Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალელი ჟურნალისტი დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ


ირინა ქელეხსაევა
ირინა ქელეხსაევა

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი სამსახურის, „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტი ცხინვალში ირინა ქელეხსაევა დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს და პატივისა და ღირსების შელახვისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. ცხინვალში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჟურნალისტი საკუთარი უფლებების დასაცავად ხელისუფლების წარმომადგენლებს უჩივის. აგვისტოს დასაწყისში ქელეხსაევამ ცხინვალში მოამზადა რეპორტაჟი, სახელწოდებით „განგაშის დროა“, სადაც საუბარი იყო ერთ-ერთი ახალგაზრდის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ, რაც, სავარაუდოდ, ბიონარკოტიკის გადაჭარბებული დოზით მოხმარებამ გამოიწვია. ამავე სტატიაში, რომელიც რადიოს ვებგვერდზეც გამოქვეყნდა, დე ფაქტო რესპუბლიკაში ნარკოტიკების უკანონო გავრცელების შესახებაც იყო საუბარი. ორი კვირის შემდეგ დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა ინფორმაციის კომიტეტის საინფორმაციო სააგენტო „რეს-ის“ ვებგვერდზე საპასუხო სტატია გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალისტი და რადიო შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით მოიხსენია და დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

„არ ესმით ისეთი ცნებები, როგორიცაა მორალი და ეთიკა. ვის შეეძლო აეტეხა განგაში ნარკოტიკების გავრცელების შესახებ თუ არა მორალურად მახინჯ ადამიანს?“ - ეს არის მცირე ამონარიდი დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან და მასალაში ასეთი ფრაზები უხვადაა. ჟურნალისტი ირინა ქელეხსაევა აცხადებს, რომ ამ შეურაცხყოფაზე პასუხის გაცემა სასამართლოში მოუწევთ. იგი ჩვენს რადიოსთან საუბარში ამბობს, რომ ადრეც ყოფილა ანალოგიური შეურაცხყოფა, მაგრამ მსგავსი პასკვილები უავტოროდ, ანონიმურად იბეჭდებოდა, ახლა კი გამოჩნდა ადრესატი, ვისთან დავაც სასამართლოში უკვე შესაძლებელია.

ცხინვალელი პოლიტიკოსი როლანდ ქელეხსაევი აცხადებს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჟურნალისტი პატივისა და ღირსების დაცვას სასამართლოში ცდილობს. მისი თქმით, ადგილობრივი ბიუროკრატია ფიქრობს, რომ მას არა მხოლოდ ბიუჯეტის ქურდობა, არამედ თანამოქალაქეების შეურაცხყოფაც შერჩება. ქელეხსაევის აზრით, მოსარჩელემ საქმე რომც წააგოს, მაინც მოგებული დარჩება, რადგან მოპასუხეებს საჯაროდ მოუწევთ შეურაცხყოფაზე ახსნა-განმარტების მიცემა და თავის მართლება. ეს საჯარო ახსნა-განმარტება კი, მისი თქმით, თავისთავად უკვე დასჯაა.

ირინა ქელეხსაევას სარჩელის თანხა შინაგან საქმეთა მინისტრის 10 თვის ხელფასით არის განსაზღვრული. სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ჟურნალისტი აპირებს ეს თანხა მილიციის თანამშრომელთა მრავალშვილიან ოჯახებს გადასცეს. ქელეხსაევა აცხადებს, რომ სარჩელის თანხა შემთხვევით არ არის დასახელებული. ამ გზით იგი სასამართლოში შეეცდება გაარკვიოს მინისტრის ხელფასის ოდენობა, რაც მკაცრად გასაიდუმლოებულია.

XS
SM
MD
LG