Accessibility links

logo-print

„კაბელების საქმის“ გასაჩივრებულ ნაწილს საიდუმლო გრიფი მოეხსნა


სააპელაციო სასამართლო

სააპელაციო სასამართლო

პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში შეტანილ საჩივარს საიდუმლო გრიფი მოხსნა. ამ გადაწყეტილების საფუძვლად პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საპასუხო წერილი დაასახელა. რატომ ედო აქამდე პროკურატურის სარჩელს საიდუმლო გრიფი და როგორ აფასებენ გრიფის მოხსნას კაბელების საქმეზე დაკავებული ხუთი მაღალჩინოსნის ადვოკატები, ნინო ხარაძისგან შეიტყობთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ე.წ კაბელების საქმის ნაწილი ისევ საიდუმლოა, – განაცხდა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა პრესკონფერენციაზე, სადაც იმის თაობაზე ისაუბრა, თუ რატომ მოხსნა პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს საიდუმლო გრიფი.

„ადვოკატებმა პირველივე სხდომაზე იშუამდგომლეს და მოითხოვეს სასამართლო პროცესების დახურვა, ამის შემდეგ უკვე ყველა მტკიცებულების განხილვა მოხდა სასამართლოს დახურულ სხდომაზე, საიდუმლო რეჟიმში. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ განჩინება, რომელიც გავასაჩივრეთ, გამოცხადდა ასევე დახურულ სხდომაზე, ვინაიდან იგი შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას. მას შემდეგ, რაც შევიტანეთ აღნიშნული საჩივარი, ჩვენ კვლავ მივმართეთ კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, რომელმაც გამიჯნა საჩივარში საიდუმლო და არასაიდუმლო ნაწილი და ამის შემდეგ ჩვენ შევასრულეთ პირობა და მივაწოდეთ ეს საჩივარი ადვოკატებს. ასე რომ, ეს პროცედურული საკითხები კარგად არის ცნობილი ადვოკატებისთვის, მაგრამ ისინი ფაქტების დამახინჯებით სპეკულირებენ გაუთავებლად ამ საკითხზე და საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში“.

პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს საქალაქო სასამართლოს განჩინებას. მოსამართლემ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და დაუშვებლად ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები, სასაქონლო, ტექნიკურ-საინჟინრო ექსპერტიზის შედეგები, როგორც კაბელების საქმეზე წინასწარ პატიმრობაში მყოფი თავდაცვის სამინისტროს ოთხი მოქმედი და ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის ერთ-ერთი ადვოკატი ლევან სამუშია „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში კიდევ ერთხელ განმარტავს:

„ეს ის ექსპერტიზაა, რომლის საფუძველზეც ჩვენს დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალი წარუდგინეს და რომლითაც,ვითომ, ე.წ ზარალი იქნა გამოთვლილი, სხვა მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება“.

ადვოკატ ლევან სამუშიას განცხადებით, პროკურატურამ თავიდანვე სრულიად უსაფუძვლოდ დაადო საიდუმლო გრიფი თავის „ნააზრევს“ და საჩივარს. მისი სიტყვებით, ამის მიზეზი ის იყო, რომ უსაფუძვლო ბრალდებები საზოგადოების ფართო წრისთვის არ გამხდარიყო ცნობილი და ბოროტად გამოიყენეს კანონიერი უფლება გრიფით საიდუმლოს მინიჭების შესახებ, ვინაიდან თავად სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საიდუმლო. სასამართლოს განჩინების მხოლოდ რამდენიმე ფრაზაა დაშტრიხული და ეს არ ნიშნავს, რომ სასამართლოს განჩინება სრულად საიდუმლოა, რისი საფუძვლითაც პროკურატურა 10 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში საჩივრისთვის საიდუმლო გრიფის მინიჭებას ხსნიდა. ამას გარდა, ლევან სამუშიას თქმით:

„ვვარაუდობ, რომ პროკურატურის გადაწყვეტილება კიდევ ის იყო, რომ შემდგომში სააპელაციო სასამართლოსაც გრიფით საიდუმლო განჩინება მიეღო, ვინაიდან საფუძველი შეუქმნეს, რომ საჩივარი გრიფით საიდუმლო იყო, მაგრამ, ჩვენი მოთხოვნის შემდეგ, საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, რომ, ამ შემთხვევაში, უსაფუძვლოდ ედო გრიფი საიდუმლო პროკურატირის საჩივარს, რაც ბუნებრივია მოხსნეს“.

ე.წ კაბელების საქმის მიმდინარეობასთან დაკაშირებით, 10 ივნისს, ისე როგორც მანამდე არაერთხელ, პირადად ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.

„ეს არის ორგანიზებული დანაშაული, რომელსაც თავში უდგას ივანიშვილი და ის და მისი გუნდი ყალიბდება, პრაქტიკულად, მაფიოზურ კლანად. მაშინ, ასევე წარმატებით შეუძლიათ გაასაიდუმლონ ეკონომიკური კრიზისი, რომ ჩვენ არ ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელიც ეკონომიკაშია“.

ბრალდებულთა ერთ-ერთი ადვოკატის, ლევან ვეფხვაძის განმარტებით, სავარაუდოდ, სააპელაციო სასამართლო საქალაქო სასამართლოს მსგავს გადაწყვეტილებას გამოიტანს. სხვა შემთხევაში:

„თუ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული მტკიცებულება, კერძოდ, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა და თავად ექსპერტის დაკითხვა დასაშვებად სცნო, პირდაპირ გეტყვით, იქნება უსამართლობის ზეიმი, ისედაც ამ საქმესთან ობიექტურობას კავშირი არ აქვს“.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოო იქნება, ის სხვა ინსტანციაში არ საჩივრდება,თუმცა საქალაქო სასამართლოში ე.წკაბელების საქმეზე პროცესი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, გაგრძელდება და როგორც ადვოკატი ლევან სამუშია ამბობს, პირველივე სხდომაზე დაკავებულთა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობა დადგება. წინასწარი პატიმრობის ვადა დაკავებულებს 28 ივლისს ეწურებათ. თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს, რომელსაც მთავარი პროკურატურა, პირობითად, „თავდაცვის სამინისტროს კაბელების საქმეს“ უწოდებს და რომლის მიხედვითაც 2014 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ერთი ყოფილი და ოთხი მოქმედი თანამშრომელი დააკავა, 4 მილიონ 100 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG