტად არ სარგებლობდა - არასოდეს უთქვამს, თუ როგორ უნდა დაგვეკრა, ინდივიდუალიზმის შენარჩუნების საშუალებას გვაძლევდა... მან მუსიკის ენაზე არა მარტო გრძნობების, არამედ იმ აზრების გამოთქმაც მასწავლა, რომელთა სიტყვებით გადმოცემა შეუძლებლად მიმაჩნდა..."

ჰოდა, 1987 წელს, საქსოფონისტის გარდაცვალებიდან 20 წლის თავზე, მაკკოი ტაინერმა კონტრაბასისტ სესილ მაკბის, დრამერ როი ჰეინსსა და საქსოფონისტ ფაროა სანდერსს უხმო. ოთხეულმა 7 თემა შეასრულა, მათ შორის, კოლტრეინის ნამოქმედარიც: "Naima", "The Promise" და "Lazy Bird".
დისკზე ტაინერის საავტორო ნაწარმოებიც - "Bluesin' For John C" - შევიდა, რომლითაც მან პატივი მიაგო მასწავლებლისა და საუკეთესო მეგობრის ხსოვნას. ვიღაცას უთქვამს, ჯაზი ვერასოდეს განთავისუფლდება კოლტრეინის გავლენისგანო. ჰოდა, მთელი ალბომი ამის ერთ-ერთი დიდებული მაგალითი, კოლტრეინისეული მბორგავი მუხტით გაჯერებული ნაშრომი გახლავთ.

მოგეხსენებათ, როცა ჯონ კოლტრეინი რადიკალურ ავანგარდში საბოლოოდ გადაბარგდა და არაამქვეყნიურ ენაზე ამეტყველდა, ბევრმა ვეღარ გაუგო. ზემოხსენებული ტაინერიც კი გაექცა, რომელიც მოგვიანებით მეორე ცოლით - ელის მაკლეოდით - ჩაანაცვლა. იოკო ონოსი არ იყოს, იმხანად ამ ქალის ზნე-ხასიათზე ალაპარაკდნენ: ტვინი აურია, კვარტეტის იდილიაში შფოთი და განხეთქილება შეიტანაო. ასე იყო თუ ისე, ფაქტი ერთია - ქმრის „გაღმაგასულ“, აქამდე გაუგონარ ავანგარდულ რიტმიკასა თუ ჰარმონიას ალღო მარტივად აუღო და საქსოფონისტს შემდეგ ალბომებში კლავიშებით შეეპასუხა. ამას წინათ ელისის მოგონებებში ამგვარი რამე ამოვიკითხე:

"... მან თავდაყირა დააყენა პოლიფონიის, ჰარმონიის, დინამიკის, ფრაზირებისა და არტიკულაციის ის უნარები, რომელთაც კლასიკურ საფორტეპიანო სკოლაში დავეუფლე. თუ მანამდე ფორტეპიანო მხოლოდ შემოსავლის წყარო გახლდათ, ჯონის წყალობით, ჩემი არსების განუყოფელ ნაწილად იქცა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი გულჩათხრობილი გავხდი და დიდი ხნით განვმარტოვდი. ამქვეყნად ისევ და ისევ ჯონის ჯადოსნურმა მუსიკამ მომაბრუნა, შეიძლება ითქვას, რომ მშვენიერებამ გადამარჩინა... მეუბნებოდა ხოლმე, რომ ძლიერი ქალი ვიყავი და წარმატებას გულოვნებით მივაღწევდი... ჰოდა, სტუდიაში შევიკეტე და იმ მუსიკის წერას შეუდექი, რომელსაც მასთან დაკავშირებული მოგონებები ასაზრდოებდა..."

ჩვენც ერთ-ერთ ასეთ "მოგონებას" მოვისმენთ - თემას, სახელწოდებით "Something About John Coltrane", რომელიც პიანისტმა ქმრის მეგობრებთან სესილ მაკბისთან, ფეროუ სანდერსსა და რაშიდ ალისთან ერთად ჩაწერა.

XS
SM
MD
LG