Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”თელასის” გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღდგენას მოითხოვენ


სააქციო საზოგადოება თელასის შენობა
სააქციო საზოგადოება თელასის შენობა
სააქციო საზოგადოება ”თელასის” 120-მდე გათავისუფლებული თანამშრომელი აცხადებს, რომ სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადებები მათ ”თელასის” კომერციული დირექტორის ზურაბ არსოშვილის ზეწოლის შედეგად დაწერეს. 17 ოქტომბერს ”თელასის” წინ აქცია გაიმართა. კომპანიის ყოფილმა თანამშრომლებმა გენერალური დირექტორის, აშოტ მანუკიანის სახელზე განცხადება შეიტანეს, სამსახურში აღდგენის მოთხოვნით. ”თელასის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, ზურაბ არსოშვილი ბრალდებებს არ პასუხობს, აშოტ მანუკიანი კი კუთვნილ შვებულებაში იმყოფება და განცხადებას შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ გააკეთებს.

- ეს ხომ კანცელარიაა? წერილი ხომ თქვენ უნდა მიიღოთ?
- კანცელარია აქეთ არის.
- კი მაგრამ, იქიდან აქეთ გადმოგვამისამართეს, როდემდე ვიაროთ ასე წინ და უკან? გამოვიდეს კანცელარიის რომელიმე თანამშრომელი და ჩაიბაროს წერილი.

ადამიანი რომ შემოვა, დაგიჯდება კაბინეტში და პირისპირ გელაპარაკება, რომ არ აინტერესებს რა მიმუშავია და როგორ მიმუშავია და რომ მეუბნება, შეიცვალა მდგომარეობა და უნდა წახვიდეო... ვუთხარი, რომ არ დავწერ-მეთქი. არ დაწერ და ბევრი წლით წახვალ, სადაც საჭიროა - ხომ იცი, რაც გამიკეთებიაო. პირადად არსოშვილმა მითხრა ასე...
”თელასის” ყოფილი თანამშრომელი.

დიდხანს ცდილობდა სააქციო საზოგადოება ”თელასის” ყოფილი თანამშრომელი ნინო ტივაძე კომპანიის გენერალური დირექტორის სახელზე დაწერილი განცხადების კანცელარიაში ჩაბარებას. ნინო ტივაძე 15 წლის განმავლობაში ”თელასში” მუშაობდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ, ისევე როგორც ”თელასის” 120-მდე სხვა თანამშრომელი, სამსახურიდან ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს, უფრო ზუსტად კი, მათ სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადებები საკუთარი ხელით დააწერინეს:

”პირველ აგვისტოს დამირეკეს და მითხრეს, დაწერე განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე და გამოაგზავნე უთარიღოდო. ვიკითხე, დავაშავე რამე-მეთქი? არაფერიო, სხვა ხედვა გვჭირდებაო”, - იხსენებს სამსახურიდან გათავისუფლების დღეს ნინო ტივაძე.

თელასის ყოფილი თანამშრომლები სამსახურში აღდგენას ითხოვენ
please wait

No media source currently available

0:00 0:02:26 0:00
გადმოწერა

წერილში, რომელიც ”თელასის” კანცელარიაში გენერალური დირექტორის, აშოტ მანუკიანის სახელზე შევიდა და რომელსაც 80-მდე ადამიანი აწერს ხელს, ვკითხულობთ:

”2012 წლის 20 ივნისს ს.ს. ”თელასში“ შეიცვალა დირექცია, რომელიც გადმოვიდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროდან, რის შემდეგაც დაიწყო თანამშრომლების უმიზეზოდ ეტაპობრივად გათავისუფლება. თანამშრომლებს დაავალეს დაეწერათ განცხადებები სამსახურიდან პირადი სურვილით გათავისუფლების თაობაზე. იმ მიზეზის გამო, რომ ვიცოდით, არსებული ხელისუფლების პირობებში კანონი არ დაგვიცავდა, იძულებულები გავხდით დაგვეწერა განცხადებები, რასაც მოჰყვა ჩვენი გათავისუფლება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გავხდით არსებული ხელსუფლების მსხვერპლნი. გთხოვთ დახმარებას სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით.”

”თელასის” ყოფილი თანამშრომლები მათ გათავისუფლებაში ბრალს ზურაბ არსოშვილს, ”თელასის” კომერციულ დირექტორს, სდებენ. როგორც ისინი ამბობენ, სწორედ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ყოფილი მოადგილის, ზურაბ არსოშვილის, კომერციულ დირექტორად დანიშვნას მოჰყვა თანამშრომლეთა მასობრივი გათავისუფლება. ლევან გაგნიძე, ”თელასის” ოქროსუბნის ბიზნესცენტრის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ზურაბ არსოშვილი მასზე პირადად ახორციელებდა ზეწოლას:
”თელასის” გათავისუფლებული თანამშრომლები
”თელასის” გათავისუფლებული თანამშრომლები

”ადამიანი რომ შემოვა, დაგიჯდება კაბინეტში და პირისპირ გელაპარაკება, რომ არ აინტერესებს რა მიმუშავია და როგორ მიმუშავია და რომ მეუბნება, შეიცვალა მდგომარეობა და უნდა წახვიდეო... ვუთხარი, რომ არ დავწერ-მეთქი. არ დაწერ და ბევრი წლით წახვალ, სადაც საჭიროა - ხომ იცი, რაც გამიკეთებიაო. პირადად არსოშვილმა მითხრა ასე. მისი ნალაპარაკევი არ ჩამიწერია, რა ვიცოდი, ასე თუ მოიქცეოდა. ჩვენ გვეგონა, ადამიანი ენერგეტიკის სამინისტროდან არის მოსული, ესმის პრობლემები და, პირიქით, დაგვეხმარებოდა, მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგა.”

შეგახსენებთ, რომ ზურაბ არსოშვილი სხვადასხვა დროს იყო პარლამენტის წევრი, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსი, შიდა ქართლში ფინანსური პოლიციის უფროსი და ასევე შიდა ქართლის გუბერნატორი. როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვებსაიტზე ვკითხულობთ, ზურაბ არსოშვილის სახელი 2006-2007 წლებში ფინანსური პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩადენილ არაერთ კანოდარღვევასთან იქნა დაკავშირებული.

ზურაბ არსოშვილი ”თელასის” ყოფილ თანამშრომელთა ბრალდებების თაობაზე კომენტარს არ გააკეთებსო, უთხრა რადიო თავისუფლებას ”თელასის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ვალერი ფანცულაიამ. რაც შეეხება ”თელასის” გენერალურ დირექტორს აშოტ მანუკიანს, ”თელასის” მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ის კუთვნილ შვებულებაში იმყოფება და როცა მოვალეობის შესრულებას დაუბრუნდება, მის სახელზე შეტანილ განცხადებას გაეცნობა და ადრესატებს შესაბამის პასუხს გასცემს. ვალერი ფანცულაიას თქმით, ის შვებულებიდან მომავალ კვირას უნდა დაბრუნდეს.
გვაქვს გენერალური დირექტორის თანხმობა, რომ განიხილავენ თითოეული გათავისუფლებული თანამშრომლის საკითხს და ვფიქრობთ, რომ კანონიერი გზებით ვიმუშაოთ და ვიმოქმედოთ...
მალხაზ ღონიაშვილი

მალხაზ ღონიაშვილი, ”თელასის” პროფკომიტეტის თავმჯდომარე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ პროფკავშირი მუშაობს გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენის თაობაზე და ისინი აქტიურ მოლაპარაკებებს მართავენ ”თელასის” ხელმძღვანელობასთან:

”გვაქვს გენერალური დირექტორის თანხმობა, რომ განიხილავენ თითოეული გათავისუფლებული თანამშრომლის საკითხს და ვფიქრობთ, რომ კანონიერი გზებით ვიმუშაოთ და ვიმოქმედოთ.”

მალხაზ ღონიაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე სამსახურში დაბრუნებულია ორი თანამშრომელი.

”თელასის” გათავისუფლებული თანმშრომლების განცხადებითვე, ისინი გეგმავენ ენერგეტიკის მომავალ მინისტრთან, კახი კალაძესთან შეხვედრას. გარდა ამისა, მზადდება სარჩელი, რომელსაც პროკურატურაში შეიტანენ და დაიწყებენ სამართლებრივ ბრძოლას "თელასის" წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG