Accessibility links

logo-print

ნაფიცმა მსაჯულებმა ჯოხარ ცარნაევი დამნაშავედ ცნეს


 ჯოხარ ცარნაევი

ჯოხარ ცარნაევი

აშშ-ში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯოხარ ცარნაევი დამნაშავედ ცნო 2013 წელს ბოსტონში, მარათონზე, აფეთქების მოწყობაში.

12 პირისგან შემდგარმა სასამართლომ ვერდიქტი 8 აპრილს გამოიტანა. საამისოდ მას დღე-ნახევარი დასჭირდა. მსაჯულებმა ერთხმად ცნეს ცარნაევი დამნაშავედ თავდასხმის მოწყობაში, რომელსაც სამი ადამიანი ემსხვერპლა და 260-ზე მეტი დაიჭრა.

სასამართლომ ცარნაევი 30-ვე წაყენებული ბრალდებით ცნო დამნაშავედ. მათგან 17 სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.

შემდეგი ფაზა იქნება სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, 21 წლის მუსლიმი, წარმოშობით კავკასიელი ცარნაევი, სიკვდილით უნდა დაისაჯოს თუ სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს.

ვერდიქტის გამოცხადების დროს ცარნაევს ხელები გულზე ჰქონდა დაკრეფილი და დაცვის მხარის მაგიდისთვის თვალი არ მოუშორებია.

სასამართლოს დასაწყისში მისმა ადვოკატებმა აღიარეს ცარნაევის დანაშაული, თუმცა თქვეს, რომ ცარნაევი უფროსი ძმის, ტამერლანის, გავლენის ქვეშ იყო, როცა მონაწილეობას იღებდა ყოველწლიური მარათონის ფინიშის ხაზთან წვეტიანი და მჭრელი საგნებით სავსე ორი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟების პროცესში.

ძმებ ცარნაევების მამის ბიძაშვილმა, საიდ ცარნაევმა, რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურ სამსახურს 9 აპრილს გროზნოდან მისცა ინტერვიუ. ის მთელ საქმეს შეთითხნილს უწოდებს და აცხადებს, რომ ძმებს უსაფუძვლოდ დასდეს ბრალი. ცარნაევების მშობლების მდგომარეობას საიდ ცარნაევი ასე აღწერს:

„მათი ემოციური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ძმებ ცარნაევების მშობლები ვერ უძლებენ თავიანთი ვაჟების თაობაზე რაიმე შეხსენებას. მათთან ამ თემაზე ლაპარაკი ძალიან ძნელია. მათ უჭირთ დარდის გადალახვა, გარკვეულწილად გონება დაკარგეს ამის გამო“.

ტამერლან ცარნაევი პოლიციასთან სროლას ემსხვერპლა. ჯოხარს პოლიციამ მაშინ მიაგნო, როცა ის, დაჭრილი, ბოსტონში მომხდარი აფეთქებიდან ოთხი დღის შემდეგ ნავზე იმალებოდა. მის მოსაძებნად ბოსტონსა და მის შემოგარენში მასშტაბური საპოლიციო ოპერაცია ჩატარდა.

პოლიციამ ნავზე მიაგნო ნაჩქარევად დაწერილ წერილს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თავდასხმა ჯოხარმა და მისმა ძმამ განახორციელეს, რათა შური ეძიათ აშშ-ის მონაწილეობით მიმდინარე კონფლიქტებში მოკლული მუსლიმების გამო.

სასამართლოს მსვლელობისას 92 მოწმე დაიკითხა. აფეთქებას გადარჩენილმა მოწმეებმა თავდასხმის შემდგომი მძიმე წუთები გაიხსენეს.

დაღუპული სამი ადამიანიდან ერთ-ერთი იყო რვა წლის ბიჭი, მარტინ რიჩარდი. სასამართლოზე მისმა მამამ გაიხსენა, როგორ მოუწია თავისი სასიკვდილოდ დაჭრილი ვაჟის მიტოვება, რათა დახმარებოდა 6 წლის ქალიშვილს, რომელსაც აფეთქებამ ფეხი მოჰგლიჯა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG