Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შენი ჭირიმე სიკვდილოს“ პორტუგალიური ვერსია


დღეისთვის 1998 წლის ნობელიანტის, ჟორჟ სარამაგუს უკვე ოთხი რომანია ქართულად გამოცემული. პირველად „ინტელექტმა“ დაბეჭდა 2006 წელს „მოგონებანი მონასტერზე“, 2013-ში და 2014 „პალიტრა L”-მა - „სიკვდილი ისვენებს“ და „სიბრმავე“, ხოლო წელს, სულ ახლახან „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ - „იესოს სახარება“. ყოველივე ეს აჩვენებს, რომ ამ ავტორისადმი რეალური მძაფრი ინტერესი არსებობს, თუმცა კი მისი შემოქმედების დანახვისა და გააზრების პროცესი, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მხოლოდ ახლა იწყება. ჩემი მხრივ, დღეს მე 2005 წელს დაწერილ მის რომანზე, „სიკვდილი ისვენებს“ გესაუბრებით, სამომავლოდ კი შევეცდები სხვა წიგნებიც გაგაცნოთ.

სანამ უშუალოდ სარამაგუს (და არა სარამაგოს, როგორც წიგნის ყდაზეა აღნიშნული) ამ რომანზე გადავსულვართ, უნდა აღვნიშნო, რომ ოთხივე წიგნი სხვადასხვა მთარგმნელის მიერაა ნათარგმნი, ანუ გამორჩეულად ამ ავტორზე ორიენტირებული მთარგმნელი ჩვენ არ გვყავს, და ალბათ არც შეიძლება გვყავდეს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში პორტუგალიური ენისწესიერი სპეციალისტი არც კი მეგულება. არადა, ადრე თუ ეს საშინელი მინუსი მაინცდამაინც თვალში არ გვხვდებოდა, რაც დრო გადის, ვფიქრობ, სულ უფრო გასაგები ხდება, თუ რამდენად მდიდარია პორტუგალიური ლიტერატურა, დაწყებული აღორძინების ეპოქის კლასიკოსით, ლუიშ დე კამოეშით, გაგრძელებული მეოცე საუკუნის დასაწყისის ძლიერი პოეტური სკოლით, გვირგვინად რომ ადგას სრულიად არაჩვეულებრივი ფერნანდო პესოა, დასრულებული დიადი რომანისტით ჟორჟ სარამაგუთი და პლუს ბრაზილიური ლიტერატურა თავისი ჟორჟ ამადუთი თუ თუნდაც პაულო კოელიოთი. ამიტომ ჩემი დღევანდელი სიუჟეტის მთავარი მესიჯი იქნება, რომ უმაღლესმა სასწავლებლებმა თუ ყველამ, ვის ინტერესებშიც თუ მოვალეობაშიც შეიძლება ეს შედიოდეს, იფიქრონ იმაზე, რომ პორტუგალიურენოვანი ლიტერატურის ორიოდე ქართველი მთარგმნელი მაინც გამოაწრთონ რაღაც ძალებით უახლოეს მომავალში, რათა რუსულიდან გაკეთებული თარგმანების კითხვა აღარ გვიწევდეს.

რაც შეეხება ამ რომანს, იგი მერაბ მეტრეველის თარგმნილია, იმ მერაბ მეტრეველის, რომელსაც საზოგადოება ძირითადად იცნობს როგორც ჟურნალისტს. ეს ტექსტი აშკარად არ იყო იოლი სათარგმნი და შეიძლება ითქვას, რომ მერაბ მეტრეველმა ამ დავალებას კარგად გაართვა თავი.

თუ სიკვდილი აღარ არსებობს, მაშასადამე რელიგიაც აზრს კარგავს: აღარ არსებობს მკვდრეთით აღდგომა, აღარ არსებობს საიქიო ცხოვრება და ა.შ. მოკლედ, როგორც რელიგიური, ასევე მთელი პოლიტიკური სამყარო და მთელი სოციალური ატმოსფერო არეულ-დარეულია და ყველაფერი თავდაყირა დგება...
ოთარ ჯირკვალიშვილი

რომანზე სასაუბროდ მოვიწვიე ახალგაზრდა პროზაიკოსი ოთარ ჯირკვალიშვილი.

ოთარ ჯირკვალიშვილი: „გარდა იმისა, რომ ეს რომანი წმინდა ლიტერატურული თვალსაზრისით არის გენიალური, ასევე შეიცავს, ჩემი აზრით, ღრმა ფილოსოფიურ პლასტებს. ზოგიერთი ფილოსოფოსის მოსაზრებით, სიცოცხლე და ფილოსოფია ზოგადად არის - მზადება სიკვდილისთვის. ამ თვალსაზრისით ორად დავყოფდი ადამიანებს: არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან სიკვდილისთვის, და არსებობენ ადამიანები, რომლებიც გამზადებული არიან სიკვდილისთვის. პირველი კატეგორიაა უფრო ფილოსოფოსები და ვინც რეფლექსიას ახდენს უშუალოდ სიკვდილზე - ასეთი ხალხი ცოტაა. და აი, ვინც გამზადებულია სიკვდილისთვის და საერთოდ არ ფიქრობს სიკვდილზე, ეს რომანი სწორედ ასეთ ხალხს ეძღვნება“.

რითია ეს რომანი გამორჩეული? რომ ვთქვათ, სიკვდილის ფენომენის გააზრებითო, ამითი ვერაფერს ვიტყვით, რადგან ალბათ არცერთი დიდი ნაწარმოები ამის გარეშე არ არსებობს. მწერლები ხან სიკვდილთან „მოსაუბრე“ კონკრეტულ ადამიანს იკვლევენ, ხან ადამიანთა რაღაც ჯგუფის, მთლიანად ქვეყნის თუ საერთოდ მთელი კაცობრიობის პირისპირ მდგარ სიკვდილს. ცხადია, ერთი მეორეს არ გამორიცხავს და ზოგჯერ ეს ორივე მხატვრულ ტექსტში ერთადაა. და ეგზისტენციალურია, მისტიკურია თუ სოციალურ-პოლიტიკურია ტექსტი, სიკვდილის არსებობა და მისდამი დამოკიდებულება არის ლაკმუსის ქაღალდივით, რამაც კონკრეტული ადამიანების თუ ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მთავარი თვისებები უნდა აჩვენოს. სარამაგუც თითქოს ამ გზით მიდის, მაგრამ ყველაფერს პირიქით აკეთებს. მის რომანში ეს ლაკმუსის ქაღალდი უკვე არა სიკვდილის არსებობაა, არამედ მისი გაქრობა, მისი არარსებობა. ერთ-ერთი ქვეყანა ერთ დღეს იღვიძებს და აღმოჩენს, რომ იქ არავინ კვდება. მაგრამ ეს მაინც არაა მარადიულობაზე დაწერილი ტექსტი, ზღაპარი. სარამაგუმ მოახერხა უცნაური რამ: აღწერა შუალედური სამყარო - სადაც სიკვდილი არც ბოგინებს და არც დამარცხებულია. ის მხოლოდ ისვენებს და რაც დრო გადის, მით უფრო მეტად იგრძნობა, რომ ადრე თუ გვიან ის უკან უნდა დაბრუნდეს. და რაც უფრო მეტს ისვენებს სიკვდილი, მით უფრო მეტად იღლება და იტანჯება ადამიანი. პირველ აღფრთოვანებას ნელ-ნელა ეჭვები მოჰყვება, ჩნდება პრობლემები, ეს პრობლემები სულ უფრო მწვავდება და ყველაფერი თანდათან სოციალურ კატასტროფამდე მიდის.

ოთარ ჯირკვალიშვილი: „პირველი ნაწილი ამ რომანის არის ადამიანებზე, სოციალურ თემატიკაზე უფრო მეტად, ანუ რა პრობლემებს იწვევს სიკვდილის არარსებობა ქვეყანაში. იქ არსებობს უამრავი სადაზღვევო კომპანია, კორპორაცია, რომლებიც გრძნობენ საშიშროებას, რომ ისინი უბრალოდ გაკოტრდებიან, იმიტომ რომ ამდენი ფული არავის არა აქვს, რომ მარადიულად უხადოს ადამიანებს, რომლებიც არ იღუპებიან. ასევე აქ საინტერესოდ და პაროდიულად არის ნაჩვენები, როგორ აღშფოთდებიან მეკუბოვეები, რაღაც ასოციაციებს ჩამოაყალიბებენ და აპროტესტენ, და აქ არის ასევე ძალიან კარგად გამოკვეთილი რელიგიური ფაქტორიც, იმიტომ რომ ფაქტობრივად თუ სიკვდილი აღარ არსებობს, მაშასადამე რელიგიაც აზრს კარგავს: აღარ არსებობს მკვდრეთით აღდგომა, აღარ არსებობს საიქიო ცხოვრება და ა.შ. მოკლედ, როგორც რელიგიური, ასევე მთელი პოლიტიკური სამყარო და მთელი სოციალური ატმოსფერო არეულ-დარეულია და ყველაფერი თავდაყირა დგება“.

როდესაც რომანს ვკითხულობდი, მეგონა, რომ ავტორი მთელ საკუთარ ფანტაზიას თუ ანალიტიკურ უნარს ბოლომდე მიზანმიმართულად წარმართავდა იმის საჩვენებლად, თუ რა მდგომარეობამდე შეიძლება მივიდეს ასეთ არაბუნებრივ ფორმატში მოქცეული ქვეყანა. სარამაგუ ყოველივე ამას საკმაოზე ცხადად აჩვენებს, მაგრამ წიგნს ამითი არ ამთავრებს. შეიძლება ითქვას რომ მოულოდნელად რომანში ჟანრული გარდატეხა ხდება. მასობრივ ვნებათაღელვებს, აბსოლუტურად მოშლილი საზოგადოების კვლევას, პოლიტიკურ სატირას იგი უცებ თავს ანებებს და სიკვდილის შესახებ სულ სხვა ტიპის იგავის მოყოლას იწყებს.

ოთარ ჯირკვალიშვილი
ოთარ ჯირკვალიშვილი

ოთარ ჯირკვალიშვილი: „წიგნის მეორე ნაწილში უკვე რაღაცნაირად განპიროვნებული სიკვდილი შემოდის და თითქოს ბანალურ ქარგაზეა აგებული - იქ არის საუბარი ხელოვანზე. როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე, იმაზე, თუ რამ შეიძლება დაამარცხოს სიკვდილი, არსებობს ბანალური პასუხი, რომ აი, ხელოვნება მარადიულია და ხელოვნება ამარცხებს სიკვდილს. თითქოს ეს იდეაა გატარებული მეორე ნაწილში, მაგრამ ეს არის ძალიან ორიგინალურად და დიდი ოსტატობით გაკეთებული. თომას მანს ჰქონდა ასეთი გამონათქვამი: ჩვენ ჩვეულებრივ ამბებს ვყვებით არაჩვეულებრივად. ჩვეულებრივი ამბავი მაშინაა არაჩვეულებრივი, როდესაც იგი არაჩვეულებრივი მიზეზებითაა განპირობებული. მაგიურ რეალიზმს მიეკუთვნება ჩემი აზრით ეს ტექსტი და რა თქმა უნდა აქ ჩვეულებრივი ამბები არ ხდება, მაგრამ ჩვეულებრივად გვიყვება ავტორი სრულიად ფანტასტიკურ და დაუჯერებელ ამბებს. და ეს იდეაა გატარებული, როდესაც ხელოვანს გადაეყრება სიკვდილი და საინტერესოდ არის აქ გაკეთებული, რომ როდესაც როგორც ქალი, ასე წარმოუდგება სიკვდილი ამ ვიოლონჩელისტს, ხელოვანს, მამაკაცს, და ის ეუბნება, მოდი, ხელზე მოგკიდებ ხელს, - „არა, მე ხელები ყოველთვის ცივი მაქვს“ - ეს ეუბნება, და რომანი კი ასე მთავრდება, რომ ბოლოს მაინც შეეხება ხელზე ეს ვიოლონჩელისტი, ხელოვანი და უკვე სიკვდილს გამთბარი აქვს ხელები“.

მე ვფიქრობ, რაც დრო გავა, ეს რომანი მით უფრო აქტუალური გახდება, ვინაიდან თანამედროვე მეცნიერება და მედიცინა მთელი ძალისხმევით ცდილობს, ადამიანი მარადიულობას მიუახლოვოს, მისი ცხოვრება არაბუნებრივად გაწელოს. ცხადია არა მთელი კაცობრიობის, არამედ პრივილეგირებული ჯგუფების. და რაც უფრო მოახერხებს იგი ამას, სარამაგუს წინასწარმეტყველებები ალბათ უფრო ახდება. და ცას გამოკერებულ ადამიანებს შესაძლოა ბოლოს და ბოლოს მართლა გაუჩნდეთ სიკვდილთან ინტიმი, იგრძნონ მისი თბილი ხელები.

ოთარ ჯირკვალიშვილი: „ამ წიგნის საერთო მოტივზე რომ ვილაპარაკოთ, საერთო აზრზე, ალბათ ჩვენმა გენიოსმა პოეტმა ვაჟა-ფშაველამ მანამდე გამოხატა, როდესაც თქვა: შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითა“.

XS
SM
MD
LG