Accessibility links

logo-print
ქალი, რომელზეც დღეს ვისაუბრებ, მშობლიურ მხარეში ფასდაუდებელ ეროვნულ განძად ითვლებოდა, ათიათასობით კანადელ გოგონას ოთახის კედლები მისი პოსტერებით ჰქონდა აჭრელებული, ხოლო „ლედ ზეპელინის“ ჯეელები მისი გულის მოსაგებად ერთმანეთს ეცილებოდნენ. უყვარდათ პოეზიისა და სიმღერებისთვის, გულწრფელობის, მიზანდასახულობისა თუ ნონკონფორმისტული ზნის გამო. უჩვეულოდ ძლიერი გახლდათ და ხასიათიც არცთუ მარტივი ჰქონდა. ერთხელ ლეონარდ კოენს ჰკითხეს, მასთან როგორი ურთიერთობა გაქვთო. დაქანცულმა ამოიხვნეშა: დაახლოებით იმას ჰგავს, ერთ ოთახში ბეთჰოვენის გვერდით იცხოვროო. დიახ, დღეს ჯონი მიტჩელს გავიხსენებ, თანაც, იუბილარი ბრძანდება - 69 წელი შეუსრულდა.



ჯონი მიტჩელის ნამდვილი გვარ-სახელი რობერტა ჯოან ანდერსონია. 1943 წლის 7 ნოემბერს კანადურ ქალაქ ფორტ მაკლეოდში დაიბადა. დედით კელტების, ხოლო მამით ნორვეგიელი საამების გორისა გახლდათ. ბავშვობა შოპენის, სტრავინსკის, დებიუსის სმენაში და ნიცშეს კითხვაში გაბრუებულმა გაატარა. 9 წლის ასაკში პოლიომიელიტის დიაგნოზით საავადმყოფოში უკრეს თავი, ვეღარ გაივლიო - ახარეს. დიდი ხვითო ვინმე იყო და მძიმე ფიქრებს სიმღერებით უმკლავდებოდა, იქვე პალატაში სახელდახელოდ გამართულ კონცერტებს უწყობდა ხოლმე თანატოლებს. რობერტა ერთი წლის თავზე გამოჯანმრთელდა, მოწევაც მაშინ დაიწყო და საეკლესიო გუნდში გალობაც. კალგარის სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, თუმცა მალევე მობეზრდა და ადგილობრივი კლუბების სცენაზე არჩია გამოსვლა. თამბაქო, მხატვრობა და მუსიკა - ამ სამებით სულდგმულობდა კიდეც მთელი ცხოვრება.



20 წლის რომ შეიქნა, სახლი მიატოვა - ფოლკმომღერალი უნდა გავხდეო. მუსიკოს ჩაკ მიტჩელს გაჰყვა ცოლად და დეტროიტში გადაბარგდა. სამწუხაროდ, ის ტიპი ჯაბანი გამოდგა, რის გამოც ახალგაზრდა ოჯახი მალევე დაინგრა. ერთხანს კი იდარდა, მაგრამ ძალიანაც არ წამხდარა. რამდენიმე თვეში პრესა აალაპარაკა, კრიტიკოსები საკომპოზიტორო ნიჭითა და ვოკალური მონაცემებით მოხიბლა. 1968 წელს ერთ-ერთ პატარა ნიუ-იორკულ კლუბში მას დევიდ ქროსბიმ მოუსმინა, გოგოზე ჭკუა დაკარგა და პირველი ალბომიც გამოაშვებინა. დებიუტმა მაინცდამაინც ვერ ივარგა. აი, მეორე ალბომმა კი, „Clouds“-მა, პრემია გრემი მოუტანა, წლის საუკეთესო ფოლკმომღერლის კატეგორიაში. ეს დისკი დღესაც ახსოვთ და უყვართ. განსაკუთრებით ერთ ულამაზეს ბალადას - „Chelsea Morning“ - “ჩელსის დილას” გამოვყოფდი. ამბობენ, ბილ და ჰილარი კლინტონმა თავიანთ გოგონას სახელი „ჩელსი“ ამ სიმღერით შთაგონებულებმა დაარქვესო.



ჯონი მიტჩელი საკუთარ ფოლკკომპოზიციებს ულამაზესი საგიტარო პასაჟებით, აქა-იქ ჯაზური იდიომებით, გემრიელი არანჟირებებითა და, რა თქმა უნდა, ნატიფი ლირიზმით ამდიდრებდა. მსმენელის ჭკუაზე სიარული, მათი გულის მოგება თუ კონფორმიზმი არ მოსდგამდა, ამიტომ დაშაქრული პროდუქტის შექმნა არც არასოდეს უცდია. მიუხედავად იმისა, რომ მისი ტექსტები თუ მუსიკის ჰარმონიული სტრუქტურა რთული გახლდათ, მსმენელი არ დაუკარგავს, პირიქით - მთელ თაობებს შეაყვარა თავი. რაღა ბევრი გავაგრძელო, რამდენიმე ალბომს გავიხსენებ. მაგალითად, 1971 წლის „Blue“-ს, ყველაზე მნიშვნელოვან ნამოქმედარს მის კარიერაში. კრიტიკოსებმა ნამუშევარს „მუსიკოსის შემოქმედების მწვერვალი“ უწოდეს, ხოლო თავად შეფასებაში უფრო პოეტური გამოდგა: ისეთივე გულწრფელი და სუფთა ალბომია, როგორიც ჩარლი პარკერიო.



გარდა ფოლკალბომებისა, მიტჩელმა ელექტრონულ მუსიკაშიც გამოსცადა თავი, რამდენიმე საცეკვაო ყაიდის დისკი ჩაწერა. რაღაც ხანს უილი ნელსონთან, პიტერ გებრიელთან და ტომ პეტისთან თანამშრომლობდა. კონცერტებზე კი ბობ დილანს, ვან მორისონსა თუ როჯერ უოტერსს უწევდა ხოლმე პარტნიორობას. ბოლოს ასაკმა მაინც თავისი გაიტანა, ასაკმა და თამბაქოს არანორმალურად დიდი დოზებით მოხმარებამ - ხმა წაუხდა, მისი ნატიფი და წკრიალა ბგერისგან აღარაფერი დარჩა. მოკლედ, სიმღერების წერას შეეშვა - თუ სადმე გამოჩნდებოდა, ისევ ძველ ჰიტებს ასრულებდა ხრინწიანი, გაუხეშებული ხმით. 2002 წელს კი ჟურნალ „როლინგ სთოუნში“ თანამედროვე მუსიკალური ბიზნესი გამოლანძღა, კლოაკად მოიხსენია, სადაც ბინძური და უგემოვნო პროდუქტის მეტი აღარაფერი ილექებაო. ადგა და თავის ძველ საქმეს - მხატვრობას - დაუბრუნდა.

გემრიელი ლუკმა ბოლოსთვის მოვიტოვე. ზემოთ პარკერი ვახსენეთ, - ჰოდა, ჯაზის ამბავიც ვთქვათ. თანაც, გამოვტყდები - ჯონი მიტჩელის შემოქმედების ჯაზური მხარე გაცილებით მეძვირფასება, ვიდრე ფოლკბალადები. ჯერ იყო და გადარეულ ჯაკო პასტორიუსთან ერთად ალბომი „Hejira“ გამოაცხო, შემდეგ ლარი კარლტონთან და უეინ შორტერთან ერთად დონ ჟუანის უდარდელ ქალიშვილზე იმღერა, ბოლოს კი ჩარლი მინგუსს გადაეყარა. უფრო სწორად, თავად კონტრაბასისტმა შესთავაზა თანამშრომლობა: მუსიკა ჩემი, ტექსტები - შენიო. საუბარი არც მეტი, არც ნაკლები ტომას ელიოტის „ოთხი კვარტეტის“ ადაპტაციაზე გახლდათ. სამწუხაროდ, ჩარლი მინგუსი ალბომის ჩაწერის დასრულებას ვერ მოესწრო, 1979 წლის 5 იანვარს გარდაიცვალა. დაწყებული საქმე კი ბოლომდე ჯონიმ მიიყვანა, ჰერბი ჰენკოკთან, უეინ შორტერთან, დონ ელიასა და ჯაკო პასტორიუსთან ერთად. მე რომ მკითხოთ, ალბომი „მინგუსი“ ერთ-ერთი საუკეთესოა არა მარტო ჯონი მიტჩელის, არამედ ჯაზური მუსიკის ისტორიაშიც, ზუსტად ისეთი, ყველა თავმოყვარე მელომანს რომ უნდა ეგულებოდეს.

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG