Accessibility links

პროპაგანდა კლავს, ნემცოვის სია პროპაგანდისტებისთვის


ჟურნალისტების უსაფრთხოების კონფერენცია ვენაში

ჟურნალისტების უსაფრთხოების კონფერენცია ვენაში

რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის უსაფრთხოების სამსახურმა ჟურნალისტ ანა ანდრიევსკაიაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა სეპარატიზმის გაღვივების მუხლით. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტმა ყირიმი უკრაინის ნაწილად მოიხსენია. მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შედეგადაც კომპიუტერი წაიღეს, ანდრიევსკაია კი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. იგი ახლა კიევში მოღვაწეობს და ისევ ყირიმში არსებულ პრობლემებზე წერს. ყირიმში დარჩენის შემთხვევაში მას 5-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ჟურნალისტები, პარტიზანებივით, იატაკქვეშ გადავიდნენ და სტატიებს ფსევდონიმებით აქვეყნებენ, მათზე კი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ ძებნაა გამოცხადებული.

ანა ანდრიევსკაია, სხვა უკრაინელ კოლეგებთან ერთად, ვენაში ეუთოს მიერ მოწყობილ ჟურნალისტების უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩავიდა და საკუთარ პრობლემებზე ისაუბრა. ავსტრიის დედაქალაქში ორი დღის განმავლობაში 57 ქვეყნის 400-მდე ჟურნალისტი მედიაში არსებულ პრობლემებს განიხილავდა. „ჟურნალისტების უსაფრთხოება, კონფლიქტის პირობებში მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის საკითხები“ - ასე ერქვა ეუთოს კონფერენციას, რომელიც დუნია მიატოვიჩმა გახსნა, ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, და ყველას მოუწოდა საკითხის პოლიტიზებისგან თავი შეეკავებინათ. მიატოვიჩის თქმით, უპრეცედენტოდ მასშტაბური კონფერენციის მიზანი მედიისა და ჟურნალისტების გადარჩენაა - უკრაინის კონფლიქტის ფონზე, კლავენ, დევნიან და აპატიმრებენ ჟურნალისტებს, ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ადგილობრივი ხელისუფლებების წინაშე მკაცრად უნდა დასვას ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხი. მიატოვიჩის აზრით, ომისა და ძალადობის პროპაგანდით თავისუფლება და დემოკრატია ზარალდება, თავისუფალი ჟურნალისტიკის გარეშე კი დემოკრატიის მიღწევა შეუძლებელია. უკრაინა ჟურნალისტების მუშაობისთვის, ამ პროფესიის წარმომადგენლების მსხვერპლის თვალსაზრისით, ისევ ყველაზე საშიშ ადგილად რჩება, ამიტომ კონფერენციის დიდი ნაწილი სწორედ იქ მიმდინარე პროცესებს დაეთმო.

დუნია მიატოვიჩის მოწოდების მიუხედავად, კონფერენცია საკითხის პოლიტიზებას ვერ ასცდა. ეს კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ეუთოში რუსეთის წარმომადგენელმა კონსტანტინ დოლგოვმა უკრაინის მთავრობა რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში, დევნასა და რუსული სატელევიზიო არხების მაუწყებლობის აკრძალვაში დაადანაშაულა, რასაც უკრაინელი მონაწილეების პროტესტი მოჰყვა. დოლგოვი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამტკიცებს, რომ ეს კონფერენცია რუსეთის წინააღმდეგ პროპაგანდად იქცა.

„რუსული პროპაგანდა იმეორებს განვლილ გზას, რომ ევროპა და ამერიკა ყველაფერს აკონტროლებენ და იქ ფაშისტები არიან და პუტინი მათ წინააღმდეგ იბრძვის“ - ეს სიტყვები ეკუთვნის ცნობილ ამერიკელ ისტორიკოსს ტიმოთი სნაიდერს, რომელიც კონფერენციის მონაწილეებს პროპაგანდის მიერ ისტორიით მანიპულირებაზე ესაუბრა. მისი აზრით, პროპაგანდის არსის გასაგებად უკრაინის კრიზისიდან არ უნდა გამოვიდეთ. პროპაგანდის ფესვები შიდა რუსულ პოლიტიკურ გარემოშია მოსაძებნი, რომელიც დასავლეთის მიმართ სიძულვილის ენას ამდიდრებს. ევგენი ფედჩენკომ უკრაინაში შექმნა საიტი სტოპფეიკ.ორგ, (stopfake.org), რომელიც რუსული პროპაგანდის მიერ ფალსიფიკაციის შემთხვევებს ააშკარავებს. ამ საიტზე 500-ზე მეტი ფალსიფიკაციის შემთხვევა ინახება. ფედჩენკოს აზრით, საერთაშორისო საზოგადოებამ პროპაგანდისტებს ომის წამქეზებლები უნდა უწოდოს და მათ ჟურნალისტებად აღარ უნდა მოიხსენიებდეს. მისი თქმით, უნდა შეიქმნას ნემცოვის სია, სადაც პროპაგანდისტი ჟურნალისტებისა და რედაქტორების სახელები და გვარები შევა. ფედჩენკო მიიჩნევს, რომ პროპაგანდა, პირდაპირი მნიშვნელობით, კლავს და ამ პრობლემას მაღალპროფესიული და კეთილსინდისიერი ჟურნალისტიკა უნდა დაუპირისპირდეს.

რუსეთი, ბელორუსი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი - ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც ჟურნალისტებზე ზეწოლა და დევნა ხორციელდება, დაღუპული ჟურნალისტების საქმეები კი ბოლომდე გამოძიებული არ არის, ამიტომ ამ ქვეყნების წარმომადგენლები ეუთოსგან მოითხოვენ გაძლიერდეს მათ მთავრობებზე ზეწოლა. „ნოვაია გაზეტას“ რედაქტორის მოადგილე ვიტალი იაროშევსკი ამ კონფერენციიდან, სოლიდარობის გარდა, რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას არ ელოდება. მისი აზრით, ვიდრე რუსეთში პუტინი იქნება, იქ პროპაგანდის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება.

კონფერენციის დასკვნით სხდომაზე ეუთოს წევრი სახელმწიფოების მიმართ გაკეთდა მიმართვა ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მედიის წარმომადგენლების დევნის, წამების, დაპატიმრებისა და პროპაგანდის შესაჩერებლად, ჩადენილი მკვლელობების გამოსაძიებლად და მედიის თავისუფლების ხარისხის ასამაღლებლად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG