Accessibility links

logo-print

თანამდებობის პირებს ნაფიცი მსაჯულები განსჯიან


ნაფიც მსაჯულთა სასამართლო (არქივიდან).

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო (არქივიდან).

ფართოვდება იმ დანაშაულთა ნუსხა, რომელთა განხილვაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პრეროგატივა იქნება. საუბარია მთავარი პროკურორის ინიციატივის საფუძველზე შემუშავებულ კანონპროექტზე, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ უკვე მიაწოდა პარლამენტს. კანონპროექტის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა განსჯადი უნდა გახდეს საქმეები, რომლებიც მაღალი თანამდებობის პირებს უკავშირდება. რამდენად გაამართლებს ეს ნაბიჯი პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებული ბრალდებების კონტექსტში?

ინიციატივა, რომელიც დაკანონების გზას დაადგა, მთავარმა პროკურორმა რამდენჯერმე გაიმეორა გასული წლის მიწურულს და, მათ შორის, 25 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზეც. არჩილ კბილაშვილის გათვლით, თუკი მართლმსაჯულების განხორციელების პროცესი ნაფიც მსაჯულებს, ანუ უშუალოდ საზოგადოებას, მიენდობა, ეს გააქარწყლებდა ოპონენტთა ეჭვებს, რომ ბოლოდროინდელი დაკავებები სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური დევნა:

"ხალხმა, რასაც ჰქვია, 12-კაციანმა ჟიურიმ, რომელიც შეირჩევა ისეთი წესით, რაც მათ მიუკერძოებლობაში ეჭვს არ ბადებს, განიხილოს და გადაწყვიტოს... ანუ ჩვენ, სამართალდამცავი ორგანო, გამოვდივართ მაქსიმალური გახსნილობით, მაქსიმალური ტრანსპარანტულობით და ვამბობთ, რომ სასამართლო იყოს ღია, მოისმინონ ნაფიცმა მსაჯულებმა."

9 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სწორედ ნაფიც მსაჯულთა განსჯადობის გაფართოებას ისახავს მიზნად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც, მთავარი პროკურორის ინიციატივაზე დაყრდნობით, უკვე შეიმუშავა იუსტიციის სამინისტრომ და და რომელიც უკვე გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტს. თუკი აქამდე ნაფიც მსაჯულთა განსჯად დანაშაულთა ნუსხა სისხლის სამართლის კოდექსის ხუთიოდე მუხლით შემოიფარგლებოდა და, მაგალითად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას მოიცავდა, ახალი კანონპროექტის მიხედვით, ნაფიცი მსაჯულები იმ საქმეებსაც განიხილავენ, რომელთა მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.

იუსტიციის სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადება გვატყობინებს, რომ "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც სისხლის სამართლის საქმეები ეხება "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მითითებულ თანამდებობის პირებს, რომლებსაც ეკავათ ან უკავიათ შესაბამისი თანამდებობა;
იმ პირებს, რომლებიც ბრალდებულნი არიან ზემოაღნიშნულ პირებთან ერთობლივად დანაშაულის ჩადენაში."

თუკი ხსენებული კანონის ხსენებულ მეორე მუხლს გადავხედავთ, ასეთი თანამდებობის პირები არიან, მაგალითად: საქართველოს პრეზიდენტი,
საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს მინისტრი და მისი მოადგილე, საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი და მისი მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე და ა.შ.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ეფექტიანობაზე მაინცდამაინც სახარბიელო წარმოდგენა არა აქვს „საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ დირექტორს კახი კახიშვილს, თუმცა, როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, იმ ვითარებაში, როცა ყოფილი ხელისუფლება არ ენდობა პროკურატურას, ხოლო ამჟამინდელ ხელისუფლებას ეჭვი შეაქვს სასამართლოს სამართლიანობაში, ერთადერთი გამოსავალია, რომ მართლმსაჯულების განხორციელება უშუალოდ ხალხის ხელში გადავიდეს, თუმცა ეს დროებითი მოვლენა უნდა იყოს:

”ამ ეტაპზე, როდესაც ნდობა სასამართლოს მიმართ არის ნულის დონეზე და რეალურად სასამართლო „ნაცმოძრაობის“ ხელშია ისევ, ამავდროულად არსებობს გარკვეული ეჭვი ოპონენტების მხრიდან, რომ პროკურატურა მიკერძოებულია და საერთაშორისო ორგანიზაციებიც გამოთქვამენ მოსაზრებას, ხომ არ აქვს ადგილი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებებს, მე ვფიქრობ, რომ ცუდი არ იქნება, თუკი ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ კონკრეტულად ყოფილი თანამდებობის პირების საქმეებს, მაგრამ დროებით. ეს უნდა იყოს დროებითი სისტემა საქართველოში - მანამდე, ვიდრე ჩვენ ჩამოვაყალიბებთ დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ სასამართლოს”.

კახი კახიშვილისგან განსხვავებით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, როგორც დემოკრატიულ და სამართლიან მექანიზმს, აბსოლუტურად გამართლებულად და ეფექტიანად მიიჩნევს ოთარ კახიძე, საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი. თუმცა იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე შიშობს, რომ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის წინასწარ ფორმირების ფონზე ამ მექანიზმს შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეექმნას:

”სამწუხაროა, რომ იუსტიციის მინისტრიდან დაწყებული, გაგრძელებული სასჯელაღსრულების მინისტრით, ფინანსთა მინისტრით, საგარეო საქმეთა მინისტრითა და დაგვირგვინებული პრემიერ-მინისტრით - ყველა ეს ადამიანი მოიხსენიებს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს როგორც კრიმინალებს, დამნაშავეებს, დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელებს, დანაშაულებრივი რგოლების ხელმძღვანელებს და ასე შემდეგ. მონსტრებზე და ურჩხულებზე აღარ დავწვრილმანდები. ამგვარი ფორმით საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება არის ძალიან სერიოზული რისკი, როდესაც ჩვენ საქმეების გადაწყვეტას შემდგომ მივანდობთ ნაფიც მსაჯულებს”.

რისკების არსებობის მიუხედავად, ოთარ კახიძე ფიქრობს, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტისთვის უფლებების გაფართოება, არსებითად, ასეთ ვითარებაშიც კი გაამართლებს, რადგანაც ნაფიცი მსაჯულები, ანუ საზოგადოების რიგითი წევრები, საქმეებში თავად ჩაიხედავენ და თავად უკეთ გაარკვევენ, ვინ არის დამნაშავე და ვის დევნიან პოლიტიკური მოტივით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, იუსტიციის სამინისტროს წიაღში შემუშავებული კანონპროექტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის სახით უკვე წარედგინა საქართველოს პარლამენტს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დიდი ინტერესით ელოდება საკანონმდებლო ცვლილებების დეტალურ გაცნობას. როგორც ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, კანონპროექტის შემუშავების პროცესში მათი ორგანიზაცია ჩართული არ ყოფილა, მაგრამ, საკითხის დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საია აუცილებლად ჩაერთვება კანონპროექტის განხილვის პროცესში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG