Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძლიერი საქართველო კავკასიის რეგიონში


მიხეილ ჯანელიძე, ჯონ კერი
მიხეილ ჯანელიძე, ჯონ კერი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი უახლოეს მომავალში - სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში - საქართველოში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ მან 15 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

გამოხატა რა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ძლიერი საქართველო კავკასიაში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რას უკავშირდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოსალოდნელი ვიზიტი საქართველოში და რა ნიშნით იძენს აქტუალობას კავკასიის რეგიონი?

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ამ უკანასკნელის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან საუბრის თემები მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა როგორც საქართველო-შეერთებული შტატების ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს და შეერთებული შტატების მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ისე ნატოს ვარშავის სამიტს და იმ ამოცანებს, რომლებსაც საქართველო სახავს.

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოში მთავარი ყურადღება ეკონომიკური განვითარებისა და საქართველოს მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნისკენაა მიმართული. გვჯერა, რომ დამოუკიდებელი, ერთიანი და აყვავებული საქართველო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის...
ჯონ კერი

სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხების ჩამონათვალში მოხვდა ასევე საქართველოს წვლილი მშვიდობის განმტკიცებასა და ავღანეთში ტერორიზმთან ბრძოლაში, რისთვისაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა. აქვე აღნიშნა ის როლიც, რომელიც საქართველოს ენიჭება კავკასიის რეგიონის სტაბილურობის საქმეში, თუმცა იმისათვის, რომ ამ როლის შესრულება შეძლოს, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ფიქრობს, რომ თავად საქართველო უნდა იყოს ძლიერი, ანუ დამოუკიდებელი, გაერთიანებული და წარმატებული.

“მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოში მთავარი ყურადღება ეკონომიკური განვითარებისა და საქართველოს მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნისკენაა მიმართული. გვჯერა, რომ დამოუკიდებელი, ერთიანი და აყვავებული საქართველო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“, აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ბრიფინგზე, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართა.

თავის მხრივ, მიხეილ ჯანელიძემ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, რეგიონალური განვითარების ხელშეწყობის კონტექსტში:

“დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები კვლავ შეასრულებს რეგიონალური ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული პროგრესისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საყრდენის როლს როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს მიღმა“.

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას აზრით, არ არის პოზიტიური ის ფაქტი, რომ 15 მარტს გამართულ ბრიფინგზე საქართველო კავკასიის რეგიონალურ აქტორად წარმოაჩინა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა:

„შეერთებული შტატები, ზოგადად, საქართველოს განიხილავს პოსტსაბჭოთა სივრცის ან აღმოსავლეთ ევროპის ნაწილად. და რაც შეეხება კავკასიასთან დაკავშირებით, ევროკავშირს ჰქონდა ასეთი მიდგომა ბოლო წლებამდე, მაგრამ ბოლო დროს მაგ კუთხით ევროკავშირის მიდგომაც იცვლება. ამდენად, რატომ თქვა კავკასია, ბოლომდე ჩემთვისაც გაუგებარია. ერთადერთი, გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონზე გამახვილდა ყურადღება, რაც, რა თქმა უნდა, ზოგადად, პოზიტიური არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მიბმა რეგიონთან, რომელიც ფეთქებადსაშიშია, იმ დროს, როდესაც საქართველოს სულ სხვა ამბიციები აქვს ევროატლანტიკურ სივრცესთან დაკავშირებით, მე მგონი, ძალიან პოზიტიურადაც არ უნდა შევხედოთ ამას“.

კორნელი კაკაჩია შექმნილ ვითარებას ქართული დიპლომატიის პასიურობით ხსნის და ამბობს, რომ ბოლო წლებში იგი ინერციით მიდის, ახალი ხედვებისა და ინიციატივების გარეშე, მათ შორის, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში, რომლისთვისაც საქართველოს საკითხი უკრაინისა და სირიის კრიზისის ფონზე, მისი აზრით, კიდევ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა.

ხათუნა ლაგაზიძე
ხათუნა ლაგაზიძე

რა მიზანს ისახავს, შესაბამისად, შექმნილ ვითარებაში შეერთებული შტატების სახელწიფო მდივნის მოსალოდნელი ვიზიტი საქართველოში? ამ კითხვით კი პოლიტიკურ ექსპერტს ხათუნა ლაგაზიძეს მივმართეთ. იგი ფიქრობს, რომ ამერიკის მაღალი რანგის ოფიციალური პირის ვიზიტი საქართველოში, დიდწილად, შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება:

“ჯონ კერის მოსალოდნელი ვიზიტი, მე მგონი, ხელისუფლების მხრიდან გადათარგმნილი იქნება როგორც მათი მხარდაჭერის დეკლარირება, რასაც, მე პირდაპირ გეტყვით, რომ გამოვრიცხავ, მიუხედავად იმისა, დიპლომატიური ეტიკეტი რას დაავალდებულებს ბატონ კერის აქ ვიზიტისას. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ამერიკელი მაღალი რანგის ოფიციალური პირი საქართველოს ხელისუფლებას ძალიან კატეგორიულად გააფრთხილებს, რომ არჩევნები - 2016 წლის არჩევნები - უნდა ჩატარდეს სამართლიანობისა და დემოკრატიის პრინციპების სრული დაცვით. მე ამაში ღრმად გახლავართ დარწმუნებული“.

ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები ეცდებიან მაქსიმალურ კონტროლზე აიყვანონ მომავალი არჩევნები და მოითხოვონ ხელისუფლებისგან, რომ მხოლოდ კანონის შესაბამისად იმოქმედოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG