Accessibility links

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და რამდენიმე ათეულ მოსამართლესთან ერთად ”მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნის თაობაზე” კანონპროექტი განიხილა. როგორც თეა წულუკიანი აცხადებს, კომისია მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებას შეუწყობს ხელს, თუმცა კომისიის შექმნას კრიტიკული თვალით უყურებს კოტე კუბლაშვილი და ამბობს, რომ კანონპროექტი სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად პრინციპს, სამართლებრივ უსაფრთხოებას, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. როგორ აფასებენ ხარვეზების შემსწავლელი კომისიის შექმნას მოსამართლეები?

”თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც საქართველოს და, შესაბამისად, ხალხის სახელით გამოგაქვთ გადაწყვეტილებები. სტრასბურგის სასამართლოში თქვენი გადაწყვეტილებების კითხვაში გავატარე 10 წელი. მგონია, რომ წინა ხელისუფლების პრობლემა არც პრეზიდენტი ყოფილა და არც რომელიმე მინისტრი. წინა ხელისუფლების პრობლემა იყო პროკურატურა და სასამართლო, რომელიც იყო რეალურად არასამართლიან კავშირში ერთმანეთთან”...

ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რამდენიმე ათეულ მოსამართლეს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულს, რომლებიც 16 მარტს თბილისში ერთი კანონპროექტის განსახილველად შეიკრიბნენ. კანონპროექტზე, რომელიც ”მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნას” გულისხმობს, მოსამართლეები, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

კანონპროექტის განხილვას თეა წულუკიანმა ისტორიული მოვლენა უწოდა და კანონსპროექტის მთავარ მისიად მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება დაასახელა. როგორც კანონპროექტშია მითითებული, ქვეყანაში სამართლებრივი კულტურისა და სამართლიანობის დამკვიდრების მიზნით იქმნება მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისია, რომელიც განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ან სხვა გადაწყვეტილებას 2004 წლის პირველი იანვრიდან 2012 წლის პირველ ნოემბრამდე პერიოდში. კომისია დაინტერესებულ პირთა საჩივრის საფუძველზე იკვლევს საჩივარში მითითებულ გარემოებებს და ადგენს მართლმსაჯულების ხარვეზების არსებობას ან არარსებობას.

მართალია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მიესალმება იმ ფაქტს, რომ იუსტიციის სამინისტრო კანონპროექტს მოსამართლეებთან ერთად განიხილავს, მაგრამ თავად კომისიის შექმნას კრიტიკული თვალით უყურებს და აცხადებს, რომ კანონპროექტი სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად პრინციპს, სამართლებრივ უსაფრთხოებას, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს:

”თუკი ჩამოვყალიბდებით კომისიის საბოლოო მოდელზე, ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი კომისიის დასკვნა და შემდეგ სასამართლოში მისი განხილვა, თანაც მე ვგულისხმობ ამჟამინდელ მოქმედ სასამართლოს და არა რაღაც ახალი პალატის შექმნას, როგორც ამას კანონპროექტი გულისხმობს და რაც ჩემთვის დაუშვებელია, ეს დასკვნა არ უნდა აისახოს მოსამართლეთა წინააღმდეგ მისაღებ სადისციპლინო გადაწყვეტილებებზე. ანუ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ ის, რომ მოსამართლემ რომ რაღაც გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენ რომ კომისიაში შემავალმა ღრმად განათლებულმა ადამიანებმა ვიმსჯელეთ და ჩავთვალეთ, რომ იქ რაღაც არ იყო სწორი, ამ შემთხვევაში არ უნდა დადგეს მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური წესით საქმის განხილვის საკითხი”, - ამბობს კოტე კუბლაშვილი.

“მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის მიზანი მოსამართლეების ციხეში ჩასმა არ არის”, - განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, გამოეხმაურა რა ამით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის განცხადებას მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების საშიშროების თაობაზე. როგორც იუსტიციის მინისტრმა განმარტა, მოსამართლის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამორიცხულია, სხვა ტიპის დისციპლინური პასუხისმგებლობა კი თავად სასამართლო ხელისუფლებაზე იქნება დამოკიდებული.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ევროპულ გამოცდილებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ევროპაში მსგავსი ტიპის კომისიები იშვიათად იქმნება. კოტე კუბლაშვილს ნორვეგიის მაგალითი მოჰყავს. მისი მტკიცებით, იქ კომისია მხოლოდ და მხოლოდ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებებზე მუშაობს და არ გულისხმობს საქმეების ყველა მიმართულებით გადასინჯვას, როგორც ეს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტშია მითითებული.

კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ კომისია იქმნება სამი წლის ვადით. ის შედგება 15 წევრისგან, რომლებსაც საპარლამენტო ფრაქციების წარდგინებით საქართველოს პარლამენტი ირჩევს. კომისიის წევრი შეიძლება იყოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან და ის აუცილებლად უნდა იყოს სამართლის აღიარებული სპეციალისტი. ის არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი.

გეტყვით, რომ, საჩივრების შესწავლისა და განხილვის პარალელურად, კომისია შეიმუშავებს და საქართველოს პარლამენტს, ასევე მართლმსაჯულების სისტემაში შემავალ სახელმწიფო ორგანოებს წარუდგენს მოსაზრებებს დაშვებული ხარვეზების გამომწვევი სისტემური მიზეზების თაობაზე, ასევე რეკომენდაციებს მათი აღმოფხვრისა და თავიდან აცილების შესახებ.

სხვადასხვაგვარად აფასებენ ”მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნას” მოსამართლეები. დალი მეტრეველი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, რადიო თავისუფლებასთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

”სასამართლო გადაწყვეტილება უნდა გადასინჯოს მხოლოდ სასამართლომ”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან დუგლაძე მიზანშეწონილად მიიჩნევს კომისიის შექმნას და აცხადებს, რომ მართლმსაჯულების განხორციელების დროს დაშვებული ხარვეზების არსებობა უკვე აღიარებული საკითხია და თუკი მათ გამოსასწორებლად სამართლებრივი მექანიზმები შეიქმნება, ამაში ცუდი არაფერია:

”არც ერთი მოსამართლე არ არის იმის მოსურნე, რომ ხარვეზიანი გადაწყვეტილება იყოს ძალაში და ვინმეს ჰქონდეს განცდა, რომ მის მიმართ ხარვეზით განხორციელდა მართლმსაჯულება, მაგრამ ეს ხარვეზების გამოსწორების მექანიზმი თვითონ არ უნდა იყოს ხარვეზიანი, ჩვენ მხოლოდ ამაზე ვმსჯელობთ, რომ ეს ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოებში სწორად მოექცეს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაკომპლექტდება კომისია, ვინ იქნება კომისიის წევრი, როგორი იქნება საქმეების გადასინჯვის მექანიზმი და ა.შ.”, - აცხადებს ქეთევან დუგლაძე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანია კი მიიჩნევს, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხი, რომელიც უზენაეს სასამართლოში დამატებითი პალატის შექმნას და ხარვეზების დამდგენი კომისიის მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე საქმეების თავიდან გადასინჯვას გულისხმობს, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. მისი თქმით, ამგვარი ჩანაწერი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 83-ე მუხლს, რომელიც კრძალავს სპეციალური სასამართლოების შექმნას.
XS
SM
MD
LG