Accessibility links

logo-print

ჯონ კერის ვიზიტი და საქართველოს მოლოდინი ნატოს სამიტის წინ


ჯონ კერი

ჯონ კერი

6 ივლისს საქართველოში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის ელოდებიან. ოთხშაბათს მისი თანათავმჯდომარეობით უნდა გაიმართოს აშშ-​საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომა და გაიმართება ასევე შეხვედრები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, ჯონ კერი თბილისიდან კიევისკენ გაემგზავრება, ხოლო შემდეგ (პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ერთად) ჩავა ვარშავაში 8-9 ივლისს ნატოს სამიტში მონაწილეობის მისაღებად. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ვარშავის სამიტის წინ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატოს საგანგებო ინტერესს შავი ზღვის რეგიონისა და, მათ შორის, საქართველოს მიმართ. რას შეიძლება მოელოდეს საქართველო ვარშავის სამიტზე?

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, 6 ივლისს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი შეხვედრას გამართავს პრემიერ-​მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან. ამ შეხვედრაზე განსახილველ მთავარ საკითხებად სახელდება აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ჭრილში და, ასევე, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. ამავე წყაროს ცნობით, ჯონ კერის თანათავმჯდომარეობით 6 ივლისს გაიმართება აშშ-​საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომა და სტუმარი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გარდა, შეხვდება ასევე ოპოზიციურ პარტიათა ლიდერებს.

საქართველო მოიაზრება ფართო რეგიონალურ კონტექსტში, შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში, რომელიც ნატოს დღის წესრიგში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, გამომდინარე რუსეთის აგრესიული რევანშიზმიდან ჩვენს რეგიონში...

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ვარშავის სამიტის წინ ერთ-ერთ მეტად მნიშვნელოვან მოვლენად მიაჩნია საქართველოს „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტს, აშშ-ში საქართველოს ყოფილ ელჩს, ბათუ ქუთელიას. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის საკითხს ძირითადად უსაფრთხოების კუთხით განიხილავს, თუმცა ყურადღება მახვილდება ასევე ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივებზეც:

„საქართველო მოიაზრება ფართო რეგიონალურ კონტექსტში, შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში, რომელიც ნატოს დღის წესრიგში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, გამომდინარე რუსეთის აგრესიული რევანშიზმიდან ჩვენს რეგიონში. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოებაა ერთ-ერთი მთავარი, თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივი დღის წესრიგიც საკმაოდ კომპლექსური გვაქვს, დაწყებული თავისუფალი ვაჭრობით, დამთავრებული დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებით. ყველაფერი ეს იქნება მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველომ შემდეგ პოლიტიკურ სეზონში – გარდა იმისა, რომ ვარშავის სამიტია – წარმატებით ჩააბაროს დემოკრატიის ტესტი“.

ბათუ ქუთელია, სხვა ბევრი ანალიტიკოსის მსგავსად, მიიჩნევს, რომ შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვანი და სასიკეთო როლის შესრულება შეუძლია საქართველოსთვის ნატოსკენ მიმავალ გზაზე და ამ სარგებლის მისაღებად საქართველოს მართებს ურთიერთობების გაღრმავება და გააქტიურება ორმხრივ ფორმატში შეერთებულ შტატებთან. რაც შეეხება მოახლოებულ ვარშავის სამიტს, როგორც საქართველოს „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია ეუბნება რადიო თავისუფლებას, ღონისძიება შედეგიანად რომ ჩაითვალოს, საქართველომ უნდა მიიღოს სამი რამ: 1. მკაფიო საგზაო რუკა ალიანსში გასაწევრიანებლად; 2. ორმხრივი უსაფრთხოების დამატებითი მექანიზმები და 3. არსებული მექანიზმების კიდევ უფრო მეტი შინაარსით დატვირთვა.

კონკრეტული პასუხი შეკითხვაზე, რას მიიღებს საქართველო ვარშავის სამიტზე, არ არსებობს, მაგრამ მოლოდინის კონტურები მაინც იკვეთება. თუკი საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს მოვუსმენთ, მოლოდინი ძირითადად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხს უკავშირდება:

„ერთი რამ, რაც შეგვიძლია აბსოლუტურად ცალსახად ვთქვათ, არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა სამიტიდან გაცილებით უფრო მეტი შესაძლებლობებით დატვირთული, გაცილებით უფრო მეტი ორმხრივი პროექტებით აღჭურვილი და თავდაცვისუნარიანობის კონკრეტული მიმართულებების მიხედვით უფრო გაძლიერებული გამოვა, ვიდრე ის არის დღეს. მიმდინარეობს საუბარი პოლიტიკურ კონტექსტზეც, დეკლარაციის პოლიტიკურ ნაწილზეც და იმედი მაქვს, რომ საქართველოს ამ კუთხითაც ექნება წარმატება“.

ეს განცხადება თინა ხიდაშელმა ორიოდე კვირის წინ ბრიუსელში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუსთან შეხვდრის შემდეგ გააკეთა, 4 ივლისს კი ვარშავის სამიტისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე ამ საკითხზე ილაპარაკა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. ცხადია, არც მან გასცა პასუხი შეკითხვას, თუ რას მიიღებს საქართველო ალიანსისგან ვარშავის სამიტზე, მაგრამ აღნიშნა, რომ მთავარი მიზანი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას უკავშირდება:

იენს სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგი

„ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვაძლიერებთ მხარდაჭერას, რისთვისაც ვეხმარებით საქართველოს პოლიტიკური თუ პრაქტიკული თვალსაზრისით, რისთვისაც ჩვენ გავხსენით საწვრთნელი ცენტრი და რისთვისაც ვითარდება ჩვენი თანამშრომლობა სხვა გზებითაც, ეს ყველაფერი კეთდება საქართველოს დასახმარებლად, რათა ქვეყანამ განიმტკიცოს ბრძოლისუნარიანობა და შესაძლებლობები წინააღმდეგობა გაუწიოს გარედან მომავალ წნეხს. ცხადია, საქართველოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ნატოსთვის, რადგანაც საქართველომ გამოსცადა დიდი წნეხი გარე ძალების მხრიდან და ჩვენ კვლავაც დავეხმარებით მას, რათა გაუმკლავდეს წნეხს“.

იენს სტოლტენბერგის განმარტებით, ვარშავის სამიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ისინი პოლიტიკურ მხარდაჭერას გამოხატავენ და ასევე დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, თუმცა, ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ვარშავის სამიტის ფარგლებში მსჯელობა საქართველოს პრაქტიკული დახმარების შესაძლებლობების ჭრილშიც გაიმართება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG