Accessibility links

logo-print

26 მარტს ამოიწურა სასამართლოში მტკიცებულებათა გადაგზავნის ვადა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც მთავრი პროკურატურა პირობითად „თავდაცვის სამინისტროს კაბელების საქმეს“ უწოდებს. 2014 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ერთი ყოფილი და ოთხი მოქმედი თანამშრომელი დაკავა 4 მილიონ 100 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით, რაც, პროკურატურის განცხადებით, საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვას უკავშირდება. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკური დევნის ნაწილია, რასაც კატეგორიულად უარყოფს მთავარი პროკურატურა, რომელმაც ასევე უარყო მედიით გავრცელებული ცნობა დაცვის მხარის მიერ მიწვეული ექსპერტის გატაცების თაობაზე.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ოფიცრები ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს დააკავა. ყოფილი მინისტრი დარწმუნებულია, რომ მის თანამშრომლებს კანონი არ დაურღვევიათ. ირაკლი ალასანია თვეებია დაჟინებით მოითხოვს თავის დაკითხვას, რასაც მთავარი პროკურატურა ჯერჯერობით დუმილით უპასუხებს:

„პროკურატურას არ აქვს არანაირი მტკიცებულებები. ვერ ადგენენ ბრალს და, აქედან გამომდინარე, ახლა გადასული არიან დაცვის მხარის ძლიერი მხარე და არგუმენტები დაანგრიონ. სწორედ ეს იყო მიზეზი ზეწოლისა ერთ-ერთ ექსპერტზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე დადგინდება“.

იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. გამოიყურებოდა ძალიან ცუდად... გვითხრა, რომ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს, რომ ის ჰყავდათ ქალაქის პროკურატურაში და აიძულეს ხელი არ მოეწერა ექსპერტიზის დასკვინასათვის...

ირაკლი ალასანიას თქმით, პროკურატურამ ზეწოლა განახორციელა დაცვის მხარის მიერ მიწვეულ ფინანსურ ექსპერტ ავთანდილ გუნთიაშვილზე, რომელმაც თავი შეიკავა ხელი მოეწერა ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ მიერ მომზადებულ დასკვნაზე. დაკავებული სამხედროების ადვოკატის იოსებ ბარათაშვილის თქმით, გუნთიაშვილმა მას განუცხადა, რომ თავი შეიკავა საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყების გამო.

„ჩვენ დავუსვით შეკითხვა: თუ 9 მარტს დაიწყო მუშაობა, მაშინ რატომ არ გვითხრა 9 მარტსვე, მით უმეტეს, რომ 12 მარტს დაბარებული იყო პროკურატურაში საიდუმლო მასალების გასაცნობად. ეს არის ერთი მხარე და მეორე ის, რომ ხელშეკრულება იყო გაფორმებული ამ ექსპერტთან დეკემბერში და პირობების შეუსრულებლობის შესახებ რატომ არ შეგვატყობინა ჩვენ? მან ამის თაობაზე არაფერი არ თქვა. იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. გამოიყურებოდა ძალიან ცუდად... გვითხრა, რომ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს, რომ ის ჰყავდათ ქალაქის პროკურატურაში და აიძულეს ხელი არ მოეწერა ექსპერტიზის დასკვინასათვის“, უთხრა იოსებ ბარათაშვილმა რადიო თავისუფლებას.

თუმცა თავად ექსპერტი ავთანდილ გუნთაიშვილი, სოსო ბარათაშვილის ამ განცხადების პასუხად, ამბობს, რომ არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ექსპერტზე ზეწოლა უარყო მთავარმა პროკურატურამაც, რომლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

ექსპერტი არ არის მოწმე, რომლის შეცვლა შეუძლებელია. ექსპერტი თუ რაიმეს გამო უარს ამბობს ხელმოწერაზე, მას შეცვლის სხვა ექსპერტი... თუმცა ესეც გამოსარკვევია, რატომ ამბობს უარს...

„საქმეში ჩართული ექსპერტების თითქოსდა გატაცებისა და მათზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ გაჟღერებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და მიზნად ისახავს ამავე საქმეზე მოახლოებული სასამართლო პროცესის წინ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროკურატურის დისკრედიტაციას. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე ბრალდებულების ნუგზარ კაიშაურის, გიზო ღლონტის, გიორგი ლობჟანიძის, არჩილ ალავიძისა და დავით წიფურიას მიმართ წინასასამართლო სხდომა ჩანიშნულია 2015 წლის 1 აპრილს, საქმე კი უნდა წარიმართოს სასამართლოში 2015 წლის 26 მარტს. დღემდე დაცვის მხარეს გამოძიებისთვის არ წარმოუდგენია ბრალდების გამაბათილებელი არც ერთი მტკიცებულება. ამდენად, მიგვაჩნია, რომ საქმის სასამართლოში წარმართვამდე ერთი დღით ადრე მსგავსი ცრუ განცხადებების გავრცელება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“.

პროკურატურის ამგვარი პოზიციის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ უნდა დაიწყოს გამოძიება ირაკლი ალასანიას განცხადების საფუძველზე. ექსპერტის შესაძლო გატაცებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა:

„ექსპერტი არ არის მოწმე, რომლის შეცვლა შეუძლებელია. ექსპერტი თუ რაიმეს გამო უარს ამბობს ხელმოწერაზე, მას შეცვლის სხვა ექსპერტი... თუმცა ესეც გამოსარკვევია, რატომ ამბობს უარს... მაგრამ ადამიანის გატაცება და მისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, თუკი ვინმემ ჩაიდინა, სერიოზული დანაშაულია. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურა და პოლიცია ამ მიმართულებით სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს“.

ეგრეთ წოდებულ „კაბელების საქმეზე“ სასამართლო სხდომა დანიშნულია 2015 წლის 1 აპრილს, საქმის სასამართლოში წარდგენის ვადა კი 26 მარტს ამოიწურა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ სასამართლო მის ყოფილ თანამშრომლებს გაამართლებს და საზოგადოება დარწმუნდება იმაში, რასაც თვითონ დაჟინებით ამტკიცებს ოპოზიციაში გადასვლის დღიდან.

„დე ფაქტო პრემიერი ივანიშვილი ფაქტობრივად მართავს სამართალდამცავ და სადაზვერვო სტრუქტურებს იმისთვის, რომ მან განახორციელოს პოლიტიკური დევნა თავის ოპონენტებზე“, განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

XS
SM
MD
LG