Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კაბელების საქმის" მოულოდნელი გაგრძელება


"კაბელების საქმეზე" დაკავებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ, წინასწარი პატიმრობის ნაცვლად, გირაოს შეფარდებას ითხოვს მთავარი პროკურატურა. ამ შუამდგომლობით მან თბილისის საქალაქო სასამართლოს 18 ივნისს მიმართა. პროკურატურა გავრცელებულ განცხადებაში წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლის აუცილებლობას იმით ხსნის, რომ 28 ივლისს იწურება წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა და ამ დრომდე სასამართლო შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას ვერ მოასწრებს, თუ გავითვალისწინებთ, რომ წინასასამართლო სხდომებმა სამ თვეს გასტანა.

მთავარი პროკურატურა თავის შუამდგომლობას სასამართლოს წინაშე ორი მიზეზით ხსნის: ერთი, რომ 28 ივლისამდე, ანუ ცხრათვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვამდე, თბილისის საქალაქო სასამართლო შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას ვერ მოასწრებს და, მეორე, როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, „წინასასამართლო განხილვისას გადალახულია მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვის ეტაპი, პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი ყველა მტკიცებულება ცნობილია დასაშვებად, ანუ კანონის დაცვით მოპოვებულ მტკიცებულებებად. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, შემცირებულია ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე გავლენის მოხდენის და მტკიცებულებების განადგურების რისკები. ბრალდებულების მიმართ გამოყენებულმა პატიმრობამ გამოიღო პრევენციული შედეგი, რამაც გამოიწვია მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და ბრალდებულებსა და მოწმეებს შორის არაკანონიერი გარიგებების განხორციელების საფრთხეების შემცირება“.

პროკურატურის ეს გადაწყვეტილება რომ არა, 19 ივნისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულთა ადვოკატები თავადაც აპირებდნენ წინასწარი პატიმრობის გაუქმების მოთხოვნას. წინასწარ პატიმრობაში მყოფი 5 პირის ერთ-ერთი ადვოკატის, ლევან სამუშიას, განმარტებით, პროკურატურას „ალბათ სურს, რომ გარკვეულწილად გაანეიტრალოს, ცოტათი მაინც, ის მძიმე შეცდომები, რაც მთელი რვა თვის განმავლობაში დაუშვეს“:

„ბრალდების ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ მათ მტკიცებულებები არ გააჩნიათ და დაცვის მხარე ხვალინდელ სასამართლო პროცესზე მოითხოვს ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩნენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები და არც ერთი სახით აღკვეთის ღონისძიება არ დარჩეს ძალაში. საბოლო ჯამში, დარწმუნებული ვარ, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობა დადასტურდება“.

რაც შეეხება პროკურატურის მტკიცებულებებს, მათი ნაწილი - კერძოდ, სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის გამოკვლევასთან დაკავშირებული და დასკვნითი ნაწილი - სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად ცნო მას შემდეგ, რაც მტკიცებულებათა დაუშვებლობის თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

„პროკურატურა სახის შენარჩუნებას ცდილობს“ - ასე გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ალასანია, ბრალდების მხარის გადაწყეტილებას:

„პროკურატურის ეს ნაბიჯი ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ სურვილი შეინარჩუნონ სახე იმ გარდაუვალი გადაწყვეტილების წინა დღით, როცა მოსალოდნელია, რომ ხვალ მიიღოს სასამართლომ ამ 5 უდანაშაულო ადამიანის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. ივანიშვილის პოლიტიკური ტყვეობიდან ხუთი უდანაშაულო ადამიანის გამოხსნა იქნება ასევე დიდი ნაბიჯი სამომავლოდ ყველა უსამართლოდ და უდანაშაულოდ დაჩაგრული ადამიანის გათავისუფლების საქმეში“.

ბიძინა ივანიშვილმა თავდაცვის ყოფილ მინისტრს მედიის მიერ დასმული შეკითხვის საფუძველზე უპასუხა და განაცხადა, რომ ირაკლი ალასანია საკითხის პოლიტიზებით ცდილობს მისდამი თავდაცვის მინისტრობის დროს გაჩენილი ეჭვების გადაფარვას და რაღაცის დამალვას:

„ისევ „ბლეფშია“ ალასანია, ისევ ცრუობს, ისევ ყალბია - ასე ვიტყოდი და სამწუხაროა, რომ ასე აგრძელებს და სხვანაირად ვერ ახერხებს. თავდაცვის მინისტრის მოვალეობა, რომელიც იყო გუნდის წევრი, მაქსიმალურად ხელი შეეწყო გამოძიებისთვის, ნაცვლად ამისა, მან ადრე თუ ეჭვს იწვევდა მისი ქმედებები, დღეს უკვე დასაბუთდა, რომ ბოლო განცხადება დღეს რაც გაუკეთებია, და მე არ მინახავს, ესეც ამ მხარეს მიდის, რომ პოლიტიკური სპეკულაციებით და ყალბი ქმედებებით აქვს სურვილი გადაფაროს რაღაც, რაც მას აშფოთებს“.

ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებით, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მიესალმება პროკურატურის გადაწყვეტილებას, წინასწარი პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს:

„მე მივესალმები. იცით, რომ ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის, ხელმოწერაა ამ ადამიანების თავდებით გათავისუფლების შუამდგომლობაზე. მე, საერთოდ, იურისტთა იმ ჯგუფს ვეკუთვნი, რომლებიც ვერ ხედავენ ღირებულებას ადამიანის პიტიმრობაში, თუკი არ არის ჩადენილი ძალადობრივი დანაშაული“.

თავისი აზრი გამოთქვა სახალხო დამცველმაც. უჩა ნანუაშვილის სიტყვებით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობდა, რაც არაერთხელ ითქვა და იმედია, პროცესი მალე დასრულდება ისე, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

"კაბელების საქმის" მორიგი სასამართლო სხდომა 19 ივლისს გაიმართება.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG