Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტები დაგმეს


შეხვედრა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისში
შეხვედრა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისში
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ბოლო დროს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტები დაგმეს. იურისტების ინფორმაციით, წელს ჟურნალისტებზე თავდასხმის და ხელის შეშლის ათამდე შემთხვევა დაფიქსირდა და არც ერთი ფაქტი ბოლომდე გამოძიებული არ არის. ამ შემთხვევების დიდი ნაწილი ბოლო ორ კვირაზე მოდის. ყველაზე მეტად საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-ის გადამღები ჯგუფები დაზარალდნენ. კიდევ ერთხელ გაიხსენეს ინტერნეტგამოცემა qartli.ge-ს რედაქტორის საბა წიწიკაშვილის დევნილთა ჩასახლებაში ცემის ფაქტი, როცა საჯარო მოხელემ ლევან მაისურაძემ მას ჯერ სახელით მიმართა და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჟურნალისტების მიმართ აგრესიულობით ოპოზიციის ლიდერებიც გამოირჩეოდნენ, რომლებიც itv-ისა და ადგილობრივი ტელეკომპანია „დიას“ ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. შეხვედრაზე მყოფმა ჟურნალისტებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები უარყოფითად შეაფასეს. გაზეთ „ხალხის გაზეთის“ რედაქტორის რეზო ოქრუაშვილის აზრით, მედიის წარმომადგენლებს კონფლიქტური სიტუაციების გაშუქებისას მეტი პროფესიონალიზმი მართებთ:

„როცა ვსაუბრობ, დავუშვათ, „რუსთავი 2“-ზე და ვიღაცაზე, მე იმავეს ვიტყვი მეორე მხარეზეც: არც იქ უნდა იყოს ცალმხრივად და მხოლოდ ნეგატივზე გადაცემების და ინფორმაციის მიწოდება. მხოლოდ ნეგატივი, მხოლოდ აგრესია, მხოლოდ ცალი მხარე – ეს არ არის სწორი. მე ღმერთმა დამიფაროს, რომ ერთი წამით მაინც გავამართლო აგრესია რომელიმე მხრიდან. ჟურნალისტებსაც ცოტა მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ.“

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთი ბებიაშვილის შეფასებით, რეგიონში ჟურნალისტებზე ძალადობის სტატისტიკა საგანგაშოა. მისი დაკვირვებით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს სტატისტიკა უარყოფითისკენ იცვლება:

„რაც უფრო ვუახლოვდებით არჩევნებს, მით მეტად იზრდება ძალადობის სიხშირე. ეს სტატისტიკა, უბრალოდ, უნდა ვნახოთ – რატომაა ასე? რა არის აქ პრობლემა? რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ იმაზე, ჟურნალისტების მხრიდან რა არის დასაცველი; ზოგადად, საზოგადოების ინფორმირებულობის თვალსაზრისით, რა არის გასაკეთებელი?.. თვითონ საზოგადოებაც არის გააგრესიულებული.“

დისკუსია გაიმართა ჟურნალისტური სტანდარტის და ეთიკის ნორმების შესახებ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გულისტკივილით აღნიშნეს, რომ დღეს ზოგიერთი მედიასაშუალების წარმომადგენელი უკვე პოლიტიკურ მხარეს წარმოადგენს. მედიასაშუალებების დიდი ნაწილი კი სახელისუფლებო და ოპოზიციურ მედიად დაიყო.

შეხვედრის ბოლოს გადაწყდა, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები შეხვედრას შესთავაზებენ ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ამავე შეხვედრაზე სამართალდამცავებსაც მიიწვევენ და ჟურნალისტების უფლებების დარღვევების შესახებ გამართავენ დისკუსიას. ყველა აღიარებს, რომ არსებობს პრობლემა და ამ პრობლემას მარტო ერთი მხარე ვერ გადაწყვეტს. აღსანიშნავია, რომ რეგიონს ახალი გუბერნატორი და პოლიციის უფროსი ჰყავს. ამიტომ სამოქალაქო და მედიასექტორი მათთან პრობლემებზე სასაუბროდ შეხვედრას ითხოვს.
XS
SM
MD
LG