Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უპასუხო კითხვა - ჟონავს თუ არა გაზი?


გაზის მრიცხველი
გაზის მრიცხველი

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით, წერს, რომ, ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, 14 სექტემბერს 11 პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ პასუხი არ აქვს კითხვაზე - ჟონავს თუ არა ქალაქში ბუნებრივი აირი. უფრო ზუსტად, კომპანიის ხელმძღვანელობამ რადიო თავისუფლებას უარი უთხრა ეპასუხა ამ კითხვაზე. კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის განმარტებით, კომპანია მხოლოდ და მხოლოდ იმ წერილობითი განცხადებით შემოიფარგლება, რომელიც მან 14 სექტემბერს გაავრცელა და სადაც ნათქვამია, რომ მიზეზი ქალაქის რამდენიმე უბანში გამძაფრებული სუნისა, რომელიც ბუნებრივ აირს გამოჰყვა, მასში სპეციალური დანამატის, ოდორანტის, გაშვებაა. ის ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის და პერიოდულად ემატება ბუნებრივ აირს, რათა ადვილად იქნეს აღმოჩენილი აირის გაჟონვის ადგილები.

უპასუხო კითხვა - ჟონავს თუ არა გაზი?
please wait

No media source currently available

0:00 0:04:59 0:00
გადმოწერა

ბუნებრივი აირისთვის სუნის საგრძნობი მატება ხატია შამუგიამ დილის 9 საათისთვის იგრძნო. ის ოჯახთან ერთად ზემო ვერაზე ცხოვრობს. სუნი სახლში აივნებიდან შევიდა. უსიამოვნო სუნმა მეზობლები შეაწუხა. ხატიამ გაზმომარაგების კომპანია „ყაზტრანსგაზის“ ცხელ ხაზთან დაკავშირება მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ, სამსახურისკენ მიმავალმა, მოახერხა:

სისტემატურად ვამატებთ ოდორანტს. უბრალოდ, ახლა ტექნიკური პრობლემის გამო ოდნავ მეტი დოზა დავამატეთ და ამან გამოიწვია აღნიშნული პრობლემა. მცირე ოდენობით, რამდენიმე წვეთით, გადავაჭარბეთ ნორმას, რამაც გამოიწვია მომძლავრებული სუნი...
გიგლა თამაზაშვილი

„მივხვდით, რომ მხოლოდ ჩვენი კორპუსის პრობლემა არ იყო. ცოტა ქვევით რომ ჩამოვედით, რუსთაველისკენ, სუნი იქაც იგრძნობოდა. ამასობაში დარეკვაც მოვახერხეთ და გვიპასუხეს, რომ ოდორანტია გაშვებული, ტექნიკური სამუშაოებია, ამოწმებენ გაჟონვას და საშიში არაფერია“.

სუნი, რომელიც ძირითადად ვაკე-საბურთალოსა და ვერის ტერიტორიაზე გავრცელდა, - თუმცა თბილისის მოსახლეობამ ის სხვა უბნებშიც იგრძნო, - ბუნებრივ აირში ნივთიერება ოდორანტის დამატებამ გამოიწვია. როგორც ”საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში” რადიო თავისუფლებას განუმარტეს, ოდორანტი ბუნებრივ აირს ინტენსიურად ემატება იმისათვის, რომ ადვილად იქნეს შენიშნული აირის გაჟონვა. 14 სექტემბრის დილას ოდორიზაციის შედეგად გამოფრქვეულ სუნს ”საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” მთავარი ინჟინერი გიგლა თამაზაშვილი ტექნიკურ შეცდომას აბრალებს და ამბობს, რომ გამძაფრებული სუნი ბუნებრივ აირში მეტი შემცველობით გაშვებულმა ნივთიერებამ გამოიწვია:

„სისტემატურად ვამატებთ ოდორანტს. უბრალოდ, ახლა ტექნიკური პრობლემის გამო ოდნავ მეტი დოზა დავამატეთ და ამან გამოიწვია აღნიშნული პრობლემა. მცირე ოდენობით, რამდენიმე წვეთით, გადავაჭარბეთ ნორმას, რამაც გამოიწვია მომძლავრებული სუნი“.

კითხვაზე, მხოლოდ გადამეტებული რაოდენობით გაშვებული ოდორანტი გახდა მიზეზი ქალაქში გავრცელებული სუნისა, თუ ამის მიზეზი შეიძლება ბუნებრივი აირის გაჟონვა იყოს, ზუსტი პასუხი გიგლა თამაზაშვილს არ აქვს:

„გაჟონვა აპრიორი არ არის, რადგან შესაძლოა დიასახლისმა გახსნას გაზქურა და ის ერთი-ორი წამი, სანამ ქურას აანთებს, საკმარისი იყოს იმისათვის, რომ სუნი გავრცელდეს. ეს „ყაზტრანსგაზისთვის“ დასასმელი კითხვაა“.

კომპანია „ყაზტრანსგაზი“უარს ამბობს გვიპასუხოს კითხვაზე, აღმოაჩინეს თუ არა ბუნებრივი აირის გაჟონვის შემთხვევები გამოძახებაზე გასულმა კომპანიის საავარიო სამსახურის თანამშრომლებმა. უფრო ზუსტად კი, როგორც რადიო თავისუფლებას კომპანიის თანამშრომელმა განუმარტა, 14 სექტემბრის დღის პირველ ნახევარში გავრცელებული განცხადების გარდა, კომპანია სხვა დამატებით ინფორმაციას აღარ გასცემს. შესაბამისად, ვერ მივიღეთ კითხვაზე პასუხი, ჟონავს თუ არა ქალაქში გაზი.

დილაობით ყოველდღე დგებოდა სუნი. რამდენიმე დღეში კი ისეთი სუნი დადგა, რომ გაზის ანთებისაც შემეშინდა. გარედან, სადარბაზოდან შემოდიოდა სუნი. მოვიდნენ, შეამოწმეს ჩვენი სადარბაზოც და გვერდით სადარბაზოც და მილს რაღაც შემოახვიეს. სადარბაზოში შემომავალი მილი იყო დაზიანებული...
ხატია აფხაზავა

14 სექეტმბრის დილას ბუნებრივ აირში ოდორანტის გაშვების შედეგად გავრცელებულ სუნს ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, გვიხსნის ქიმიის დოქტორი ლელა მეტრეველი: პირველი, ბუნებრივი აირის გაჟონვა და, მეორე, ბუნებრივ აირში ზედმეტი ოდენობის ოდორანტის გაშვება. რა საფრთხეს უქმნის ბუნებრივი აირის გაჟონვა ადამიანებს? როგორც ლელა მეტრეველი განმარტავს, დახშულ სივრცეში გარკვეული რაოდენობის მეთანის დაგროვების შედეგად, შესაძლოა, მოხდეს აფეთქება და გარდა ამისა, „ჟანგბადის შემცველობა აღარ იქნება ჰაერში საკმარისი, რაც გამოიწვევს სუნთქვის გაძნელებას“.

გამძაფრებულმა სუნმა შეაწუხა აგვისტოს ბოლოს ხატია აფხაზავაც. ადგილზე მისულმა საავარიო სამსახურის თანამშრომლებმა ბუნებრივი აირის მილზე დაზიანება აღმოაჩინეს:

„დილაობით ყოველდღე დგებოდა სუნი. რამდენიმე დღეში კი ისეთი სუნი დადგა, რომ გაზის ანთებისაც შემეშინდა. გარედან, სადარბაზოდან შემოდიოდა სუნი. მოვიდნენ, შეამოწმეს ჩვენი სადარბაზოც და გვერდით სადარბაზოც და მილს რაღაც შემოახვიეს. სადარბაზოში შემომავალი მილი იყო დაზიანებული“.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ ბუნებრივი აირისთვის სუნის საგრძნობ მატებასთან დაკავშირებით განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც 14 სექტემბრის დილიდან კომპანიის ცხელ ხაზზსა და სამაშველო სამსახურში მოქალაქეთა ზარებმა მკვეთრად იმატა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ოდორანტის დამატებასთან დაკავშირებით ისინი პასუხისმგებლობას იხსნიან. განცხადების შინაარსის თანახმად, მათ, ერთი მხრივ, მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდეს და განმარტეს, რომ ოდორანტის სუნი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, მეორე მხრივ კი, მოსახლეობას მოუწოდეს, რომ საავარიო ბრიგადის ადგილზე მისვლამდე გადაეკეტათ გაზის ონკანები და გაენიავებინათ ოთახები.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებითვე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ოდორიზაციის განხორციელება, მომსახურება და კონტროლი ევალება შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას". შესაბამისად, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ იმ საქმიანობაზე, რომელსაც თავად არ აწარმოებს და რომელიც მისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს, მოსახლეობის წინასწარ ინფორმირებას ვერ განახორციელებდა.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც სასწრაფო სამედიცინო სამსახურის პრესსამსახურის განცხადებას ეყრდნობა, დღის ბოლოს, ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, 11 პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით კი, ბუნებრივი აირის სუნთან დაკავშირებით 3 000-მდე ზარი შევიდა. როგორც ”ინტერპრესნიუსი” ამ სამსახურზე დაყრდნობით წერს, მაშველთა ჯგუფის დახმარება მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში გახდა აუცილებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG