Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკანდალი "ქაბულის ბანკის" გარშემო


ავღანეთი: გამვლელები "ქაბულის ბანკის" ფილიალთან ქაბულში
ავღანეთი: გამვლელები "ქაბულის ბანკის" ფილიალთან ქაბულში
ავღანეთიდან ვრცელდება ინფორმაცია სკანდალზე, რომელიც „ქაბულის ბანკს“ უკავშირდება: დამოუკიდებელი გამოძიების საფუძველზე მომზადებული ანგარიშით, „ქაბულის ბანკიდან“ თაღლითური გარიგებების შედეგად უცხოეთში გადაირიცხა 900 მლნ დოლარზე მეტი.

უცხოელი დონორების დაფინანსებით ჩატარებულმა აუდიტმა გამოააშკარავა, როგორ ირიცხებოდა კრედიტების სახით გამოყოფილი ფული ანგარიშებზე ოცზე მეტ ქვეყანაში - „ქაბულის ბანკის“ მენეჯერებისთვის, მათი მეგობრებისა და ნათესავებისათვის. აუდიტი ჩაატარა ანტიკორუფციული მონიტორინგისა და შეფასების ერთობლივმა დამოუკიდებელმა კომიტეტმა სამი ავღანელი და სამი უცხოელი ექსპერტის მონაწილეობით.

კომიტეტის თავმჯდომარემ, დრაგო კოსმა, ოთხშაბათს ქაბულში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა აუდიტის შედეგებზე: „935 მლნ დოლარი დაიკარგა საკრედიტო სქემის შედეგად. ხოლო დამატებით 66,2 მლნ დოლარი დაიკარგა ფულის ე.წ. არასაკრედიტო გატანის სხვა ფორმების შედეგად. ავღანეთის მთავრობას მოუწია 825 მლნ დოლარის გადახდა ბანკის გადასარჩენად, როცა გარანტად უდგებოდა ანგარიშებს“.

დრაგო კოსის ამ განცხადების კონტექსტში უნდა ითქვას, რომ „ქაბულის ბანკი“ 2010 წელს აღმოჩნდა კრიზისულ ვითარებაში და თანხა, რომელიც მის დასახმარებლად გაიღო მთავრობამ, შეადგენდა ავღანეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ზე მეტს.

აუდიტის შედეგად მოპოვებული ინფორმაციით, თაღლითური კრედიტების უდიდესი ნაწილით სარგებლობდა სულ 19 კერძო პირი და კომპანია. იმ პირებს შორის, რომლებიც გარიგებით სარგებლობდნენ, სახელდება ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ძმა, მაჰმუდი, რომელიც ყველა ბრალდებას უარყოფს. სკანდალში ფიგურირებს ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტის ძმაც - მოჰამად ყასიმ ფაჰიმი.

ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ „ქაბულის ბანკი“ მილიონობით დოლარით აფინანსებდა პრეზიდენტობის, სულ ცოტა, ერთი კანდიდატის კამპანიას, ცენტრალური ბანკის საპირისპირო რჩევის მიუხედავად. გამოძიების შედეგად მოპოვებულ მასალებში არ ფიგურირებს პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი. თუმცა აცხადებენ, რომ „ქაბულის ბანკი“ მისი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი დონორი იყო 2009 წელს, როცა კარზაი მეორე ვადით აირჩიეს ავღანეთის პრეზიდენტად.

სკანდალთან დაკავშირებული გარემოებების დასადგენად ჩატარებული გამოძიების ხელმძღვანელი, დრაგო კოსი „ქაბულის ბანკის“ გარშემო პრობლემების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მიიჩნევს ხარვეზებს ავღანეთის საბანკო სისტემაში.

„ჩვენ გვინდა იმის მიღწევა, რომ ამ ქვეყანაში გაუმჯობესდეს ფინანსური და ყველა სხვა მნიშვნელოვანი სისტემა. და საბოლოოდ გვსურს, ბოლო მოვუღოთ ნეპოტიზმს, განუკითხაობას და პოლიტიკურ ჩარევას იმ მიზნით, რომ უზრუნველვყოთ ავღანეთის, როგორც ქმედუნარიანი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული დემოკრატიის მომავალი,“ - აცხადებს დრაგო კოსი.

ავღანეთის პრეზიდენტმა უკვე შექმნა საგანგებო ტრიბუნალი, რომელმაც უნდა გაასამართლოს 20-ზე მეტი ეჭვმიტანილი. საყურადღებოა, რომ მათ შორის არ არიან ავღანეთის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის ძმები, რომელთა სახელებიც, როგორც ზემოთ გითხარით, ნახსენებია აუიდიტის საფუძველზე მომზადებულ ანგარიშში.

და კიდევ ერთი საყურადღებო გარემოება: ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან ერეოდნენ გამოძიებაში, მისთვის ხელის შესაშლელად... ავღანეთის გენერალური პროკურატურა უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG